Facebook Twitter

საქმე # 060100123007794852

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1125აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ე ჯ., 1125აპ-24 2 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ჯ. ბ–ეს - პ/ნ ........, - ბრალად ედებოდა:

1.1. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, ჯ. ბ–ემ, წინასწარ შეუპირებლად დაფარა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კერძოდ, რ. მ–ის მხრიდან განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენის მცდელობის ფაქტი და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ვერ მოეხდინათ დამნაშავის - რ. მ–ის მხილება, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავადაც დაჭრეს და არ გახმაურებულიყო აღნიშნული, ჯ. ბ–ე შეეცადა რ. მ–ისთვის ექიმის პოვნას, რომელიც მას საავადმყოფოში მიყვანის გარეშე გაუწევდა სამედიცინო დახმარებას, ამასთან, რ. მ–ე მიმალვის მიზნით, ჯ. ბ–ემ კუთვნილი „Hyundai sonata“-ს მარკის ავტომობილით, ხ-დან ჩაიყვანა ქალაქ ბ–ში.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ჯ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. მსჯავრდებულ ჯ. ბ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2023 წლის 15 ივლისიდან.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ მოითხოვა ცვლილება სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ჯ. ბ–ისათვის სასჯელის სახით მაქსიმალურთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ ჯ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. დ–მა მოითხოვა ჯ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენით:

4.1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

4.2. მსჯავრდებულ ჯ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

4.3. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ჯ. ბ–ის მიმართ;

4.4. ჯ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.5. ჯ. ბ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;

4.6. გამართლებულ ჯ. ბ–ეს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ჯ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ჯ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზ. მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა – მ. ჩ–ს, ო. ჩ–ს, დ. ქ–ს, გ. ლ–ს და გ. ყ–ს ჩვენებები) საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ჯ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა – ჩადენას.

10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 11 ოქტომბრის განჩინება საქმეზე 770აპ-22).

11. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. ბ–ემ წინასწარ შეუპირებლად დაფარა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კერძოდ, ბრალდების მხარის მტკიცებით, ჯ. ბ–ემ დაფარა რ. მ–ის მიერ განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენის მცდელობის ფაქტი და იმისათვის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ვერ მოეხდინათ დამნაშავის – რ. მ–ის – მხილება (რომელიც შემთხვევის ადგილზე თავადაც დაჭრეს) და არ გახმაურებულიყო აღნიშნული, ჯ. ბ–ე შეეცადა რ. მ–ისთვის ექიმის პოვნას, რომელიც მას საავადმყოფოში მიყვანის გარეშე გაუწევდა სამედიცინო დახმარებას.

11.1. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო გარდა გამართლებულ ჯ. ბ–ისა და მ. ჩ–ის (მოწმის განმარტებით ჯ. ბ–ე მას შემდეგ დაინტერესდა ხ–ის მდგომარეობით, რაც მან თავად უთხრა, რომ მძიმე მდგომარეობა იყო) ჩვენებებისა, პირველ რიგში ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენის (სარეზოლუციო ნაწილის) თანახმად, რ. მ–ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის დაფარვისათვის დამნაშავედ ცნობას ითხოვს პროკურორი). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, ბრალდების მხარე ჯ. ბ–ეს ედავება რ. მ–ის მიერ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის დაფარვას, რაშიც დღეის მდგომარეობით რ. მ–ე უდანაშაულოდაა ცნობილი, – საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

12. იმავდროულად, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარის მტკიცებით, ჯ. ბ–ემ მისი კუთვნილი „Hyundai sonata“-ს მარკის ავტომობილით რ. მ–ე მიმალვის მიზნით ხ–დან ჩაიყვანა ქალაქ ბ–ში.

13. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს მოწმე გ. ყ–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მითითებულ გარემოებებს, რომ რ. მ–ის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ჯ. ბ–ის ავტომანქანით ქ. ბ–ში გადაყვანა მისთვის იძლევა საკმარისი ვარაუდის საფუძველს, რომ რ. მ–ეს სურდა ქვეყნის დატოვება (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:58:30-14:59:01). მას კონფიდენტისგან არ მიუღია ინფორმაცია რომ რ. მ–ე აპირებდა ქვეყნის დატოვებას და შესაბამისად, აღნიშნულზე არ მიუთითებია ასევე მის მიერ შედგენილ პატაკში (იხ.: ტ.1, ს.ფ. 88-90), მან უბრალოდ გააჟღერა ის რაც შესაძლო იყო ევარაუდა ამ სიტუაციაში (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის სხდომის ოქმი 15:00:14-15:01:29).

13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენს მხოლოდ მოწმის ვარაუდს და გამყარებული არ არის საქმეში არსებული სხვა რაიმე პირდაპირი ან თუნდაც გარემოებითი მტკიცებულებით.

14. მოწმე გ. ლ–მ დაადასტურა, რომ მას დაუკავშირდენენ და სთხოვეს დახმარება რ. მ–ის ექიმთან მიყვანაში, რ. მ–ე სწორედ მისი დახმარებით შეიყვანეს ბ–ს ერთ-ერთ საავადმყოფოში, მისთვის არავის უთქვამს სად უნდა წაეყვანა რ. მ–ე, კლინიკა თავად შეარჩია და მიიყვანა იმ კლინიკაში რომელსაც ენდობოდა და ფიქრობდა რომ იყო კარგი კლინიკა. კერძოდ,

14.1. გ. ლ–ემ განმარტა, რომ როდესაც მას ტელეფონით დაუკავშირდნენ უთხრეს, რომ სჭირდებოდათ ექიმის დახმარება, მანქანას ჰქონდა პრობლემა და გვირაბთან უნდა შეხვედროდნენ, რომ დახმარებოდნენ. როდესაც შეთანხმებულ ადგილზე მივიდა რ–ის მეუღლე და ბავშვი გადასვა მისი შვილის მანქანაში, თავად კი საწვავის ჩასხმის შემდეგ რ. მ–ესთან და ჯ. ბ–ესთან ერთად წავიდა ბ–ს მიმართულებით, გზაში არაფერზე უსაუბრიათ (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმი 17:06:00-17:08:17), მისი საქმე იყო რ. მ–ე უბრალოდ მიეყვანა ა წერტილიდან ბ წერტილამდე. არ იცოდა რა სჭირდა რ–ის, რადგან რ–ი არ საუბრობდა, სისხლი მანქანაში არ დაუნახავს. ჯ–ი გვერდით იჯდა, მაგრამ მაშინ არც იცოდა ვინ იყო. მისთვის არ მიუთითებიათ კონკრეტული კლინიკა, სადაც უნდა მიეყვანათ რ–ი, უბრალოდ ქალი სთხოვდა გადაერჩინათ მისი ქმარი და წაიყვანა ბ–ში საავადმყოფოში (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმი 17:10:33-17:10:57). მან და ჯ. ბ–ემ შეიყვანეს კლინიკაში რ. მ–ე, რა დროსაც ეტლში გადასმისას დაინახა სისხლი, თუმცა რ–ის დაჭრის შესახებ გაიგო საავადმყოფოში, რენტგენის გადაღებისას უთხრათ ექიმმა რომ სამი ტყვია ჰქონდა (იხ:სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმი 17:18:51-17:21:02). კლინიკის შიგნით მას ჯ. ბ–ესთან არ უსაუბრია, კლინიკიდან რომ გამოვიდნენ უკვე პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრებოდა რ–ის მეუღლე, იყო საერთო საუბარი, რომ ხონში მომხდარა სროლები (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმი 17:15:05-17:15:44), პოლიციის თანამშრომლებს როდესაც ესაუბრებოდა რ–ის მეუღლე ჯ. ბ–ეც იქ იყო, ესწრებოდა ამ საუბარს, თუმცა მომხდარ სროლებზე რამეს ამბობდა თუ არა არ ახსოვს (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმი 17:15:50-17:16:18).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ჯ. ბ–ისათვის ცნობილი იყო რ. მ–ის მიერ შესაძლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში მცდელობის – ჩადენის შესახებ. კერძოდ,

16. მ. ჩ–ის ჩვენებაზე დაყრდნობით ბრალდების მხარის მითითება, რომ ჯ. ბ–ემ იცოდა ზ. ხ–სა და რ. მ–ეს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ და მათ შორის იმის გასარკვევად მივიდა კლინიკაში თუ როგორ იყო დაჭრილი ზ. ხ–ი დაუსაბუთებელია. მოწმე მ. ჩ–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ჯ. ბ–ე ზ. ხ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც ექიმმა წაყოლაზე უარის მიზეზად მიუთითა ზ. ხ–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

16.1. მ. ჩ–მა (ხ-ს რაიონული საავადმყოფოს ქირურგი) მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ 2013 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე ხ–ს საავადმყოფოში მიიყვანეს პაციენტი, ზ. ხ–ი (რომელიც არის მისი უკანა მეზობელი), რომელიც იყო დაჭრილი, თუმცა რითი იყო დაჭრილი იმ დროისთვის უცნობი იყო. იგი პირდაპირ შეიყვანეს შოკის პალატაში. ექთნებთან ერთად დაიწყო მასზე ზრუნვა. პაციენტს გულმკერდის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულმკერდის ღრუში შემავალი, რომელიც იყო სისხლმდენი. ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა მათ კლინიკაში ვერ მოხდებოდა, როგორც კი პაციენტის მდგომარეობა ოდნავ დასტაბილურდა გამოიძახეს კატასტროფის ბრიგადა. როდესაც პაციენტს რენტგენის პალატიდან აბრუნებდნენ შოკის პალატაში, ფოიეში მას შეხვდა ნაცნობი ჯ. ბ–ე, რომელმაც უთხრა, რომ სურდა ბინაზე გაყოლა, რადგან რ. მ–ე (რომელსაც ასევე იცნობდა) იყო დაჭრილი და ვერ გადმოჰყავდა, თუმცა რა სახის ჭრილობა ჰქონდა მან არ იცის (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 17:29:00-17:29:20), რადგან მისთვის ჯ. ბ–ეს არ უთქვამს სად და რა ვითარებაში იყო დაჭრილი რ. მ–ე, ან რა საშუალებით იყო დაჭრილი, აღნიშნული არც მას უკითხავს (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 17:35:00-17:36:01; 17:39:40-17:39:52). ჯ. ბ–ეს უთხრა - ,,ჯ–ო, ხომ ხედავ რა მდგომარეობაშია ზ–ო და ვერანაირად ვერ წამოვალო’’. ჯ–ი დაინტერესდა რა ხდებოდა, ზ–ო გადარჩებოდა თუ არა, რაზეც უპასუხა რომ არ იცოდა, მძიმე იყო მდგომარეობა, 2 ჭრილობა ჰქონდა მაგრამ უნდა გადარჩენილიყო (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 17:27:00-17:27:31). საუბედუროდ ვერ დაეხმარებოდა, ზ–ს ვერ მიატოვებდა, უნდა დაერეკა 112-ში ან რ–ი რაღაცნაირად მიეყვანათ კლინიკაში, სთხოვა რომ არ სწყენოდა (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 17:26:00-17:26:55). მოწმის განმარტებით ჯ. ბ–ე მას შემდეგ დაინტერესდა ხ–ის მდგომარეობით, რაც მან თავად უთხრა, რომ მძიმე მდგომარეობა იყო (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 17:31:25-17:31:59). მოწმის განმარტებით, როდესაც ჯ. ბ–ემ უთხრა, რომ რ. მ–ე იყო დაჭრილი თავად დააკავშირა ეს ორი შემთხვევა, იფიქრა რომ ან მანქანაში ვერ სვამდნენ რ–ის ან პოლიციისათვის შეტყობინება არ უნდოდათ, შესაძლოა რთული ჭრილობა ჰქონდა, იფიქრა რომ რადგან მას დაუძახეს უნდოდათ ბინაზე ენახა პაციენტი, მაგრამ მან ვერ შეძლო (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 17:29:25-17:29:32). მისი შეფასებით შესაძლოა ერთმანეთთან შეხვედრის არიდებაც სურდათ, ან პოლიციის არიდება, არ იცის და ამას ვერ იტყვის. შეტყობინება მათთან არ გაუკეთებიათ, ამიტომ უთხრა თუ ვერ გადმოყავდათ მიემარათ 112-ისთვის, რადგან სახლში ვერ უმკურნალებდა (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 17:29:25-17:29:54).

17. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების (ს. ტ–ს, ლ. ო–ს, კ. ს–ს, ო. ნ–ს, თ. თ–ს, გ. ბ–ს, ჯ. ი–ს, კ. თ–ს, გ. ძ–სა და ა. კ–ს) ჩვენებები ადასტურებს მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორესა და კანონთან შესაბამისობას, მათი ჩვენებები, ისევე როგორც საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა (ზ. ხ–ის, რ. კ–ს, ი. ლ–ს, ნ. ა–ე–ა–ს, ი. ბ–ს, ს. გ–ს, გ. ჯ–ს, გ. ბ–ს, ჯ. ს–ს ძე ბ–ს, მ. ი–ს, ლ. ქ–ს, მ. ხ–ს, მ. ნ–ს, გ. გ–სა და გ. კ–ს) ჩვენებები, არ შეიცავენ კონკრეტულ ინფორმაციას ჯ. ბ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების შესახებ.

18. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში ჯ. ბ–ის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის მითითებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ჯ. ბ–ემ განმარტა, რომ 2023 წლის 13 ივლისს დილით, დაახლოებით 9 საათზე წავიდა ქ. ფ–ში, მეორე დღეს მიდიოდა ა–ში, საღამოს დაბრუნდა დაახლოებით 7 საათზე და მეზობლებთან ერთად დალია, რამდენიმე ბოთლი ლუდი, ვინაიდან იყო დაღლილი და თან ალკოჰოლი დაამატა, წავიდა სახლში მოსასვენებლად. მასთან მივიდა მისი მეუღლე და უთხრა, რომ დაურეკა მისმა დამ ნ–მ და უთხრა, რომ რ–ი იყო დაშავებული თუ დაჭრილი ზუსტად არ ახსოვს და ესაჭიროებოდა ექიმის დახმარება(იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:44:40-17:45:13). მისთვის მეუღლეს არ უთქვამს სად და როგორ დაშავდა რ–ი (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:51:45-17:52:13). რადგან თავად ნასვამი იყო, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი დატოვა სიმამრთან ო. ც–თან. შემდეგ მივიდა საავადმყოფოში, სადაც ნახა მ–ე ექიმი და უთხრა, რომ მის ქვისლს, რ. მ–ეს, სჭირდებოდა დახმარება, ,,არ ვიცი დაშავებულია თუ დაჭრილიათქო’’ (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:45:30-17:46:12). მ–ემ უარი განუცხადა გაყოლაზე, რადგან იქ ჰყავდათ მიყვანილი დაჭრილი ზ. ხ–ი, რომელსაც იცნობდა როგორც ხ–ს და ბუნებრივია, მოიკითხა მისი მდგომარეობა, რაზედაც ექიმმა უპასუხა, რომ ,,მძიმედ არის, მაგრამ გადარჩებაო’’ (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:46:18-17:46:53). შემდეგ წავიდა მისი ქვისლის ბიძის სახლში, სოფელ ი–ში, სადაც იმყოფებოდა რ. მ–ე და მისი მეუღლე, როდესაც მივიდნენ რ–ი იჯდა კიბეებთან, რომელიც ეზოს შესასვლელიდან რამდენიმე მეტრშია, იქ იყო ასევე ნ–ო, მას სხვა იქ არავინ უნახავს (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:46:55-17:47:32). რ–ისთან არ უსაუბრია, რადგან შეუძლოდ იყო და შეწუხებული ჩანდა, თვითონ არ გასაუბრებია და მასაც არ დაუსვამს ზედმეტი შეკითხვა, რადგან ნასვამი იყო (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:54:02-17:54:28) რ–ი სიბნელეში იჯდა, რადგან მისი ბიძის სახლი დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს, მას სისხლი არ დაუნახავს, დაახლოებით ღამის 12 საათი იყო (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 18:13:15-18:14:48). მას არანაირი ეჭვი არ გასჩენია (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 18:19:12-18:20:31). რ–ის ბიძის სახლში იყვნენ დაახლოებით 5 წუთი, რ–ის მეუღლემ - ნ. ც–მა, უთხრა, რომ ერთ-ერთ ნაცნობთან, თუ საავადმყოფოში იყო დარეკილი, ზუსტად ვერ იხსენებს და უნდა წასულიყვნენ ბ–ში, საავადმყოფოში (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:54:30- 17:54:51; 17:47:40-17:49:08). ბ–ში იმიტომ წავიდნენ, რომ ნ–მ, რ–ის მეუღლემ ასე უთხრა მათ, რომ იქ იყო ნაცნობი ექიმი და მასთან უნდა წასულიყვნენ (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 18:22:10-18:22:55). ჯ. ბ–ის მანქანით წასვლა კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ რ–ის მანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი. ბ–ში ჩასვლამდე რ–ის ჰკითხა თუ რა მოხდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია არაფერი, მისგან ვერ მიიღო ისეთი პასუხი, რომ მისთვის საინტერესო ყოფილიყო, „რა ვიცი ჯ–ო“ ასე უპასუხა, სხვა მათ არ უსაუბრიათ (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი18:28:55-18:29:27). რ–ი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, თავად წინ იჯდა, საჭესთან კი ნ. ც–იი იჯდა, ჯ. ბ–ეს კალთაში ეჯდა რ–ის შვილი, 11 თვის მარიამი, რადგან ძალიან დაღლილი იყო და თან ნასვამიც, მთელი გზა ეძინა და რომ გამოიღვიძა იმყოფებოდა ქ. ბ–ს შესასვლელში, რა დროსაც მათთან მივიდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც დაჯდა მისი ავტომანქანის საჭესთან და წაიყვანა ისინი საავადმყოფოში (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:49:15-17:50:08) გამოვიდნენ ექიმები და რ–ი შეიყვანეს საავადმყოფოში, რამდენიმე წუთში დაუძახეს მათ დასახმარებლად. რენტგენი უნდა გაკეთებულიყო ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში და დაეხმარნენ რ–ის ფეხზე დადგომაში, სწორედ მაშინ შეიტყო ექიმისგან, რომ რ–ი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, რადგან ექიმმა თქვა რომ სამი ტყვია ჰქონდა სხეულში (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:50:20-17:50:50; 17:56:00-17:56:40). საავადმყოფოში, როდესაც გაიგო, რომ რ–ი დაჭრილი იყო, ექიმებმა უთხრეს, რომ დარეკილი იყო პოლიციაში და თავად სწორედ ამ მიზეზით არ დაურეკავს (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 18:27:00-18:27:21). რამდენიმე წუთში მივიდა კიდეც პოლიცია საავადმყოფოში. მისი ავტომანქანა ეყენა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დალუქეს. მან არც იმ დროს იცოდა და არც ეხლა იცის, თუ ვინ დაჭრა რ. მ–ე, ისმენს იმას რასაც მოწმეები ამბობენ, მას რ–ისთან აღნიშნულზე არ უსაუბრია (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:56:45-17:57:40).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2023 წლის 13 ივლისს, ჯ. ბ–ე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. მას მეუღლემ აცნობა, რომ რ. მ–ე (მისი დის ქმარი) იყო დაშავებული/დაჭრილი და სჭირდებოდა დახმარება. რის შემდეგაც ჯ. ბ–ე მივიდა ხ–ს საავადმყოფოში მ. ჩ–თან (ქირურგი) და სთხოვა გაყოლა რ. მ–ის დასახმარებლად, თუმცა მ. ჩ–მა უარი უთხრა გაყოლაზე ვინაიდან კლინიკაში შეყვანილი იყო მძიმე პაციენტი ზ. ხ–ი და მას ვერ დატოვებდა. ჯ. ბ–მ მოიკითხა ზ. ხ–ი (რომელსაც თავადაც იცნობდა), რის შემდეგაც გაემართა სოფელ ი–ში, სადაც იმყოფებოდა რ. მ–ე, რომელიც სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ჯ. ბ–ისვე ავტომანქანით(რადგან რ. მ–ის მანქანა ტექნიკურად იყო გაუმართავი) გადაიყვანეს ქ. ბ–ში კლინიკა ბ–ში.

20. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ჯ. ბ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ რ. მ–ის დაჭრისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჯ. ბ–ე ანდა მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული; გ. ლ–ის ჩვენებით დგინდება, რომ რ. მ–ის მეუღლე სთხოვდა მას რ–ის ბ–ში საავადმყოფოში მიყვანას. ამასთან, დგინდება, რომ რ. მ–ე მიიყვანეს იმ საავადმყოფოში, რომელიც თავად გ. ლ–ემ შეარჩია, საკუთარი გამოცდილებით და არა რ. მ–ისა ან/და მისი მეუღლის ნაცნობ ექიმთან.

21. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ჯ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

22. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე