საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №12აგ-25 თბილისი
ო-ე გ., 12აგ-25 28 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნაფიც მსაჯულთა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 დეკემბრის განაჩენით გ. ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდებებისათვის. გ. ო-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო-ეს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 26 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2014 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ივნისის ჩათვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2025 წლის 14 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა – გ. ო-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – გ. ო-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას; შუამდგომლობის დასაშვებად ცნობასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ – განაჩენი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლადგამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი შუამდგომლობები ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის (ორი განჩინება), 2024 წლის 5 თებერვლისა და 2 მაისის განჩინებებით, რომლებიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის შესაბამისი – 2020 წლის 11 ივნისის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №47აგ-19); 2020 წლის 12 ივნისის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №46აგ-19); 2024 წლის 28 მარტისა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №10აგ-24) და 2024 წლის 22 ნოემბრის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №22აგ-24) განჩინებებით. ამ განჩინებებით გ. ო-ისა და მისი ადვოკატის მიერ მითითებულ არგუმენტებს ამომწურავი პასუხები გაეცა, ხოლო რაიმე ახალი გარემოება მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია და ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე სასამართლომ უკვე იმსჯელა საქმის არსებითი განხილვისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობების დასაშვებობის შემოწმებისას, საკასაციო პალატა იმავე საფუძვლებით, იმავე გარემოებებზე განმეორებით მსჯელობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
5. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატ მ. ღ-ას შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატ მ. ღ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატ მ. ღ-ას შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე