Facebook Twitter

საქმე # 330100122006480728

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1091აპ-24 ქ. თბილისი

ზ. ი. 1091აპ-24 3 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ლევან ვეფხვაძისა და მსჯავრდებულ ი. ზ–ის (Y. Z.) ინტერესების დამცვლი ადვოკატის – გ. ფ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ზ–ის (Y. Z.); პირადი ნომერი – ..............) მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 6 ოქტომბრის, დაახლოებით 10:00 საათიდან 2022 წლის 7 ოქტომბრის 20:00 საათამდე პერიოდში, თ–ში, ..... ......ის გამზირი N.., ბინა N...-ში, ე–ს სახელმწიფოს მოქალაქემ – ი. ზ–მა (Y. Z.) – მისივე დროებით საცხოვრებელ ბინაში განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით მასთან მყოფი მ. ს–ის მკვლელობა. ი. ზ–მა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მ. ს–ს კისრის არეში, რის შედეგადაც მ. ს–ს დაუზიანდა მაგისტრალური სისხლძარღვები და ხერხემლის სვეტი, ასევე სახის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანება, შედეგად მ. ს–ს აღენიშნებოდა სახის ძვლების და ქალა-ფუძის ძვლების მოტეხილობები. მიყენებული დაზიანებების შედეგად მ. ს–ი ადგილზევე გარდაიცვალა.

1.1. აღნიშნული ქმედებით ი. ზ–მა (Y. Z.) ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით:

2.1. ი. ზ–ი (Y. Z.) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ზ–ს (Y. Z.) დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შპს „......... ..... ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ....) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით;

2.3. ი. ზ–ს (Y. Z.) სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 7 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა მსჯავრდებულ ი. ზ–ის (Y. Z.) მიმართ სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;

3.1. მსჯავრდებულ ი. ზ–ის (Y. Z.) ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ფ–ამ მოითხოვა ი. ზ–ის (Y. Z.) საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ განზრახ მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნობა; განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდების შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი ნიშნის – განსაკუთრებული სისასტიკის – ამოირიცხვა, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის დადგენის შემთხვევაში – დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ი. ზ–ის (Y. Z.) მიმართ დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძე ითხოვს ი. ზ–ის (Y. Z.) მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას;

5.2. მსჯავრდებულ ი. ზ–ის (Y. Z.) ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. ფ–ა ითხოვს ი. ზ–ის (Y. Z.) საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნობას, განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდების შემთხვევაში კი – მაკვალიფიცირებელი ნიშნის, განსაკუთრებული სისასტიკის, ამორიცხვას, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის დადგენის შემთხვევაში – დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა. პროკურორი ითხოვს ი. ზ–ის (Y. Z.) მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – ი. ზ–ის (Y. Z.) საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობას/მაკვალიფიცირებელი ნიშნის, განსაკუთრებული სისასტიკის, ამორიცხვას/დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ი. ზ–ის (Y. Z.) მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმეების – ქ. თ–ს (გარდაცვლილის მეგობარი), ი. ტ–ს (გარდაცვლილის მეგობარი), ლ. ბ–ს (ბინის გამქირავებელი), ნ. ი–ს (ტაქსის მძღოლი), გ. ხ–ს (სასწრაფო დახმარების ექიმი), ლ. ჟ–ს (მეხანძრე-მაშველი), ზ. ც–ს (მაშველი) და პ. ბ–ს (მეხანძრე-მაშველი), გ. ს–ს (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი) ჩვენებებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 16 მარტის N.........., დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 18 მაისის N.........., ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2023 წლის 2 ივნისის N........, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 31 ოქტომბრის N........დასკვნების და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი. ზ–ის (Y. Z.) მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

9. კასატორი დაცვის მხარე ი. ზ–ის (Y. Z.) განზრახ მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნობის დასადასტურებლად უთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2023 წლის 2 ივნისის N......... დასკვნაზე, რომლის თანახმად, კვლევისათვის წარმოდგენილ პაკეტში, წარწერით: „...ობ. N.. – დანა დაზიანებულ მდგომარეობაში მოწითალო ლაქებით ბინის მისაღებ ოთახში იატაკზე არსებული მოწითალო ფხვიერი მასიდან...“, მოთავსებულ დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან შედარებით თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N..) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მ. ს–ს (ობ. N...), მინორული წილი ეკუთვნის ი. ზ–ს (ობ. N...);

9.1. შემთხვევის ადგილიდან – ი. ზ–ის (Y. Z.) საცხოვრებელი ბინიდან – ამოღებულ მეტალის დანის პირზე ი. ზ–ის სისხლის მინორული წილის არსებობა per se, მოცემულ შემთხვევაში, არ ადასტურებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ, შესაძლოა, მ. ს–ი დაესხა თავს დანით ი. ზ–ის (Y. Z.), რის გამოც, ეს უკანასკნელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აუცილებელი მოგერიების არსებობა.

9.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არსებობა/არარსებობა უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას (მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.). მოცემულ შემთხვევაში, მაჟორული წილის მ. ს–ისადმი კუთვნილბა a priori არ ნიშნავს ბრალდებული/მსჯავრდებული პირის უდანაშაულობას.

9.3. მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ ბინაში დანაშაულის ჩადენამდე ი. ზ–ი (Y. Z.) და მ. ს–ი შევიდნენ ერთად, ამასთან, დანაშაულის ჩადენის პერიოდში, ბინაში მათ გარდა არავინ იმყოფებოდა, კერძოდ, არავინ შესულა ან/და გამოსულა. აღნიშნული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში განვითარებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები (გვამზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ჭრილობა პირობითად N1 – კისრის წინა მარჯვენა ზედაპირზე სწორკიდეებიანი ჭრილობა ზომით 3,7X1,5სმ. (ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიტანით სიგრძე 4,1სმ), ჭრილობის კიდეებში მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევებით; ჭრილობის ქვედა-მარჯვენა ბოლო ბლაგვია, ზედა-მარცხენა მახვილი. ჭრილობა სიღრმით დაახლ. 7სმ. აზიანებს კანსა და კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს, მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენას და ხერხემლის სვეტის კისრის მე-7 მალას (მე-6-მე-7 მალის შესახსრებასთან) მარჯვნივ; ჭრილობა პირობითად N2 –კისრის წინა მარჯვენა ზედაპირზე სწორკიდეებიანი ჭრილობა ზომით 2,0X0,2სმ. (ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიტანით სიგრძე 2,2სმ.), ჭრილობის კიდეებში მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევებით; ჭრილობის მარჯვნივმდებარე ბოლო ბლაგვია, მარცხნივ მდებარე მახვილი. ჭრილობა სიღრმით დაახლ. 5სმ. აზიანებს კანსა და კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს და შიგნითა საუღლე ვენას მარჯვნივ; ჭრილობა პირობითად N3 – ჭრილობა პირობითად N1-დან ზემოთ 1სმ-ით კანის ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობა ზომით 0,5X0,1სმ. (ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიტანით სიგრძე 0,5სმ), ჭრილობის კიდეებში მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევებით; ჭრილობის მარჯვნივ მდებარე ბოლო ბლაგვია, მარცხნივ მდებარე მახვილი. ჭრილობა სიღრმით 0,4სმ. აზიანებს კანსა და კანქვეშა ქსოვილებს; ჭრილობა პირობითად N4 – კისრის წინა მარჯვენა ზედაპირზე კანის ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობა ზომით 0,3X0,1სმ. (ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიტანით სიგრძე 0,3სმ), ჭრილობის კიდეებში მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევებით; ჭრილობის მარჯვნივ მდებარე ბოლო ბლაგვია, მარცხნივ მდებარე მახვილი. ჭრილობა სიღრმით 0,3სმ. აზიანებს კანსა და კანქვეშა ქსოვილებს; სახის არეში (მოიცავს ფართს ორმხრივ წარბებქვედა მიდამოებიდან ქვედა ყბის მიდამოებამდე) მოწითალო-მოიისფრო სისხლნაჟღენთები, რომლის ფონზე, მარცხენა ქვემო ქუთუთოსა (თვალის შიგნითა კუთხიდან) და ყვრიმალის მიდამოში აღინიშნება ირიბ-დასწვრივი კანის ზედაპირული, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზ. 2,8X0,4სმ. (ჭრილობა პირობითად 5); აღნიშნული სისხლნაჟღენთების ფონზე: ჭრილობები პირობითად N6 და N7 ცხვირის მიდამოში: მარცხენა გვერდით ზედაპირზე რამდენადმე დასწვრივად მდებარე, ოდნავ რკალოვანი ფორმის უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზ. 1,1X0,1-0,2სმ. და ცხვირის მიდამოში, წინა ზედაპირზე ირიბ-განივად მდებარე უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზ. 0,5X0,1სმ; ჭრილობებში ვიზუალირდება ცხვირის ძვლის დამსხვრეული ფრაგმენტები, ჭრილობის კიდეებში მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევებით) გარდაცვლილს სწორედ ი. ზ–მა (Y. Z.) მიაყენა.

10. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 16 მარტის N........ დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ დაეთანხმება კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას მაკვალიფიცირებელი ნიშნის – ,,განსაკუთრებული სისასტიკით” – ამორიცხვის ნაწილშიც.

11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ი. ზ–ის (Y. Z.) მიმართ არსებულ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების შეფასების და დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სამედიცინო დასკვნის საქმეზე არდაშვების შესახებ, დაცვის მხარე კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

11.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 3 თებერვლის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, ი. ზ–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ის ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ამავე დასკვნის თანხმად, ი. ზ–ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების – ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. ი. ზ–ი არ იმყოფებოდა აფექტის ან სხვა არაპათოლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

11.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 19 აპრილის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, ი. ზ–ი ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2022 წლის 28 ნოემბერს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში) ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ი. ზ–ს ამჟამად აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა – მწვავე პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომების გარეშე (კოდი – F23.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად იგი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია – ........ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; .........), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე.

11.3. აღნიშნული ექსპერტიზები ჩატარებულია და, შესაბამისად, დასკვნები გაცემულია, მათ შორის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის – ვ. ჭ–ს მიერ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე, მართალია დაადასტურა, რომ კონკრეტული პირის კვლევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მისი წინარე ისტორიაა, მათ შორის, მაგალითად, მკურნალობდა თუ არა ფსიქიატრიული მიმართულებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უარყო წარსულში მკურნალობის ფაქტი, რაც პირველ დასკვნაში ასევე აღნიშნულია (გვ. 4/7; 15:16:32); აღნიშნულის მიუხედავად, ექსპერტმა იმ გარემოებაზე, თუ რამ გამოიწვია ი. ზ–ის (Y. Z.) მიმართ დროის ახლო პერიოდში კვლევების განსხვავებული შედეგები, განმარტა, რომ მისი კვლევის საგანი არ იყო ეტიოლოგიის (ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზების) დადგენა, თუ რას შეეძლო გამოეწვია მისი მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია ეს იყოს – სტრესული გარემო – ციხე, რადგან ხშირად პატიმრობის შემდეგ საკვლევ პირებს ემართებათ მოკლევადიანი მწვავე ტრანზიტორული ფსიქოლოგიური აშლილობა (15:19:46).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი (ტ. N5 ს.ფ. 73-80) სამედიცინო დასკვნა (ე–ს ა–ი რესპუბლიკის კ–ს უნივერსიტეტის სპეციალიზებული საავადმყოფოს სახელით შედგენილი 2018 წლის 5 ივლისის სამედიცინო დასკვნა) ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს 297-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით, მათ შორის: მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო.

12.1. იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დანაშაულის ჩადენის შემდგომ ჩატარებული – 2023 წლის 3 თებერვლის და 2023 წლის 19 აპრილის – სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების დასკვნები (რომელთაგან პირველი, ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ი. ზ–ი განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წლის 6-7 ოქტომბერს – იყო შერაცხადი (იმავდროულად, კვლევის პერიოდში თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის), ხოლო მეორე –ადასტურებს, რომ 2022 წლის 28 ნოემბერს ი. ზ–ი ასევე იყო შერაცხადი, თუმცა ამჟამად – 2023 წლის 19 აპრილის მდგომარეობით – თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში) ვერ დგინდება, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სადავო დანაშაულის ჩადენამდე დიდი ხნით ადრე შედგენილი – 2018 წლით დათარიღებული – დოკუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის პოზიციის დასასაბუთებლად. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ზემოაღნიშნული სამედიცინო დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვის შემთხვევაში, დაცვის მხარე (აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე) მოითხოვდა განმეორებით ექსპერტიზის ჩატარებას, ვინაიდან განმეორებითი/ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, დაცვის მხარეს შეეძლო იმისგან დამოუკიდებლად, წარმოადგენდა თუ არა სადავო დოკუმენტს სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად (15:35:52).

12.2. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის დაშვების და მისი გამოკვლევის შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნებოდა გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან მოცემულ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლით დადგენილ იმპერატიულ წინაპირობებს. კერძოდ, დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვასთან ერთად არ მოითხოვა მისი შემდგენელი პირის დაკითხვა (განმარტა, რომ ვერ მოახერხებდა (15:22:15)).

12.2.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას; ზოგადად, დოკუმენტის ავთენტიკურობის და წარმომავლობის დასადასტურებლად საკმარისია ერთ-ერთი პირის (პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა დოკუმენტი) დაკითხვა, თუმცა იმის არჩევა, ვინ უნდა დაიკითხოს კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე (მათ შორის, დოკუმენტის სახეზე, დოკუმენტის მოპოვების ვითარებაზე, დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ ჩვენების მიცემაზე, დოკუმენტის შინაარსზე და ა.შ.). მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანია სადავო დოკუმენტის შინაარსობრივი მხარე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის №99აპ-20 განჩინება). შესაბამისად, ვინაიდან დაცვის მხარემ თავადვე განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა აღნიშნული დასკვნის გამცემი ექიმის დაკითხვას, აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქონიებდა გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

12.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტს (განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ, მათ შორის: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო) და იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გარდა ამავე კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება (მათ შორის, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ექსპერტის ჩვენება), რაც დაადასტურებდა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მცდარობას და მათი შედეგების საეჭვოდ მიჩნევის ან/და არგაზიარების საფუძველი გახდებოდა, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია; სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

14. რაც შეეხება დაცვისა და ბრალდების მხარების მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქების/გამკაცრების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

14.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან – უამისოდ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი – თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, განუსაზღვრა მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. იმავდროულად, დაცვისა და ბრალდების მხარეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება/შემსუბუქება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ლევან ვეფხვაძისა და მსჯავრდებულ ი. ზ–ის (Y. Z.) ინტერესების დამცვლი ადვოკატის – გ. ფ–ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე