საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1203აპ-24 4 აპრილი, 2025 წელი
მ. შ., №1203აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით, შ. მ-ეს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით, შ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 29 მარტს, ს. ბ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის – შ. მ-ის – მიმართ 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც შ. მ-ეს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მსხვერპლის – ს. ბ-ის – სახლთან მიახლოება, ასევე – მასთან, მის სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ შ. მ-ე გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, შ. მ-ე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მივიდა თ-ში, ნ---ის ქუჩის ---ში მდებარე ს. ბ-ის საცხოვრებელ სახლთან. შესაბამისად, შ. მ-ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ს. ბ-ეს მიადგა მორალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით, შ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 215 საათის ვადით, რაც, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა ზედელაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა შ. მ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა ზედელაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. მ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ მხოლოდ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს შ. მ-ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“
10. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედო შ. მ-ეს, სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ოჯახური დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები და შ. მ-ეს განუსაზღვრა არასაპატიმრო სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია, რის გამოც, დანიშნული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, შ. მ-ემ დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა და მის მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაული ექცევა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ... მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.“ შესაბამისად, შ. მ-ე ვერ ისარგებლებს ხსენებული ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათით.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე