Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1194აპ-24 თბილისი

დ. ა., 1194აპ-24 28 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით ა. დ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, ა. დ-ეს 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 5 აპრილიდან იმავე წლის 22 მაისის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ემ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის თებერვალში ა. დ-ემ გაიცნო ნ. ნ-ე და 2024 წლის 25 თებერვლიდან 2024 წლის 30 მარტამდე მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2024 წლის 3 მარტს, დღის საათებში, თ-ში, -ის ქუჩის -, ბინა N--ში, ა. დ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ნ. ნ-ისაგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მისი მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას: უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რა დროსაც ნ. ნ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2024 წლის 10 მარტს, დღის საათებში, თ-ში, -ის ქუჩის -, ბინა N--ში, ა. დ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ნ. ნ-ისაგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მისი მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას: უთხრა, რომ იარაღს ესროდა და მოკლავდა, რა დროსაც ნ. ნ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აგრეთვე, 2024 წლის 28 მარტს, დღის განმავლობაში, თ-ში, -ის ქუჩის -, ბინა N--ში, ა. დ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ნ. ნ-ისაგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მისი მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას: აიღო საყვავილე და უთხრა, რომ აღნიშნულ საყვავილეს ჩაარტყამდა თავში, შემდეგ კი უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რა დროსაც, თითოეულ შემთხვევაში, ნ. ნ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2024 წლის 29 მარტს, დღის საათებში, თ-ში, -ის ქუჩის -, ბინა N--ში, ა. დ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ნ. ნ-ისაგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მისი მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას: უთხრა, რომ მას უნდა დამორჩილებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ აცოცხლებდა და აივნიდან გადააგდებდა, რა დროსაც ნ. ნ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით პროკურორები: ანა ცუცქირიძე და დავით ხვედელიძე ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ა. დ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელსაც მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის.

5. მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ-ე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ა. დ-ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. დ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დაზარალებულების პოზიცია მის მიმართ პრეტენზიების არარსებობის თაობაზე, ასევე) გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობებისა და 531-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიუხედავად ალტერნატიული, უფრო მსუბუქი სასჯელების არსებობისა, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე. სააპელაციო პალატა ასევე დაეყრდნო დაზარალებულისა და მსჯავრდებულის განცხადებებს, რომ დღეისათვის ისინი ერთმანეთს დაშორებულები არიან და არ აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანაშაულის განმეორების რისკს.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. დ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი კიდევ უფრო დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორების საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე