საქმე N 110100123006971339
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1228აპ-24 10 აპრილი, 2025 წელი
ჭ-ე ტ., №1228აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. ჭ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არაერთგზის), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დამნაშავისათვის, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არაერთგზის), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სხვა მფლობელობაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2017 წლის მარტის თვიდან, 2022 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ტ. ჭ–ე, ქ. ზ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჟესტურ ენაზე, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბ–ს, რის შედეგადაც ბ–ს მიადგა ტანჯვა.
1.3. 2022 წლის მარტის ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ტ. ჭ–ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბ–ს, რის შედეგადაც ბ–ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დილის საათებში, ქ. ზ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ტ. ჭ–ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, განახორციელა ფსიქიკური იძულება მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბ–ის მიმართ, კერძოდ, რამდენჯერმე უთხრა, რომ მოკლავდა, თუკი იგი მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოებს.
1.5. 2022 წლის 4 ივლისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით ტ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. 2022 წლის ოქტომბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ღამის საათებში, ქ. ზ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ტ. ჭ–მ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით, შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ბ–ს, რის შედეგადაც, ბ–ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
1.6. 2022 წლის 4 ივლისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ტ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. 2022 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, საღამოს საათებში, ქ. ზ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ტ. ჭ–ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის – ლ. ჭ–ის თანდასწრებით, თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბ–ს, რის შემდეგაც ხელი დააარტყა სახის არეში ორჯერ. აღნიშნულით ბ–ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
1.7. 2022 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში, ტ. ჭ–ე, „მესენჯერის“ აპლიკაციით დაკავშირებისას, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის დაზიანებით – ცემით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბ–ს, კერძოდ უთხრა, რომ სადაც ნახავდა, სცემდა. მომხდარის შედეგად ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.8. 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, ტ. ჭ–ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მფლობელის ბ–ის ნების საწინააღმდეგოდ, ეზოს ღობეზე გადახტომის გზით, უკანონოდ შევიდა ქ. ზ-ში მდებარე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ბ–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, რითაც დაირღვა ბ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ მუხლებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.
2.2. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ტ. ჭ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 4 ივლისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით ტ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. 2022 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, საღამოს საათებში, ქ. ზ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ტ. ჭ–ემ, არასრულწლოვანი შვილის - ლ. ჭ–ის თანდასწრებით, თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბ–ს, რის შემდეგაც ხელი დაარტყა სახის არეში ორჯერ. აღნიშნულით ბ–ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით, 11:00 საათზე, ტ. ჭ–ე, მფლობელის – ბ–ის ნების საწინააღმდეგოდ, ეზოს ღობეზე გადახტომის გზით, უკანონოდ შევიდა ქ.ზ-ში მდებარე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ბ–ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში, რითაც დაირღვა ბ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ტ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.
ტ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ტ. ჭ–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ტ. ჭ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 25 იანვრიდან.
2.4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზიტა ჭულუხაძემ, რომელმაც მოითხოვა ტ. ჭ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ტ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით.
ტ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ტ. ჭ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 25 იანვრიდან.
3.2. 2024 წლის 18 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზიტა ჭულუხაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ტ. ჭ–ის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ტ. ჭ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში, ასევე ტ. ჭ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გაუზიარებლობა – უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ – ბ–ის, მოწმეების – ლ. ჭ–ის, ლ–ის, თ–ას, ნ–ის, ლ–ის ჩვენებებით, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და შემაკავებელი ორდერით, უტყუარად დადასტურდა ტ. ჭ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ამასთან, ბრალდების მხარის პოზიციით, განაჩენი უკანონოა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დანიშვნის ნაწილშიც. კერძოდ, ვინაიდან დადგენილია, რომ ტ. ჭ–ემ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მას საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით – სასჯელი უნდა დანიშვნოდა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია გამართლების ნაწილში, ასევე ქმედებების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის ამორიცხვისა და სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით ტ. ჭ–ის მსჯავრდების ნაწილში, სადავო გარემოაებას არ წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ ეპიზოდებში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ტ. ჭ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და განმარტავს, რა ნაწილში გაიზიარა/არ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, კერძოდ:
5.4. საკასაციო პალატა თავდაპირველად არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ტ. ჭ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტები, ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
5.6. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.7. დაზარალებულ ბ–ის ჩვენების თანახმად, 2022 წლის მარტის ბოლოს, დილით ბავშვები წაიყვანა ბაღში და თვითონ წავიდა მეუღლის მეგობართან მამუკასთან სტუმრად. იქ ყოფნის დროს, ტელეფონისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ასევე, დაავიწყდა აღნიშნულის შესახებ გაეფრთხილებინა მეუღლეც. როდესაც ბავშვები გამოიყვანა ბაღიდან და მივიდა სახლში, ტ. ჭ–ემ ჰკითხა სად იყო, რაზეც ბოდიში მოუხადა, მაგრამ ტ–მ მას სახეში ხელი ორჯერ დაარტყა, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რა დროსაც განიცადა ტკივილი. მომხდარი არავისთვის უთქვამს. 2022 წლის აგვისტოში, ლ. ჭ–ემ მიუტანა შპრიცი და ჰკითხა თუ ვისი იყო. ლ–ს უპასუხა, რომ შპრიცი მისი იყო. საღამოს, როდესაც ტ– დაბრუნდა სახლში, ჰკითხა თუ ვისი იყო შპრიცი, რაზეც ტ–მ უთხრა, რომ შპრიცი მისი იყო, არავისთვის ეთქვა აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. 2022 წლის ოქტომბერში სახლში, მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტ. ჭ–ე, რომელიც იყო აგრესიული. სიტყვიერად შეურაცხყო, შეაგინა და დაარტყა ხელი. გაეცალა ტ–ს და გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც მას გაჰყვა ტ– და კვლავ დაარტყა ხელი, კერძოდ, სილა გააწნა სახეში, რაც ძალიან ეტკინა. 2022 წლის ნოემბერში, მეგობარ ქ–ესთან ვიდეოზარით საუბრისას, სახლში მივიდა მისი მეუღლე – ტ. ჭ–ე, რომელმაც ქ–ესთან საუბრის გამო, მას დაუწყო ჩხუბი და არასრულწლოვანი შვილის ლ. ჭ–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: დაარტყა მუჭი და ასევე, ხელი სახის არეში. 2022 წლის 27 დეკემბერს, ვიდეოზარით ესაუბრებოდა დედას – ლ–ეს. სახლში იყვნენ მისი მამამთილი და მაზლი. საუბრისას დედამ ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ ოთახში, რაზეც უპასუხა, რომ იქ იყვნენ მისი მამამთილი და მაზლი. ლ... უთხრა, რომ ისინი ლანძღავდნენ მათ და აგინებდნენ. მეორე დღეს, მამამთილმა მოსთხოვა ოჯახის დატოვება, რის გამოც, გადაწყვიტა წასულიყო სახლიდან. წავიდა სოფელში შვილებთან ერთად. სახლიდან წასვლიდან მეორე დღეს მას ვიდეოზარით დაურეკა ტ. ჭ–ემ, რომელმაც ჰკითხა, სად იყო, რაზეც უპასუხა, რომ სახლიდან წავიდა. ამის შემდეგ, ტ. ჭ–ე მას დაემუქრა ცემით. მან მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. ასევე, 2023 წლის 8 იანვარს, ქ. ზ–ის ქუჩაზე მდებარე სახლში შვილებთან ერთად ყოფნისას, მასთან სახლში მივიდა ტ. ჭ–ე, რომელიც ცდილობდა სახლში შესვლას, თუმცა ვერ შეძლო, ვინაიდან კარები და ფანჯრები დაკეტილი ჰქონდა.
5.8. მოწმის სახით დაკითხული ლ. ჭ–ის ჩვენების თანახმად, დადასტურდა 2022 წლის ნოემბერში, მეგობარ ქ–ესთან ვიდეოზარით საუბრის გამო განაწყენებული ტ. ჭ–ის მიერ ბ–ისთვის ფიზიკური შეურაცხოფის, კერძოდ, ხელის ორჯერ დარტმის ფაქტი, ასევე, 2023 წლის 8 იანვარს, ქ. ზ-ის ქუჩაზე მდებარე სახლში ყოფნისას, მათთან სახლში, ეზოში ღობეზე ტ. ჭ–ის გადაძრომის ფაქტი, იგი ცდილობდა სახლში შესვლას, თუმცა ვერ შეძლო, ვინაიდან კარები და ფანჯრები დაკეტილი იყო. ლ. ჭ–ის განმარტებით, სხვა დროს მამის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხოფის ფაქტს არ შესწრებია.
5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ტ. ჭ–ისათვის ბრალადწარდგენილ ეპიზოდებთან მიმართებით, არსებული მტკიცებულებებიდან მოწმეების: ლ–ის, ნ–ისა და ლ-ს ჩვენებები, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით, არარელევანტურია. მოწმე ლ–ის ჩვენებით დადასტურებულია ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობა, მათ შორის, მასა და ტ. ჭ–ეს შორის, ხოლო მოწმეები – ნ–ე და ლ. ადასტურებენ მათ მიერ/მათი მონაწილეობით საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორეს.
5.10. 2023 წლის 26 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ბ–მა მიუთითა, ქ. ზ-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე და განაცხადა, რომ აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა მეუღლესთან ტ. ჭ–ესთან ერთად, იქ ტ. ჭ–ე მას ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდა. აღნიშნულის შემდეგ ბ–მა მიუთითა ადგილზე, ქ. ზ-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლთან, რომელსაც აქვს რკინის კონსტრუქციის შესასვლელი ჭიშკარი და განაცხადა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ტ. ჭ–ე მისი ნებართვის გარეშე, შევიდა საცხოვრებელ სახლის ეზოში და აკაკუნებდა სახლის პირველ სართულზე შესასვლელ კარებზე.
5.11. 2023 წლის 19 იანვრის შემაკავებელი ორდერით და თანდართული ოქმის თანახმად, სავარაუდო ძალადობა განხორციელდა 2022 წლის მარტის თვის ბოლოს, აგვისტოს თვის ბოლოს, ოქტომბრის თვის შუა რიცხვებში, ნოემბრის თვის შუა რიცხვებში და 2022 წლის 27 დეკემბერს, კერძოდ: ბ–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ტ. ჭ–ემ, აგრეთვე დემუქრა.
5.12. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნით დასტურდება, რომ ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით - შიშის, დამცირების, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც, ბ–ი განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადასტურებულია ექსპერტ – თ–ას ჩვენებით.
5.13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: დაზარალებულ ბ–ის, მოწმეების – ლ. ჭ–ის, ლ–ის, ნ–ისა და ლ–ს ჩვენებებზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, ექსპერტიზის დასკვნასა, შემაკავებელ ორდერზე და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები, მიემართება მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდებს. სხვა ეპიზოდებში ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. საქმეზე წარმოდგენილი არ არის სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა სადავო ეპიზოდებს, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია, დაზუსტების გარეშე, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სადავო ფაქტების დასადასტურებლად.
5.14. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ზემოხსენებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადგინოს, ტ. ჭ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის მარტის ეპიზოდი), 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტები.
5.15. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულსა და ლ. ჭ–ეს არ განუმარტავთ, რომ ტ. ჭ–ემ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი ქმედებები ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოწმე ლ. ჭ–ის ჩვენებით, როდესაც იმყოფებოდა სახლში, დედა ბ–ი ტელეფონით ელაპარაკებოდა მის მეგობარ ქ–ეს, რა დროსაც სახლში მივიდა მამამისი, ტ. ჭ–ე და ბაიას ჰკითხა, თუ რატომ ელაპარაკებოდა. ამდენად, მხოლოდ აღნიშნული განმარტება საფუძვლად ვერ დაედება მსჯავრადშერაცხილი ქმემედებების ჩადენას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდებში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული არაა, თუ რით გამოიხატა ტ. ჭ–ის მხრიდან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულების ჩადენა.
5.16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
5.17. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).
5.18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების შესაბამისად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და ბრალადწარდგენილ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.
5.19. ამდენად, პალატა საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებს, მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდებში ჩადენილი დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის თაობაზე, ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდებში ბრალდების მხარეს არათუ ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ აქვს აღწერილი ტ. ჭ–ის მხრიდან როგორ გამოიხატა აღნიშნული, არამედ წარმოდგენილი არ აქვს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტ. ჭ–ის ქმედებები განპირობებული იყო გენდერული სტერეოტიპების გავლენით, კაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით და მესაკუთრული დამოკიდებულებით.
5.20. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გაქარწყლებულია გონივრული ეჭვი, ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში, ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს, რომლის თანახმადაც, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებსა და მხარეების მიერ წარდგენილ მოსაზრებებათაგან. ამასთან, მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობისაგან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.21. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, 2022 წლის ნოემბერში, საღამოს საათებში, ქ. ზ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ტ. ჭ–ის მიერ, არასრულწლოვანი შვილის - ლ. ჭ–ის თანდასწრებით, ბ–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, კერძოდ, დარტყმა თავისა და სახის არეში და 2023 წლის 8 იანვარს, მფლობელის – ბ–ის ნების საწინააღმდეგოდ, ტ. ჭ–ის მიერ ეზოს ღობეზე გადახტომით ბ–ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლის ფაქტები, ხოლო სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ტ. ჭ–ის მიერ ბრალადწარდგენილ სადავო ეპიზოდებს, ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით, მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ტ. ჭ–ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს, ვადით – ორ წლამდე ან შინაპატიმრობას, ვადით – ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ორ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.6. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს, ბალანსის მიღწევას პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც, განსახილველ შემთხვევაში, მიიღწევა სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში. დანაშაულების ხასიათი და ქმედებებით გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება ასახულია შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში და ამ კუთხით არ არსებობს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები.
6.7. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ დამამძიმებელი გარემოებით დანაშაულის ჩადენის დროს დანიშნული სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე.
6.8. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ ტ. ჭ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 ლარი. ამდენად, მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის დროს 2022 წლის ნოემბერსა და 2023 წლის 8 იანვარს, ტ. ჭ–ე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ტ. ჭ–ე წარსულში ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი და ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დანიშვნის წესი), რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეპიზოდში დანიშნული სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით - სასჯელის დანიშვნის სპეციალურ წესს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, ტ. ჭ–ემ აღნიშნული ქმედებაც ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით და წარსულში განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა პირმა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა, თუმცა ზემოხსენებული გარემოებები გათვალისწინებულია ბრალადწარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით, რის გამოც, დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.
6.10. ზემოაღნიშნულის გათავსლისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ. ჭ–ეს საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან, ასევე უზრუნველყოფს მომავალში საზოგადოებაში მის უსაფრთხო რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნების მიღწევას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, მისი ქმედებებით გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი, ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
6.11. ასევე, ვინაიდან ტ. ჭ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი განზრახი დანაშაულები ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ტ. ჭ–ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.
6.12. ამასთან, მართალია ტ. ჭ–ემ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განაჩენის გამოტანისას სრულად აქვს მოხდილი სასჯელი, საკასაციო სასამართლო აღარ მსჯელობს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ტ. ჭ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით;
4. ტ. ჭ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ტ. ჭ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. ასევე, ცნობად იქნეს მიღებული, რომ ტ. ჭ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 25 იანვრიდან და დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს სრულად;
11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე