საქმე N 330100122005913710
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1242აპ-24 10 აპრილი, 2025 წელი
გ-ე ა., №1242აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციური სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. გ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. შპს ,,ე....“ (ს/ნ ..........) რეგისტრირებულია 2015 წლის 20 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2016 წლის 31 მარტს. საწარმოს იურიდიული მისამართია ...... საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წლის მფლობელია ა. გ–ე. ა. გ–ეს როგორც შპს ,,ე....ს“ დირექტორს, ევალებოდა გადაეხადა საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 27 ივლისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ე....ს“ კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2018 წლის ინვენტარიზაციის შედეგებს. საგადასახადო შემოწმების შედეგად, 2020 წლის 27 ივლისს გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო 2020 წლის 03 აგვისტოს გამოიცა №....... საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 249454,93 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 131987 ლარი, ჯარიმა - 65993 ლარი, საურავი - 51474,93 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა ა. გ–ეს საგამოძიებო სამსახურში ჩაბარდა 2021 წლის 09 ივლისს. შპს ,,ე....მ“ (ს/ნ ..........), 2020 წლის 04 სექტემბერს საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მაისის №.... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების ნაწილში დატოვა განუხილველი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 აგვისტოს №.... საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში არ დააკმაყოფილა. იმავე წლის 12 ოქტომბერს კომპანიამ, საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა. 2021 წლის 23 თებერვალს კომპანიამ საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი. 2021 წლის 4 ოქტომბერს შპს ,,ე....“-ს და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რის საფუძველზეც შპს ,,ე....ს“ 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 132913,3 ლარი. დადგენილ ვადაში პირობების შეუსრულებლობის გამო გაუქმდა ხსენებული შეთანხმების აქტი. ა. გ–ემ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის - ჯამში 131987 ლარის გადახდას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენით, ა. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციური სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით კაპანაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. გ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ტ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სასჯელად ჯარიმის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციური სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით კაპანაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. გ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ა. გ–ისათვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია. მართალია, ა. გ–ემ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და პრეიუდიციული ძალის მქონედ მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, არა მხოლოდ დანაშაულის მონანიება, არამედ ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და კატეგორია, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და ობიექტური ვითარება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ა. გ–ეს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი არ აქვს ანაზღაურებული. ა. გ–ეს სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელი აქვს 84987 ლარი, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არასამართლიანია. დამატებითი სახით დანიშნული სასჯელი იქნება აღუსრულებელი და ვერ იქნება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის გარანტი. შესაბამისად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა დამნაშავის პიროვნებასთან - ქმედების ხასიათთან, რითაც უგულვებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნები. ა. გ–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც მომავალში უზრუნველყოფს საზოგადოებაში მის უსაფრთხო ინტეგრაციას, ამასთან იქნება დამაფიქრებელი და შეამცირებს ა. გ–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ა. გ–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
5.3. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ა. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.6. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ა. გ–ეს მსჯავრი დაედო სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამოვლენილა, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.
5.10. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქმეში არსებული ინფორმაცია ა. გ–ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან აღიარა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული მინიმალური სასჯელი და სასჯელის მოხდის წესი, როგორც კანონიერი, ისე – სამართლიანია. ამასთან, დანიშნული ძირითადი და დამატებით სასჯელების სახე, ზომა და მოხდის ფორმა არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N847აპ-21 გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის N548აპ-21 გადაწყვეტილება).
5.11. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმა მუდმივად აღუსრულებელი იქნება, ვინაიდან მსჯავრდებულს ზიანი არ აქვს ანაზღაურებული - საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, შესაბამისად, სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით. საწინააღმდეგო მოცემულობა კი, არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, რომელმაც ძირითად სასჯელთან ერთად უნდა უზრუნველყოს სასჯელის მიზნები, მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამასთან, დამატებითი სასჯელის ოდენობა არის გონივრული, რაც მსჯავრდებულის ვალაუვალობას არ გამოიწვევს.
5.12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.13. ამასთან, ვინაიდან ა. გ–ემ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
5.14. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5.15. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს უფროსის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის გამო დაზარალებული უარს აცხადებს ა. გ–ის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
5.16. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
5.17. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად; ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული.
5.18. ამდენად, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების წინაპირობაა, რომ მსჯავრდებულს დანიშნული ჰქონდეს პირობითი მსჯავრი და მის მიმართ 2024 წლის 1 ივლისამდე დაწყებული იყოს სამართლებრივი აქტის აღსრულება.
5.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე, მართალია ა. გ–ეს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, თუმცა 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, იგი არ იყო პირობით მსჯავრდებული, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის 1/6-ით შემცირება. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას, მასზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციური სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა. გ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ა. გ–ეს 1/6-ით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი (პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელ ვადა) და განესაზღროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარი.
4. მსჯავრდებულ ა. გ–ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ა. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე