Facebook Twitter

საქმე # 020100122005778685

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1143აპ-24 ქ. თბილისი

ხ. ა. 1143აპ-24 22 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენზე მესტიის რაიონული პროკურორის – რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ხ–ის, – პირადი ნომერი ..........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. ა. ხ–მა, რომელიც 2016 წელს მუშაობდა ამზომველად და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად, 2016 წლის 10 აპრილს, განზრახ დაამზადა დაბა მ–ში, ....ის ქუჩაზე მდებარე 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით – ....... საკადასტრო აზომვითი ნახაზი. კერძოდ, ამ უკანასკნელმა მის მიერ შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-5 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის საპირისპიროდ, განზრახ არ ასახა აზომილ მიწის ნაკვეთზე 173.8 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა (აღნიშნული შენობა-ნაგებობის ნაწილი განთავსებული იყო ი. ხ–ის და ა. ლ–ას თანასაკუთრებაში არსებულ, დაბა მ–ში, ..... ქუჩის № ..–ში მდებარე 1 644 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით – .....) და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი შეადგინა იმდაგვარად, თითქოს მასზე შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული. ა. ხ–მა, მის მიერ 2016 წლის 10 აპრილს შედგენილი მიწის ნაკვეთის ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გადასცა ფ. ა–ს, რითაც გაასაღა მის მიერ შედგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. ფ. ა–მა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ა. ხ–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 362-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. ა. ხ–მა, რომელიც 2016 წელს მუშაობდა ამზომველად და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად, 2016 წლის 7 ივნისს განზრახ დაამზადა დაბა მ–ში, ..... ქუჩის № ..–ში მდებარე, ი. ხ–ის და ა. ლ–ას თანასაკუთრებაში არსებული 1 644 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით –.... საკადასტრო აზომვითი ნახაზი. კერძოდ, ამ უკანასკნელმა ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-5 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის საპირისპიროდ, მის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე განზრახ მიაქცია/დაიტანა ორი შენობა ნაგებობა. ძირითადი შენობა-ნაგებობა N.. და დამხმარე შენობა-ნაგებობა N.., მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ ........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ნაწილობრივ მდებარე N.. დამხმარე შენობა-ნაგებობის სამხრეთ ნაწილი – 173.8 კვ.მ მდებარეობდა მომიჯნავედ მდებარე და მის მიერ 2016 წლის 10 აპრილს აზომილ N.......... და 2016 წლის 7 ივნისის მდგომარეობით N........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად არსებული გადაფარვისა, ა. ხ–მა შეადგინა მიწის ნაკვეთის ყალბი აზომვითი ნახაზი, N.. შენობა-ნაგებობას შეუცვალა მდებარეობა, რის შემდეგაც, ორივე შენობა-ნაგებობა მოაქცია დაბა მ–ში, ..... ქუჩის № ..–ში მდებარე ი. ხ–ის და ა. ლ–ას თანასაკუთრებაში არსებულ 1 644 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით –........., ტერიტორიაზე და აზომვითი ნახაზი გადასცა ი. ხ–ს, რითაც გაასაღა მის მიერ შედგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. ი. ხ–მა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ა. ხ–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. ზუგდიდის რაიონული საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით ა. ხ–ი საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ხ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა რამაზ ხურციამ, რომელმაც მოითხოვა ა. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს ა. ხ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. გ–ამ და ჯ. ჟ–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა – რამაზ ხურციამ. კასატორი ითხოვს ა. ხ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს ა. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ. გ–ამ და ჯ. ჟ–მ, რომლებიც ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას ან გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

5.1.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 20 იანვარს შემოვიდა ა. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. გ–ას ,,მოსაზრება“, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარე ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს გამართლებული ა. ხ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას ან გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7.1. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა გამართლებულმა ა. ხ–მა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. საქმეში არსებული მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ვერ დასტურდება ა. ხ–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ვინაიდან, მათ შორის, ვერ დადასტურდა, რომ: ა. ხ–მა იცოდა, რომ არასწორ მონაცემებს იღებდა ან/და იცოდა ი. ხ–ისა და ა. ლ–ას მიერ ღობის არასწორ ადგილზე გავლების თაობაზე და რომ მან განზრახ დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომელიც შემდეგ ასევე განზრახ გაასაღა ფ. ა–ზე და ი. ხ–ზე; მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 21 დეკემბრის N........ დასკვნით დგინდება, რომ ა. ხ–ის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენის მიზნით, ,,garmin-ის“ ფირმის პორტატული GPS მოწყობილობებით, 2016 წლის ჩატარებული აზომვების დროს არსებული ცდომილების განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია.

10. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და დამთავრებულად ითვლება დისპოზიციაში მითითებული მოქმედების ჩადენისთანავე. ამასთან, აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის N903აპ-23, 2019 წლის 12 მარტის N529აპ-18 განაჩენები).

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პოზიციით გამართლებულის მიერ შედგენილ ნახაზებში არსებული ცდომილებები გამოწვეულია არა აპარატით (რაც არ გამორიცხა არც ექსპერტმა), არამედ მან, როგორც დაინტერესებულმა პირმა (ვინაიდან იგი არის ფ. ა–ის ქმრის ძმა) განზრახ შეადგინა ყალბი აზომვითი ნახაზები. კასატორის მტკიცებით აღნიშნული დასტურდება ა. ლ–ას ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ი. ხ–მა და ა. ხ–მა იცოდნენ, რომ შენობის ნაწილი იყო სხვის მიწაზე, თუმცა მათ მონიშნეს, როგორც ცარიელი (15:27:31), შესაბამისად, ა. ხ–თანაც აქვს პრეტენზია, ვინაიდან გააყალბა დოკუმენტი – ნახაზები, მან იცოდა, რომ იქ იყო შენობა და ეს ცდომილებით არ აიხსნება (15:37:14). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის აღნიშნული პოზიცია არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით.

12. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, მათ შორის:

12.1. მოწმე ჯ. ჯ–ის განმარტებით იგი არის მ–ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა მ–ში და მის ფუნქცია-მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის მიწის რეგისტრაციის დროს ადგილზე გასვლა და სარეგისტრაციო მიწის შემოწმება, კერძოდ, იგი ადარებს საკადასტრო ნახაზს აზომილ ნაკვეთს და ადასტურებს მათ იდენტურობას (16:12:54); მოცემულ შემთხვევაში, დაათვალიერა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო ასახული აზომვით ნახაზზე (15:51:50); ერთადერთი მოსაზღვრე, რომელიც გამოყოფილი იყო ასაზომი ნაკვეთიდან, იყო ი. ხ–ის ტერიტორია. ნაკვეთები გამოყოფილი იყო მავთულბადით (15:52:21; 15:55:06); აზომილი ნაკვეთი დაათვალიერა ა. ხ–თან ერთად. ი. ხ–ის ნაკვეთზე იდგა 2 შენობა; აზომილ ნაკვეთზე შენობა არ იდგა (16:13:29); ,,მე, რაც ვნახე სიცარიელე, იმაზე მიმითითეს და გავაკეთე ის დოკუმენტი პირადად მე” (16:00:21); ნახაზთან მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაადასტურა ღობის (,,სეტკის”) გარეთ (16:13:37); იდენტურობის დადგენისას ეყრდნობიან დაინტერესებული პირის მითითებას (16:14:00); ა. ხ–ს არ უთხოვია მისი ნახაზის იდენტურობის დადგენა ფაქტიურ მიწის ნაკვეთთან (16:14:56); თუ მის მიერ დადასტურებულ ნახაზზე აღმოჩნდებოდა შენობა ან რაიმე უზუსტობა/ცდომილება, საჯარო რეესტრი არ დაარეგისტრირებდა (16:14:33) .

12.2. მოწმე გ. ფ–მა განმარტა, რომ ა. ხ–ის მიერ მიწის აზომვით ნახაზში, სავარაუდოდ, ვერ მოთავსდებოდა მის მიერ აზომილი შენობა-ნაგებობები (15:46:24), თუმცა მიწის ნაკვეთის ნახაზი დამკვეთის მითითებით უნდა შედგეს (15:19:42); 2016 წლის სექტემბერში შედგა ახალი ორთოფოტო, მანამდე სარგებლობდნენ 2010 წლის ორთოფოტოთი; ერთსა და იმავე დღეს სამმა ამზომველმა რომ აზომოს ერთი და იგივე ნაკვეთი, იდენტური შედეგები ვერ ექნებათ (15:44:10); მოცემულ შემთხვევაში, ცდომილება რამ გამოიწვა, არ იცის (15:45:23); ხელსაწყოს, რომლითაც თავად ზომავდა ნაკვეთს, ჰქონდა დაახლოებით 6-მეტრიანი ცდომილება (15:20:07).

13. სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 16 აგვისტოს N.........., 2019 წლის 30 დეკემბრის N........ და 2023 წლის 25 დეკემბრის N......... დასკვნებთან ერთად (რომელთა თანახმად, მათ შორის, დგინდება, რომ ქალაქ მ–ში, ნ–ს ქ. №..-ში მდებარე (ს.კ. №........) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე აღნიშნული 02/1 შენობა-ნაგებობის ნაწილი მდებარეობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მეორე ნაწილი – მომიჯნავედ არსებული ს/კ №......... მიწის ნაკვეთის საზღვრებში), ასევე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, 2023 წლის 21 დეკემბრის N.......... საინჟინრო-ტექნიკურ დასკვნას (რომლის თანახმად, ა. ხ–ის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენის მიზნით, ,,garmin-ის“ ფირმის პორტატული GPS მოწყობილობებით, 2016 წელს ჩატარებული აზომვების დროს არსებული ცდომილების განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია) და, მეორე მხრივ, აღნიშნული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტის ჩვენებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე, მართალია დაადასტურა, ნახაზებში არსებული ცდომილებები, თუმცა, იმავდროულად, განმარტა, რომ 2016 წლის აპრილში ამზომველები სარგებლობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით. მათი (ამზომველების) ვალდებულება მოიცავდა ადგილზე გასვლას, შესაბამის აზომვებს, შენობის არსებობის შემთხვევაში, მის აზომვას და ნახაზზე დატანას (11:46:06). იმ პერიოდში სარგებლობდნენ სტაციონარული და პორტატული აპარატებით. სტაციონარული აპარატი არის გაცილებით მცირე ცდომილების, პორტატული კი – მათ შორის, ,,garmin-ის“ ფირმის, შედარებით დიდი ცდომილების. ,,garmin-ის“ ფირმის აპარატებს (გააჩნია მოდელსაც) მინიმუმ 3 მეტრიანი ცდომილება (3 მეტრზე ნაკლები არ არის) აქვს (11:46:39), შესაძლებელია 6 და 10-მეტრიანი ცდომილებაც, ანუ 3 მეტრზე ნაკლებ ცდომილებას ვერ მიიღებ ამ აპარატით, მაგრამ შესაძლებელია მეტი (11:27:39). თავად გამოიყენა სტაციონარული აპარატი, რომლის ცდომილება არის 5 სანტიმეტრამდე. პორტატული აპარატით აზომვისას გამორიცხული არ არის ისეთი შედეგი, რომ აზომილი 2 შენობიდან, ერთი შეესაბამებოდეს ფაქტობრივ მდგომარეობას, ხოლო მეორე შენობა აცილებული იყოს დაახლოებით 6 მეტრით, ვინაიდან ერთი შენობის კოორდინატები შეიძლება სწორად აიღოს აპარატმა, ხოლო სხვა წერტილიდან აზომვისას სხვა ცდომილება ასახოს (11:48:26). ერთი და იგივე პირი 3-ჯერ რომ გავიდეს ერთსა და იმავე ადგილზე, ერთი და იგივე ნაკვეთის ასაზომად, იდენტურ შედეგებს ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობის კონფიგურაცია – კუთხეები არ იცვლება არავისთვის. როცა პირი ზომავს ერთი აპარატით, იცის მისი ცდომილება და იმის მიხედვით ამზადებს ნახაზს. სხვას, სხვა აპარატით, შეიძლება განსხვავებული ცდომილება ჰქონდეს და სხვა შედეგი მიიღოს (12:19:53). ინსტრუქციაში GPS მოწყობილობების ცდომილებაზე საუბარი არ არის (12:24:20). ა. ხ–ის და გ. ფ–ის მიწის ნაკვეთების ნახაზების შედარებისას ჩანს, რომ კონფიგურაციები განსხვავებულია (12:33:13). მათ ნახაზებს შორის, ჩრდილოეთით არის მცირე, 2-3 მეტრიანი სხვაობა, ხოლო სამხრეთით – 11 მეტრი. მსგავსი სხვაობა შესაძლებელია გამომდინარეობდეს აპარატების ცდომილებით, თუ ორივე ამზომველი აზომვისას გამოიყენებს პორტატულ აპარატს. ასევე ამ აპარატით შეიძლება იყოს გამოწვეული ის, რომ, ერთ შემთხვევაში, საზღვარი ქვემოთ იყოს ჩაწეული, მეორე შემთხვევაში ზევით, განზე და ა.შ. (12:34:05). შენობების შემთხვევაში, მხოლოდ N.. შენობასთან მიმართებით არის ცდომილება, რაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორივე ამზომველი პორტატული აპარატით იმუშავებდა (12:38:52). მოცემულ შემთხვევაში, მაქსიმალური ცდომილება არის 12,84 მეტრი, რაც პორტატული აპარატით გაზომვის ცდომილების ფარგლებში ჯდება, ვინაიდან ამ აპარატით შეიძლება ისეთი ცდომილება, რომ არსებული ნახაზი იქნეს მიღებული (12:42:16). მოწმემ, მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, განმარტა, რომ თუ დამკვეთი ამზომველს მიუთითებს ასაზომი ნაკვეთის 4 წერტილს, ამზომველი ამ ნაკვეთში დაინახავს შენობას, ხოლო აპარატი მას (შენობას) არ დააფიქსირებს (დააფიქსირებს გარეთ), მაშინ ამზომველმა თავიდან უნდა აზომოს ნაკვეთი. თუ ამ ტერიტორიაზე შენობა არ არსებობს, შესაბამისად, არ დაიტანს. ამზომველი აზომვისას დამოკიდებულია დამკვეთის მითითებაზე (12:43:23). თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ქვედა მხარეს დარეგისტრირებულია ის ნაკვეთი, რომელზეც გადადის შენობა, ამზომველი რომ მისულიყო (აქ – უჩვენებს ნახაზზე, დანართი N..-ზე) და სწორ ადგილას დამდგარიყო, როგორც აჩვენა დამკვეთმა და მას პორტატული აპარატით აეზომა ეს ნაკვეთი, შესაძლებელია, აპარატს ნაკვეთი დაეფიქსირებინა იქ, სადაც არის შენობა (მიუხედავად იმისა, თუ შენობა არ იქნებოდა ამ ტერიტორიაზე), ანუ პორტატულ აპარატს, ცდომილებით ეჩვენებინა შენობა (12:44:09).

14. მოწმეთა, მათ შორის, ექსპერტის ჩვენების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ა. ხ–ის მიერ დამკვეთის – ფ. ა–ის – მიწის ნაკვეთის აზომვისას მისთვის ცნობილი იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთიდან შენობა-ნაგებობის გადმოსვლის შესახებ, გ. ფ–ის მიერ შესრულებულ ნახაზზე მითითებით, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნახაზიც შეიცავს გარკვეულწილად არასწორ მონაცემებს.

15. ა. ხ–ის ჩვენების თანახმად, მისთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ ასაზომ ნაკვეთში ექცეოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთიდან გადასული შენობის ნაწილი და ნახაზებში არსებული უზუსტობა გამოყენებული აპარატის ცდომილების შედეგია. ნახაზი შეადგინა ფ. ა–ის მითითებით. მის შედგენამდე ადგილზე აიყვანა ფ. ა–ი, რათა მას ენახებინა კონკრეტული ასაზომი მიწის ნაკვეთი. ფ. ა–მა სთხოვა – 1000 მ2 აზომვა, იმ მხარეს, რომელიც ესაზღვრებოდა იდრისის ნაკვეთს (11:42:28; 11:47:00). აღნიშნულის შემდეგ, ნაკვეთის ასაზომად თავად გავიდა ადგილზე. უშუალოდ სამსახურში აზომილი ნაკვეთის ნახაზის დამზადებისას (გვერდზე მდებარე ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო და მის მონაცემებზე ელექტრონულად ჰქონდა წვდომა), რადგან იცოდა, რომ ადგილზე უშუალოდ ღობიდან აზომა, და, იმავდროულად, მის აპარატს რამდენიმე მეტრიანი ცდომილება ჰქონდა, კომპიუტერში აზომილი ნაკვეთის საზღვარი შეასწორა და მიაბჯინა მოსაზღვრე ნაკვეთს. მასთან მივიდა ი. ხ–ი და სთხოვა ნახაზში ცვლილების შეტანა, კერძოდ – მეორე შენობის დამატება. ადგილზე იყო ა. ლ–აც, რომელსაც უთხრა, რომ შენობას ზუსტად ვერ დასვამდა ნახაზზე და რომ სხვაობა ექნებოდა. ნახაზის შედგენისას იხელმძღვანელა პროექტით. პირველი შენობა მას არ აუზომია. მან მხოლოდ ცვლილება ასახა. განაშენიანების ფართი აიღო პროექტიდან. შენობის აზომვისას ყველა წერტილზე აპარატმა სხვაობა მისცა, ფაქტობრივ სიზუსტეს იმ აპარატით იგი ვერ დასვამდა. ამასთან, ი. ხ–მა და ა. ლ–ამ თავიანთი ნაკვეთის კაპიტალური ღობე 2017 წელს გააკეთეს, აღნიშნული ღობე ემთხვევა თუ არა მისი ადგილზე მისვლის დროს არსებულ ღობეს, არ იცის (12:13:40).

15.1. გამართლებულმა დაადასტურა, რომ ადგილზე მისვლისას ნახა, რომ მომიჯნავე ნაკვეთს შემოვლებული ჰქონდა ღობე, ნახაზი წითელი ზოლების შესაბამისად შეადგინა შესაბამის სარეგისტრაციო ბაზაში, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ასაზომ ნახაზში მომიჯნავე ნაკვეთზე მდგომი შენობა იყო გადასული (11:39:08). ამასთან, ასაზომ ნაკვეთს უთითებს დამკვეთი (11:42:28). ი. ხ–მა და ა. ლ–ამ თვითნებურად გადაწიეს საზღვარი/ღობე, რაც მისთვის ცნობილი არ იყო (11:53:25). ვერ წარმოიდგენდა, რომ უნებართვოთ ააშენებდნენ სხვის მიწაზე, მით უფრო, საზღვარზე გავლებული იყო ღობე (12:22:35).

16. უდავოდ ცნობილი მოწმე ფ. ა–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, როდესაც მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად გაუჩნდა ნახაზის საჭიროება, მაზლს – ა. ხ–ს (რომელიც მუშაობდა აზომვითი ნახაზების შედგენაზე) სთხოვა აზომვა და აჩვენა ,,მიწის ნაკვეთი თუ სად უნდა აეზომა”. მემკვიდრეობით მიღებულ მის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არანაირი შენობა-ნაგებობა არ იყო; როგორც ახსოვს, უშუალოდ აზომვის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა ადგილმდებარეობა ანახა – ,,ვაჩვენე საბუთები და, ასევე, ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მე ვიცოდი, რომ იყო ჩემი და ჩემი შვილის საკუთრება და უნდა მომხდარიყო მისი აზომვა” (ტ. N4; ს.ფ. 270-273).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება – დაზარალებულ ა. ლ–ას ჩვენება, რაც არ არის დადასტურებული საქმეში არსებული სხვა არცერთი (არც პირდაპირი და არც გარემოებითი) მტკიცებულებით. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ა. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და პროკურორის პოზიცია, რომ გამართლებულმა ჩაიდინა ბრალადწარდგენილი დანაშაულები, არის მხოლოდ ვარაუდი. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

18. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

19. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენზე მესტიის რაიონული პროკურორის – რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი