საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1224აპ-24 28 აპრილი, 2025 წელი
დ-ი გ., 1224აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენით გ. დ-ი ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: დ-ოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ; განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, როდესაც მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2022 წლის 7 მაისს, საღამოს საათებში, დ-ოს რაიონის სოფელ ქ-ში, სოფელ ა-ს მიმართულებით, დაახლოებით, 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „გაზ-53“ (სახელმწიფო ნომრით – --), რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა მძღოლი – გ. დ-ი. იმავე დროს აღნიშნულ სავალ ნაწილს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთდა ქვეითი კ. ჩ-. მოძრაობისას გ. დ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით კ. ჩ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
· 2022 წლის 7 მაისს, საღამოს საათებში, დ-ოს რაიონის სოფელ ქ--ში, სოფელ ა-ს მიმართულებით, დაახლოებით, 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „გაზ-53“ (სახელმწიფო ნომრით – --), რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა მძღოლი – გ. დ-ი. იმავე დროს, აღნიშნულ სავალ ნაწილს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთდა ქვეითი კ. ჩ-. მოძრაობისას გ. დ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით კ. ჩ-ს. გ. დ-ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი წინარე ქმედების შედეგად კ. ჩ- აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად (გადასარჩენად), ამასთანავე, გ. დ-ს ევალებოდა მისი დახმარება და შეეძლო კიდეც. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და დაუხმარებლად მიატოვა კ. ჩ-, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
3. აღნიშნული ქმედებებისათვის გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 128-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. დ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2024 წლის 26 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 8 მაისიდან იმავე წლის 17 მაისის ჩათვლით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა მოითხოვა მსჯავრდებულ გ. დ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. ადვოკატმა მ. ქ-ემ შესაგებლით მოითხოვა გ. დ-ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 128-ე მუხლით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ-ე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ითხოვს გ. დ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 128-ე მუხლით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. დ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა.
3. საკასაციო სასამართლოს, პირველ რიგში, დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2022 წლის 7 მაისს, საღამოს საათებში, დ-ოს რაიონის სოფელ ქ-ში, სოფელ ა-ს მიმართულებით ავტომობილი „გაზ-53-ით“ მოძრავი, ნასვამი გ. დ-ი შეეჯახა ქვეით კ. ჩ-ს. გ. დ-ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და დაუხმარებლად მიატოვა კ. ჩ., რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია გ. დ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 128-ე მუხლით მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ხ-ის, მოწმეების: ვ. ხ-ის, დ. ღ-ის, თ. ხ-ის, ი. ი-ის, ზ. ჩ-ის ა. ღ-ის, გ. კ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ალკოტესტით შემოწმების შედეგით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მცდარი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/6/770 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს უნდა წარმოადგენდეს, ამასთან, უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე – მისი ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851, „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში.... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის – სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რათა დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე – Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242; Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით – სამ წლამდე, ხოლო სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით – ერთ წლამდე, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით – ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით, ვადით – ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა – ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ისევე, როგორც დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, სსკ-ის 128-ე მუხლით კი მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გ. დ-ს განუსაზღვრა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური ხანგრძლივობით, რაც დანაშაულის ჩადენის ვითარების, გ. დ-ის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
12. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. დ-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, მის მიერ ჩადენილია როგორც მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი, ისე – განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ასევე – დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპი, საქმეში გამოკვლეული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
13. ამასთან, ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე/ინფორმაციაზე, რაც არ იყო/არასათანადოდ იყო შეფასებული სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განაჩენში და ადასტურებს დანიშნული სასჯელის უსამართლობას, რის საფუძველზეც, სასამართლოს ექნებოდა დანიშნული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის – გამკაცრების შესაძლებლობა.
14. საკასაციო სასამართლო გ. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების და ხასიათის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსულის გათვალისწინებით, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის შესახებ (მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა). სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ხ-ის პოზიციასაც გ. დ-ის მკაცრად დასჯის თაობაზე. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამასთან, ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს ზიანის აუნაზღაურებლობა ვერ მიიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის, იხ. სუსგ: N295აპ-22, N354აპ-22). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სუსგ: №51აპ-19, №389აპ-21, N432აპ-22).
15. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობა: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21).
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ზოგადი წუხილი მომხდარი შემთხვევის გამო, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ვერაფრით შეუმსუბუქებს მას ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ვერ შეუწყობს ხელს, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა სხვა არაფერია, თუ არა დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება მსჯავრდებულისათვის ადეკვატური, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით, განსაკუთრებით ისეთი კატეგორიის საქმეებზე, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა და სასამართლოს, დარღვეული უფლების ხარისხის მხედველობაში მიღებით, კიდევ უფრო მეტად მართებს, გულდასმით მოეკიდოს დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს და თავი შეიკავოს არაგონივრული ლმობიერებისაგან.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. დ-ი როგორც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, ისე – არსებითი განხილვისას აღიარებდა მხოლოდ ფაქტს (და არა – ბრალს) და იყენებდა დუმილის უფლებას, ხოლო, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, საბოლოო სიტყვის ეტაპზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში (იხ. სხდომის ოქმი), რაც ვერ შეფასდება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობად (მაგალითისთვის იხ. სუსგ: N444აპ-23, N878აპ-22).
18. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას იმპერატიულად უკავშირებს ამავე ნაწილით დადგენილი ზემოაღნიშნული სამი წინაპირობის არსებობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეღავათის გამოყენებისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, მით უფრო, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ბრალის აღიარების მიმართ არათანმიმდევრული პოზიციის შემთხვევაში.
19. შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის – პირობით მსჯავრად ჩათვლა, რის გამოც, აღნიშნულ ნაწილში უნდა შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენი.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლის – მ. ხ-ის – განცხადება, რომელიც ითხოვს გ. დ-ის მკაცრად დასჯას. დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის ცვლილების შესახებ და არც მისი თანხმობა გ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გ. დ-ს ამნისტიის საფუძველზე შეუმციროს დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. დ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით –1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. დ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2024 წლის 26 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 8 მაისიდან იმავე წლის 17 მაისის ჩათვლით;
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ. დ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
თ-გან ამოღებული კ. ჩ-ს ნივთები (ტანსაცმელი, სამი ცალი სატვირთი და ორი ცალი მობილური ტელეფონი), რომელიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის დეპარტამენტის დ-ოს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
გ. დ-ის სისხლის ნიმუში, რომელიც, დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
გ. დ-ისაგან ამოღებული ტანსაცმელი (შარვალი და სვიტერი), ნიმუში, რომელიც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
გ. დ-ისაგან ამოღებული ტანსაცმლის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
გ. დ-ისაგან ამოღებული „გაზ-53“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – --, რომელიც დალუქული სახით გაჩერებულია სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდი, რომელიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის დეპარტამენტის დ-ოს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სათვალე, რომელიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის დეპარტამენტის დ-ოს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
მ. ხ-ისაგან ამოღებული კ. ჩ-ს ტანსაცმელი (მოსასხამი), რომელიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის დეპარტამენტის დ-ოს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
გ. დ-ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
„გაზ-53“ მარკის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით – --) ამოღებული „შალითები“ და „ბალიში“, რომლებიც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
„გაზ-53“ მარკის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით - --) ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
კ. ჩ-საგან აღებული სისხლის ნიმუში – განადგურდა კანონით დადგენილი წესით;
დ-ოს რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე, გ. ჩ-ს კუთვნილი მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ „DVD-R“ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე