Facebook Twitter

ას-1599-1595-2011 13 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი _ რ. ა-ა

წარმომადგენელი – ნ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ბ-ი

წარმომადგენელი _ თ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა-ას მიმართ თანხის გადაცემის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული რ. ა-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა რ. ა-ამ და უარი განაცხადა საკასაციო საჩივრზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ას განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით რ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-ამ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა რ. ა-ამ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ, რ. ა-ას მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის საფუძველზე ერთმევა შესაძლებლობა, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი;

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ა-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

შეწყდეს რ. ა-ას საკასაციო საჩივარზე წარმოება.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება.

რ. ა-ას დაუბრუნდეს ნ. ძ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.