საქმე N 330100121004356823
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1237აპ-24 ქ. თბილისი
ქ–ა კ., №1237აპ-24 10 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: კ. ქ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო „ქურდული სამყაროს“ წევრობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. კ. ქ– აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას სისტემატური და აქტიური კავშირი აქვს ,,კანონიერი ქურდთან“ და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. იგი ,,კანონიერი ქურდის“ დავალებით აქტიურად მოქმედებს ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. 2020 წლის დასაწყისში, ,,ქურდული სამყაროს“ წევრი – კ. ქ. – რომელიც მოქმედებდა ,,კანონიერი ქურდის“ – რ. გ–ის – დავალებით, ქ. ზ–ში შეხვდა ბ. თ–ს, რომელსაც ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, მოსთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია მისი და მისი ბიზნესპარტნიორების კომერციული საქმიანობის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ჩ–ს რაიონში შპს „....“ს მიერ ბუნებრივი რესურსების მოპოვებას. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, კ. ქ–მ ბ. თ–ს განუცხადა, რომ კვლავ დაუკავშირდებოდა. 2020 წლის ოქტომბერში, ,,კანონიერმა ქურდმა“ – რ. გ–მა – მის მიერ მართულ კ. ქ–ს დაავალა, დაჰკავშირებოდა ბ. თ–ს, რომელსაც დაელაპარაკებოდა ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით. კ. ქ– ,,კანონიერი ქურდის“ –რ. გ–ის – დავალების აღსრულებისა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების, აგრეთვე – საკუთარი კრიმინალური გავლენის განმტკიცების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდა ბ. თ–ს, რომელსაც აცნობდა ,,კანონიერი ქურდის“ დანაბარებს და ითხოვდა მასთან შეხვედრას. 2020 წლის ნოემბერში, ,,კანონიერმა ქურდმა“ – რ. გ–მა – ასევე მის მიერ მართულ ,,ქურდული სამყაროს“ წევრს, მის ძმას – რ. გ–ს – დაავალა, თავისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად, ერთად შეეკრიბა (,,შეეგროვებინა“) ბ. თ– და ა. ც– რ. გ–მა ,,კანონიერი ქურდის“ დავალება გააცნო კ. ქ–ს, რომელიც თავის მხრივ, დაუკავშირდა ბ. თ–ს და მოითხოვა შეხვედრა. აღნიშნულის პარალელურად, კ. ქ– და რ. გ–ი უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და აქტიურად მოქმედებდნენ ,,ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად. 2020 წლის 18 ნოემბერს, ზ–ს რაიონის სოფელ უ–ში, რ. გ–მა და კ. ქ–მ, ბ. თ–სა და ა. ც–ს მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაალაპარაკეს ,,კანონიერ ქურდს“ –რ. გ–ს – რომელმაც მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბ. თ–სა და ა. ც–ს დააკისრა 10000–10000 ლარის გადახდა და ასევე –გადაწყვიტა, მათი კომერციული საქმიანობიდან მიეღო გარკვეული წილი. ,,ქურდული სამყაროს“ წევრები – რ. გ–ი (რომლისთვისაც უშუალოდ უნდა გადაეცათ ზემოაღნიშნული თანხა) და კ. ქ–, ,,კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, ბ. თ–სა და ა. ც–ს უდასტურებდნენ ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების უპირობო შესრულების აუცილებლობას, ითხოვდნენ მის აღსრულებას და ,,დაკისრებული“ თანხის გადახდის თარიღის დაზუსტებას. აღნიშნულის შემდეგ, რ. გ–ი და კ. ქ. ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდნენ ბ. თ–სა და ა. ც–ს და ითხოვდნენ დროულად აღესრულებინათ ,,კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილება. 2020 წლის 23 დეკემბერს, ზ–ს რაიონის სოფელ ც–ში, კ. ქ. შეხვდა ბ. თ–ს და დაინტერესდა, როდის შეძლებდა თანხის გადახდას. ასევე ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაალაპარაკა ,,კანონიერ ქურდს“ – რ. გ–ს – და ისაუბრა მისი კრიმინალური გავლენებისა და შესაძლებლობების შესახებ. უკვე 2020 წლის 27 დეკემბერს ქ. ხ–ში ბ. თ–მ კ. ქ–ს გადასცა ,,კანონიერი ქურდის“ – რ. გ–ის – მიერ, მისთვის ,,დაკისრებული“ თანხა – 10000 ლარი, რის შემდეგაც კ. ქ– და რ. გ–ი დააკავეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიმა.
2. კ. ქ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, კ. ქ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – „კანონიერი ქურდობისათვის“ – მსჯავრი დაედო რ. გ–ს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ–მა, რომელიც ითხოვდა კ. ქ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მსჯავრდების შემთხვევაში, კ. ქ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა: კ. ქ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მისაჯა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 28 დეკემბრიდან. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კ. ქ–მ ჩაიდინა: „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი ნებისმიერი ქმედება (გარდა „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერისა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა – ვაჟა თოდუამ – რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის შეცვლასა და კ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის, რამეთუ მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული მასალებით – უტყუარად დასტურდება, რომ კ. ქ. „ქურდული სამყაროს“ წევრია და არა – მხარდამჭერი. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა განხორციელდა რამდენიმე ხერხით. პირველი – კ. ქ–მ შეასრულა „კანონიერი ქურდის“ დავალება და შეკრიბა მხარეები „ქურდული გარჩევის“ მოწყობის მიზნით. შემდეგ მონაწილეობა მიიღო „ქურდულ გარჩევაში“, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასებას ან/და დავის ნებისმიერი ფორმით – მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით – განხილვას/გადაწყვეტას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით. საქმეში წარმოდგენილი სამხილებით კი დგინდება, რომ კ. ქ–მ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა „ქურდულ გარჩევაში“, რომელშიც აქტიურობდა, ხოლო შემდგომ ასევე – აქტიუტრად იყო ჩართული „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში.
9. მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ა. გ–ი – საკასაციო შესაგებლით ითხოვს, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულ კ. ქ–ს ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სადავო განაჩენი, ერთი მხრივ, გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – „ქურდული სამყაროს“ წევრობა, არამედ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადი ქმედება – „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა – რომლის ჩადენისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რომლის ჩადენასაც ედავებოდა ბრალდების მხარე კ. ქ–ს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის. ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ,,ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება. ,,ქურდული სამყაროს“ წევრის განსაზღვრება მოცემულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმადაც, „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
14. სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება და კ. ქ–ს ქმედებები მართებულად შეაფასა, როგორც „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა და არა როგორც – „ქურდული სამყაროს“ წევრობა, შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და არ არსებობს კვალიფიკაციის კუთხით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის რაიმე წინაპირობა. კასატორის საკვანძო არგუმენტებს კი – მათ შორის, რამდენად ქმნიდა საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად – რომლებიც გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას – საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი