საქმე # 330100123007913689
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1217აპ-24 ქ. თბილისი
ბ. ი.1217აპ-24 25 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ის, – პირადი ნომერი ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ში, ვ–ს დასახლების N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ე. წ–ს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის არაერთგზის ნასამართლევმა ი. ბ–მა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენით, ი. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლითა და 3 თვით), მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა „Mersedes-benz c240” ფირმის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ...... და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ი. ბ–ის ქმედებით ე. წ–ს მიადგა 7 855 ლარის და 80 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.1. აღნიშნული ქმედებით ი. ბ–მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით ი. ბ–ის მიმართ საქართველოს სს-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.1. ი. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
2.2. ი. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2023 წლის 19 აგვისტოდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ში, ვ–ს დასახლების N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ი. ბ–მა თავისად დაიგულა უფლება ე. წ–ლის კუთვნილ „Mersedes-benz c240” ფირმის ავტომობილზე (სახელმწიფო ნომრით ........) და წაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა, რომელმაც მოითხოვა ი. ბ–ის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა. კასატორი ითხოვს ი. ბ–ის ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს ი. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) დამნაშავედ ცნობას, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილისა (მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია).
8.1. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ი. ბ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით თუ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ი. ბ–ის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ი. ბ–ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მათ შორის, არ დასტურდება, რომ ი. ბ–ი ავტომანქანის შესაბამისი ნებართვის გარეშე წაყვანისას, მოქმედებდა ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნულის დადასტურებას კასატორი ცდილობს დაზარალებულის ჩვენებით, რომლის თანახმად, ავტომანქანის წამოსაყვანად მისულს, ავტომანქანასთან მდგომმა მსჯავრდებულმა – ი. ბ–მა – უთხრა: ,,– შენ რა უნდა წაიყვანო? მე ვიცი, სადაც უნდა წავიდე” (13:07:07), რის შემდეგაც სწრაფად ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. დაზარალებულის აღნიშნული განმარტება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებს ი. ბ–ის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას.
11.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ში” შეტყობინების დატოვებისას ე. წ–მა, მართალია, ზოგადად მიუთითა, რომ ავტომობილი გასტაცეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა განმარტა, რომ მას შეეშინდა ი. ბ–ს ავტომანქანაში, რომელიც რეგისტრირებულია მისი შვილის – ლ. ა–ის – სახელზე, არ შეენახა კანონსაწინააღმდეგო ნივთი/ნივთიერება, რის გამოც, არ იცოდა რა ექნა, თუმცა მალევე გადაწყვიტა, დაერეკა „112“-ში (13:05:05). ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა – ნ. ხ–მ (13:26:08) და ლ. წ–მა (12:05:17).
11.2. იმავდროულად, დაზარალებულმა ე. წ–მა განმარტა, რომ ავტომობილით ასევე სარგებლობდა მისი ძმა – ლ. წ–ი და შვილი. ძმისთვის ავტომანქანა რამდენიმე კვირითაც დაუტოვებია (13:12:23); აღნიშნული დაადასტურა არამარტო მოწმემ ლ. წ–მა (დამატებით განმარტა, რომ ავტომობილის თხოვების უფლება მასაც ჰქონდა და უთხოვებია ი. ბ–ისათვის), არამედ – მოწმებმა: ვ. ს–მ (ავტომობილით ძირითადად სარგებლობდა ლ. წ–ი; საჭესთან ე. წ–ი არ უნახავს), ნ. ს–მ (ი. ბ–ი არაერთხელ უნახავს ლ. წ–ს ოჯახის ავტომობილის საჭესთან) და ჯ. ფ–მ (ავტომანქანით სარგებლობდა ლ. წ–ი. საჭესთან ქალბატონი არ უნახავს).
12. ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დასტურდებოდეს მისაკუთრების მიზნის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება. შესაბამისად, ვინაიდან მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43), ხოლო მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტის – სპეციალური მიზნის (მისაკუთრება) – არსებობა ი. ბ–ის ქმედებაში, უსაფუძვლობის გამო, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებირვი საფუძველი.
12. 1. იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ (დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია), ხოლო სასამართლო შეზღუდულია საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლით, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
13. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი