Facebook Twitter

საქმე # 330100122006142382

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1129აპ-24 ქ. თბილისი

დ. ი. 1129აპ-24 8 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუასა და მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–ისა და ა. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

ი. დ–ეს, – პ/ნ .........., – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.

1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ. თ–ში, .......ას გამზირის №..-ში მდებარე შპს „........... კლინიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფუძვლო მიზეზით, ი. დ–ემ მოკვლის განზრახვით ა. გ–ეს თანნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის რამდენჯერმე დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები. კერძოდ, მუცლის მიდამოში მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, მუცლის სწორი კუნთის, დიდი ბადექონისა და განივი კოლინჯის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; ასევე, მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში ნაკვეთი ჭრილობა, იდაყვის ნერვისა და იდაყვის არტერიის სრული დაზიანებით და მე-4-5 მომხრელი მყესების სრული დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო მარცხენა მხრის არეში ნაკვეთი ჭრილობა, მუცლის მარჯვენა ნახევარში მეზოგასტრიუმის მიდამოში და ნაკვეთი სიგრძივი ჭრილობა დერმის დაზიანებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენით:

2.1. ი. დ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.2. ი. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ი. დ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 3 აგვისტოდან.

3. სასამართლომ დაადგინა:

2022 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ. თ–ში, .......ას გამზირის №..-ში მდებარე შპს „........... კლინიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი. დ–ემ თანნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით ა. გ–ეს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები, კერძოდ: მუცლის მიდამოში მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, მუცლის სწორი კუნთის, დიდი ბადექონისა და განივი კოლინჯის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; ასევე, მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში ნაკვეთი ჭრილობა, იდაყვის ნერვისა და იდაყვის არტერიის სრული დაზიანებით და მე-4-5 მომხრელი მყესების სრული დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო მარცხენა მხრის არეში ნაკვეთი ჭრილობა და მუცლის მარჯვენა ნახევარში მეზოგასტრიუმის მიდამოში, ნაკვეთი სიგრძივი ჭრილობა დერმის დაზიანებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

4.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენში და ი. დ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

4.2. მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ. კ–ემ და ა. გ–მა მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ი. დ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი მედეა ცირამუა ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში, ი. დ–ის დამნაშავედ ცნობას – საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით; ასევე – მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის შეფარდებას;

6.2. მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – ტ. კ–ე და ა. გ–ი ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ამასთან, ბრალდების მხარე ითხოვს ი. დ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით, და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – სრულად გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდებისა და დაცვის მხარის მოთხოვნებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. დ–ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის/გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული.

10. ბრალდების მხარე კასატორის მთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება ი. დ–ის მიერ ა. გ–ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. სასამართლო ითვალისწინებს შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარების და მოვლენათა განვითარებას, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ი. დ–ეს ხელს არავინ უშლიდა, ჰქონდა დროც და შესაძლებლობაც განზრახვა სისრულეში მოეყვანა. ის და ა. გ–ე არავის გაუშველებია და მათ კონფლიქტში არავინ ჩარეულა, ი. დ–ემ თავად შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და დატოვა შემთხვევის ადგილი.

11. იმავდროულად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულ ი. დ–ის უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა/წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის მტკიცებისათვის და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის – თვითმხილველი მოწმე მ. ნ–ის ჩვენებით, 2022 წლის 15 ივლისის ამოცნობის ოქმით, ვიდეოჩანაწერებით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N..... დასკვნითა) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ი. დ–ემ ჩაიდინა საქართველოს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება).

12.1. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

13. სასამართლო ითვალისწინებს თვითმხილველი მოწმის მ. ნ–ის ჩვენებას, რომელმაც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა 2022 წლის 15 ივლისს თავის სამუშაო ადგილის მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც შექმნიდა საფუძვლიან ეჭვს მოწმის მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ. არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტირებული საფუძველი, თუ რა მიზეზით უნდა მიეცა მ. ნ–ეს ი. დ–ის მამხილებელი ცრუ ჩვენება. მ. ნ–ე მკაფიოდ, ბუნდოვანების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად აღწერს და ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ თითოეულ დეტალს (2022 წლის 15 ივლისს დაახლოებით 11:50 საათზე, ქ. თ-ში, ...ს გამზირი №...-ში მდებარე შპს ქ. თ–ში, .......ას გამზირის №..-ში მდებარე შპს „........... კლინიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი. დ–ემ თანნაქონი დანის გამოყენებით ა. გ–ეს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები).

13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე მ. ნ–ის ჩვენება თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებთან (დასტურდება 2022 წლის 15 ივლისს, ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ ი. დ–ის გადაადგილება შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე (რასაც დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ) და მათი დათვალიერების ოქმებთან, ასევე ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N......... დასკვნასთან, რომლითაც დგინდება, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული პირი ნამდვილად არის ი. დ–ე, რომელიც მ. ნ–ემ ამოიცნო 2022 წლის 15 ივლისს (იხ.: 2022 წლის 15 ივლისის ამოცნობის ოქმი ტ.1, ს.ფ.101-106).

14. შესაბამისად, არ არსებობს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

15. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

15.1. ი. დ–ემ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2022 წლის 15 ივლისს, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

15.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. შესაბამისად, ი. დ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ამნისტია არ ვრცელდება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020);

17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუასა და მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–ისა და ა. გ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე