საქმე # 330100124008503825
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1088აპ-24 ქ. თბილისი
ვ. რ. 1088აპ-24 4 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ვ–ის (პირადი ნომერი –……….) მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 21 ნოემბერს, თ–....ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ვ–მა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.028 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი, წითელი ფერის საიზოლაციო ლენტის ნაჭრით გადაწებებულ, უფერო, გამჭირვალე, პოლიეთილენის, ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული ვერცხლისფერ-თეთრ ფოლგის ქაღალდში ერთ ცალად გახვეული, თეთრი ფხვნილესებური ნივთიერება, 400 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ – ლ. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
1.1. აღნიშნული ქმედებით რ. ვ–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენით რ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
2.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ვ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
2.5. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2.6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რ. ვ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.7. რ. ვ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 1 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენში, შევიდა ცვლილება:
4.1. რ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
4.1.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ. ვ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4.2. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რ. ვ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს – 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე –აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
4.3. რ. ვ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 1 დეკემბრიდან.
5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. თ–მ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კერძოდ, ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც სასამართლოს აძლევს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების უფლებამოსილებას.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების ნაწილში. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში, რ. ვ–ი გამოძიების ეტაპზე (ბრალდებულის გამოკითხვის 2023 წლის 2 დეკემბრის ოქმის თანახმად, – ,,გამოძიების ამ ეტაპზე ვიყენებ დუმილის უფლებას და ჩვენებას მოგცემთ მოგვიანებით“ (ტ.N1; ს.ფ.106-109)); 2024 წლის 23 იანვრის წინასასამართლო სხდომაზე (განმარტა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (ტ.N1; ს.ფ.151-156)); ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას (სასამართლო სხდომის 2024 წლის 5 თებერვლის ოქმის თანახმად, ბრალდებული – რ. ვ–ი – არ ცნობს თავს დამნაშავედ (ტ.N1; ს.ფ. 182-187; 11:54:18); ამავე სასამართლო სხდომაზე შესავალ სიტყვაში ადვოკატის განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს (12:01:07)), არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულებს. შესაბამისად, არსებითი განხილვის შემდეგ 2024 წლის 29 თებერვლის სასამართლო სხდომაზე რ. ვ–ის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა (14:10:51) ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის აღიარებად და გამოძიებასთან თანამშრომლობად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის №878აპ-22 განჩინება; 2023 წლის 30 ივნისი №444აპ-23 განაჩენი).
6. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და რ. ვ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიმალური ხანგრძლივობის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
8. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა), შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რ. ვ–ი მსჯავრდებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – მოხდისაგან.
9. რ. ვ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ვინაიდან ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. კერძოდ, რ. ვ–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
10.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
10.1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რ. ვ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – მოხდისაგან;
10.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
10.2.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
10.3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რ. ვ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვას – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. რ. ვ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რ. ვ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – მოხდისაგან;
3.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.2.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3.3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რ. ვ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვას – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.4. რ. ვ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 1 დეკემბრიდან;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე