საქმე # 170100123007392264
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1178აპ-24 ქ. თბილისი
გ. ა. 1178აპ-24 14 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ა. გ–ეს - პ/ნ ........, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. გ–ემ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ცულის ყუის მარცხენა ყურის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი შვილის - ტ. გ–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული დაზიანებების შედეგად ტ. გ–ე მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა 2023 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით:
2.1. ა. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ა. გ–ეს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს აინაზღაუროს მიყენებული ზიანი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს გამართლებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ. ნ–მ და გ. გ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი ითხოვს ა. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თ. ნ–ისა და გ. გ–ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენი.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. ბრალდების მხარემ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ა. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (ტ. გ–ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმით), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (დასტურდება, რომ 2022 წლის 19 ნოემბერს 00:25-00:40 საათებში დათვალიერდა სოფელ ფ–ში ა. გ–ის სახლი, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა საშუალო ზომის ცული), დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას (ნაჯახზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლენილა), ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას (ნაჯახზე არსებული მოყავსიფრო ფერის ლაქები სისხლს არ შეიცავს და ამავე ნაჯახის ერთ ზედაპირზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა), რომლებითაც, დგინდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დანაშაულის საგანზე – ცულზე, ა. გ–ისა და ტ. გ–ის კავშირი, შემხებლობა არ დასტურდება.
12. სასამართლო ითვალისწინებს ა. გ–ის ჩვენებას, ასევე მოწმეთა: დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ნ. ზ–ის (ტ. გ–ე ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, ალკოჰოლს ვინც არ მიუტანდა მასზე ძალადობდა, ვინმე სჭირდებოდა, ვინც ჭიქას მიუჭახუნებდა, ფხიზელი არ უნახავს. სულ კონფლიქტი იყო. ერთ ღამეს ფეხით ავიდა პაპა პოლიციაში ფ–დან თ-ში. პაპას არ უნდოდა ტ–ს დაჭერა. მას კი ალკოჰოლიკები ჩაჰყავდა და პაპას დალევას აიძულებდა. პაპა განზრახ არ ჩაარტყამდა, აქამდე მან შეინახა. პაპას ძალადობა ტ–ზე არავის გაუგია), რ. ც–ს ( იგი მდგმურად იყო ა. გ–ის სახლში, ხელოსნები არიან, 6-7 კაცი. ერთხელ, იკინკლავეს მამა-შვილმა, ტ–ს ბენზოხერხი ჰქონდა დაქოქილი და მამას დაადგა დაქოქილი ბენზოხერხით თავზე, საკუთარი თვალით ნახა. ნასვამი იყო. გააშველა) ჩვენებებს, საქართველოს შსს თ–ს რაიონული სამმართველოს 2024 წლის 11 იანვრის წერილს (2021 წლის 18 დეკემბერს შესული შეტყობინების თანახმად, ტ. გ–ე სახლში მივიდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა. გ–ეს).
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის არგაზიარებასთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. გ–ე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში (დასტურდება ალკოტესტით და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე გარეშე პირის დ. ქ–ას ჩვენებით ( მისი მოწვევა საჭირო გახდა ა. გ–ის დაქვეითებული მხედველობის გამო)) და ვერ დგინდება საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ა. გ–ეს განემარტა თუ არა უფლებები, მათ შორის - თავისი მამხილებელი ინფორმაციის არმიცემის უფლება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ა. გ–ემ არ დაადასტურა მის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გაკეთებული განმარტებები.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმე ბ. ხ–ე უშუალოდ არ შესწრებია სავარაუდო დანაშაულის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას მიუთითა, იმ გარემოებებზე, რაც მისთვის ცნობილი გახდა ა. გ–ისგან (მოწმის განმარტებით, ა. გ–ემ თქვა, რომ ტ. გ–ემ გამოიყვანა წყობილებიდან და ცული ჩაარტყა (იხ.: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი 11:27:45-11:28:30)).
15. ამდენად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
16. მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე