Facebook Twitter

საქმე # 190100122005469592

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1130აპ-24 ქ. თბილისი

ბ. ბ. 1130აპ-24 17 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ბ. ბ–ს, - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა:

1.1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

ბ. ბ–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 და მე-16 მუხლების საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობებს მიენიჭათ უფლებამოსილება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაედასტურებინათ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით - მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის საფუძველზე.

აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ზ. ბ–ემ, ვ. ზ–იანმა და სხვა პირებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს მიწის ნაკვეთების

საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, სხვადასხვა ფართობის და ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ ბ. ბ–ს, გაანდეს მათი განზრახვა და შეთანხმდნენ, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების გზით, ერთობლივად დაეუფლებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გ..... სოფელ კ.......... მდებარე, 4000 კვმ მიწის ნაკვეთს. მათ დაამზადეს და ბ. ბ–ს გადასცეს ყალბი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N.. აქტი, რომლის მიხედვით თითქოსდა ბ. ბ–ს გ..... სოფელ კ.......... მიწის რეფორმის ფარგლებში გამოეყო 4000 კვმ მიწის ნაკვეთი. ამავდროულად, მათ შეადგინეს აღნიშნული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

მიწის ნაკვეთის თაღლითურად დასაუფლებლად, ბ. ბ–მა 2017 წლის 14 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელშიც წარადგინა ზემოაღნიშნული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტები გადააგზავნა გ................ მერიაში იმ მიზნით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენელს მოწმეებთან ერთად დაედგინა მიწის ნაკვეთების იდენტურობა და გაეცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“, რომელიც წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.

გ..... სოფელ კ........... ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგეწელმა ბ. ლ–მა, 2017 წლის 25 სექტემბერს შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი №....... ოქმი, თითქოსდა მ. ო–ის, ზ. გ–ის და თ. ზ–იანის მონაწილეობით დაათვალიერა მიწის ნაკვეთი და დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი და თაღლითურად დასაუფლებელი მიწის ნაკვეთი იყო ერთი და იგივე.

აღნიშნული ყალბი დოკუმენტების - დათვალიერების №....... ოქმის და მიღება-ჩაბარების N---- აქტის საფუძველზე, 2017 წლის 9 ოქტომბერს, ბ. ბ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 4000 კვმ ფართის, ........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 88 000 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბ. ბ–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 და მე-16 მუხლების საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობებს მიენიჭათ უფლებამოსილება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაედასტურებინათ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით - მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის საფუძველზე.

აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ზ. ბ–ემ, ვ. ზ–იანმა და სხვა პირებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, სხვადასხვა ფართობის და ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ ბ. ბ–ს, გაანდეს მათი განზრახვა და შეთანხმდნენ, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების გზით, ერთობლივად დაეუფლებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გ..... სოფელ კ.......... მდებარე, 4000 კვმ მიწის ნაკვეთს. მათ დაამზადეს და ბ. ბ–ს გადასცეს ყალბი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტი, რომლის მიხედვით თითქოსდა ბ. ბ–ს გ..... სოფელ კ.......... მიწის რეფორმის ფარგლებში გამოეყო 4000 კვმ მიწის ნაკვეთი. ამავდროულად, მათ შეადგინეს აღნიშნული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

მიწის ნაკვეთის თაღლითურად დასაუფლებლად, ბ. ბ–მა 2017 წლის 14 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელშიც წარადგინა ზემოაღნიშნული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება, რა დროსაც გამოიყენა აღნიშნული ყალბი დოკუმენტი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტები, გადააგზავნა გ....... მერიაში იმ მიზნით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენელს მოწმეებთან ერთად დაედგინა მიწის ნაკვეთების იდენტურობა და გაეცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“, რომელიც წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.

გ..... სოფელ კ........... ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ბ. ლ–მა, 2017 წლის 25 სექტემბერს, შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი №....... ოქმი, თითქოსდა მ. ო–ის, ზ. გ–ის და თ. ზ–იანის მონაწილეობით დაათვალიერა მიწის ნაკვეთი და დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი და თაღლითურად დასაუფლებელი მიწის ნაკვეთი იყო ერთი და იგივე.

აღნიშნული ყალბი დოკუმენტების - დათვალიერების №....... ოქმის და მიღება-ჩაბარების N---- აქტის საფუძველზე, 2017 წლის 9 ოქტომბერს, ბ. ბ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 4000 კვმ ფართის, ......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 88 000 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით:

2.1. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

2.2. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი;

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, ბ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში, ბ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ბ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

2.1. შესაბამისად, სასამართლო განხილვის საგანს არ წარმოადგენს ბ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა და საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენს ამ ნაწილში გადასინჯავს მხოლოდ სასჯელის სამართლიანობის ნაწილში.

2.2. შესაბამისად, დავის საგანია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობა; ასევე – ბ. ბ–ის მიერ ყალბი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- აქტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელი ნაწილია და არ საჭიროებს ცალკე კვალიფიკაციას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- აქტის თანახმად, 1994 წლის 4 ივნისს, მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილებით ბ. ბ–ს გადაეცა 0.40 ჰექტარი ერთ ნაკვეთად, გ... რაიონ სოფელ კ.......... (იხ.: ტ.1, ს.ფ. 256).

5. 2017 წლის 14 ივლისს ბ. ბ–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი, 2017 წლის 12 ივლისს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (იხ. ტ.1, ს.ფ. 253) და მოითხოვა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება.

6. 2017 წლის 25 სექტემბერს, გ..... სოფელ კ........... ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ბ. ლ–მა შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №....... ოქმი, რომლის თანახმად, მ. ო–ის, ზ. გ–ის და თ. ზ–იანის მონაწილეობით დაათვალიერა მიწის ნაკვეთი და დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი და თაღლითურად დასაუფლებელი მიწის ნაკვეთი იყო ერთი და იგივე (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 237-239).

7. 2017 წლის 9 ოქტომბერს, ბ. ბ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 4000 კვმ ფართის, .......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 211), რომლის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, სასაქონლო ექსპერტიზის №.......---- დასკვნის თანახმად იყო 88 000 ლარი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 300-340).

8. სასამართლო ითვალისწინებს, 2021 წლის 19 აგვისტოს №..... გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად:

2017 წლის 14 ივლისით დათარიღებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ N... განცხადების გრაფაში „დაინტერესებული პირი: ბ. ბ–ი” არსებული ხელმოწერა შესრულებულია ბ. ბ–ის მიერ;

2017 წლის 12 ივლისით დათარიღებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ბ. ბ–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ბ. ბ–ის მიერ;

1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტის გრაფაში „მიწა ჩავაბარეთ“ რიგით პირველი, რ..... სახელით არსებული ხელმოწერა, გრაფაში „საკრებულოს გამგებელი“ არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია არა რ...., არამედ სხვა პირის (პირების) მიერ;

1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტის გრაფებში არსებული ხელნაწერები შესრულებულია არა მ. ლ–ის, არამედ სხვა პირის მიერ;

2017 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №....... ოქმის მესამე ფურცელზე გრაფაში „დათვალიერებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები:“ მეორე ხაზზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ. ქ–ას მიერ;

2017 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №....... ოქმის პირველ და მეორე ფურცლების გრაფებში არსებული ხელნაწერები შესრულებულია მ. ქ–ას მიერ (იხ.: ტ2, ს.ფ. 100-149).

8.1. ექსპერტმა ქ. მ–იანმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2021 წლის 19 აგვისტოს გაცემული №.......-- გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა.

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. ქ–ამ განმარტა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს და ახლაც მუშაობს კ........... ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტის პოზიციაზე. ამ დროისთვის მიწის საკითხებთან დაკავშირებით აღარ მუშაობს, თუმცა 2017 წელს ამ საკითხზე ადგენდა შესული განცხადებების შესაბამისობას მიწის ნაკვეთებთან, გასვლით ადგილზე, ასევე – სამსახურიდანაც. მისი უფროსი იყო ბ. ლ–ი. მ. ო–ს შორიდან იცნობს, ასევე თ. ზ–იანს. მოწმემ დაადასტურა რომ პროკურორის მიერ წარდგენილი ოქმი ბ. ბ–ის მიწის ნაკვეთის შესახებ მისი შედგენილია. ოქმის შედგენის საფუძველი იყო საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილი ინფორმაცია. აღნიშნული ოქმის შედგენისას ადგილზე არ გასულა და ბ. ლ–ის მითითებით შეადგინა სამსახურში. არ ახსოვს, ოქმის შედგენას მის გარდა ვინ ესწრებოდა. ბ. ლ–ისგან ჰქონდა მითითება და მან შეადგენინა ოქმი, თითქოს გასული იყო ნაკვეთში და მეზობლებმა დაუდასტურეს, რომ ნაკვეთი ბ. ბ–ის იყო.

10. მოწმე ზ. ბ–ის განმარტებით, გ..... სოფელ კ.......... მდებარე 4000 კვმ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რეალურად ბ. ბ–ს არანაირი მიწა არ ჰქონია გამოყოფილი კ........... კანდიდატი ბ. ბ–ი მოძიებული იქნა ვ. ზ–იანის მიერ. 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- აქტი არის ყალბი, თუმცა მას არ შეუდგენია და არ იცის ვინ შეადგინა (იხ.: მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ზ. ბ–ის 2021 წლის 6 მაისის გამოკითხვის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 5-12)).

11. ბ. ბ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპზე თავი სცნო დამნაშავედ მისთვის ბრალადწარდგენილ ქმედებათა ჩადენაში და მოითხოვა ყველაზე მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის სხდომი ოქმი 17:43:28-17:44:00).

12. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტი, რომელიც შეიძინა და შემდგომში გამოიყენა ბ. ბ–მა საჯარო რეესტრში წარსადგენად და კ.......... მდებარე 4000 კვმ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დასაუფლებლად იყო ყალბი.

13. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ. ბ–მა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- ყალბი აქტი – გამოიყენა გ..... სოფელ კ.......... 4000 კვმ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დასაუფლებლად, მოცემული ყალბი დოკუმენტის გამოყენება იყო თაღლითობის კონსტრუქციული ელემენტი – მოტყუების ერთ-ერთი ხერხი.

14. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ორი დამოუკიდებელი დანაშაულია.

15. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ისჯება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. "მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. არსებობს მოტყუების ორი სახე - აქტიური და პასიური. ასევე მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ თაღლითობას, მოტყუების ელემენტის არსებობის გამო, ხშირად ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან აკავშირებენ, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ძირითად დანაშაულთან ერთად, დამატებითი დანაშაულის შემადგენლობას ქმნის, კერძოდ, ეს მოქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლითაც უნდა დაკვალიფიცირდეს, რაც გულისხმობს, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას"(იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის N262აპ-23 განჩინება).

16. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ბ. ბ–ს ედავება ყალბი დოკუმენტის (1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... ყალბი აქტის) როგორც შეძენას, ასევე მის გამოყენებას ერთიანი განზრახვით – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით.

17. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულია ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტურ მხარეში შემავალი ერთ-ერთი ქმედების – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება, გამოყენება – ჩადენისთანავე (მოცემულ შემთხვევაში – გამოყენების მიზნით შეძენის და გამოყენების მომენტიდან). ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის ოფიციალური წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა პირმა სასურველ შედეგს. აღნიშნული ქმედება ხასიათდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის N903აპ-23; 2019 წლის 12 მარტის N529აპ-18 განაჩენები).

17.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის ბ. ბ–ის აღიარებითაც) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დანაშაული მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი იყო სპეციალური მიზნით – ყალბი დოკუმენტის გამოყენების მიზნით (რაც გულისხმობს გამოყენებას იურიდიული მნიშვნელობის შედეგის მიღწევის მიზნით) და ჩადენილი იყო პირდაპირი განზრახვით. კერძოდ, ბ. ბ–ისათვის ცნობილი იყო, რომ 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- აქტი იყო ყალბი და მან აღნიშნული ყალბი აქტი ამავე მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირების მიზნით. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი №....... ოქმისა და მიღება-ჩაბარების N... აქტის საფუძველზე, 2017 წლის 9 ოქტომბერს, ბ. ბ–მა საკუთრებაში დაირეგისტრირა 4000 კვმ ფართის, ....... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 88 000 ლარის ქონებრივი ზიანი.

17.2. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბ. ბ–ი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით – მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი – მისი მიზანი იყო წინასწარი შეცნობით ყალბი დოკუმენტის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის მეშვეობით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება.

18. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტით, 2021 წლის 19 აგვისტოს №....... გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, თავად მსჯავრდებულ ბ. ბ–ის ჩვენებით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

19. იმავდროულად, მართალია ბ. ბ–მა ყალბი დოკუმენტის შეძენისა და გამოყენების გზით მოახერხა საკუთრებად დაერეგისტრირებინა სახელწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი, თუმცა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით/გამოყენება და თაღლითობა.

20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ბ. ბ–მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შეძენით და გამოყენებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

21. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ბ. ბ–ის მიერ ყალბი დოკუმენტის – 1994 წლის 4 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტის შეძენით და შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენით დასრულდა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამ ქმედების განხორციელებით მნიშვნელოვანი ზიანი არ დამდგარა (ე.ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი). სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბ. ბ–ის მიერ თაღლითობის ჩადენამ, რომლის დროსაც მან მოახერხა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიყვანა შეცდომაში და შედეგად სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება თავის სახელზე დაირეგისტრირა (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

21.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

23. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

24. საკასაციო სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას, – ბ. ბ–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მათ შორის იმ გარემოებას, რომ ბ. ბ–ი აღიარებს მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ასაკს (60 წლის), ჯანმრთელობის მდგომარეობას (მსჯავრდებულისვე განმარტებით სტკივა ფეხები და უჭირს გადაადგილება), განსახილველი დანაშაულიდან გასულ დროს და იმ ფაქტს, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენიდან წინამდებარე განაჩენის დადგენამდე ბ. ბ–ი არ არის მხილებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენაში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33)

24.1. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით ბ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი.

25. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

25.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

25.2. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ბ. ბ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გასაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმაზე, გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

26. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნაზე, ბ. ბ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ბ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე). კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა ბ. ბ–მა აღიარა და მოინანია ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დანაშაულებრივი ფაქტიდან გასულ პერიოდში ბ. ბ–ის ყოფაქცევა, მისი პიროვნება, ოჯახური, ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

26.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 განჩინება; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება; 2024 წლის 1 აგვისტოს 854აპ-24 განჩინება; 2024 წლის 14 ნოემბრის 845აპ-24 განაჩენი).

26.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრულ როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

26.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

26.4. ბ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ბ. ბ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გასაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმაზე, გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ბ. ბ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ბ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;

4. ბ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5 000 ლარი;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. ბ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე