Facebook Twitter

ას-1615-1609-2011 2 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. გ-ას, ლ. ც-ის, ი. გ-ას, დ. გ-ას, გ. გ-ასა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ სს «ჯი-აი-სის» სარჩელის გამო, მოპასუხეების: თ. გ-ას, ლ. ც-ის, ი. გ-ას, დ. გ-ას, გ. გ-ას და ნ. გ-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ას, ლ. ც-ის, ი. გ-ას, დ. გ-ას, გ. გ-ასა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ას, ლ. ც-ის, ი. გ-ას, დ. გ-ას, გ. გ-ასა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 3 (სამი) დღის ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორთა დაზუსტება, 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ პირთა მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, ვინც სააპელაციო სასამართლოს განჩინებას არ ეთანხმება. კასატორებს ასევე დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2011 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა ვინმე გ-ას (ტ.II, ს.ფ. 85-90). სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო შეტყობინებაზე აღნიშნული კორესპოდენციის მიმღები პირის პირადი ნომერი და სააპელაციო საჩივარში მითითებული (ტ.I, ს.ფ. 143) პირადი ნომრის შედარების საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება ჩაბარდა კასატორ ნ. გ-ას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო კორესპოდენცია მხარეებს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ნ.გ-ასათვის შეტყობინების ჩაბარება თითოეული კასატორისათვის ჩაბარებად უნდა იქნეს მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 26 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 ნოემბერს. სასამართლოში კასატორ ლ. ც-ის განცხადება შემოვიდა 2011 წლის 1 დეკემბერს. მასზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ მხარემ განცხადება ჩააბარა ფოსტას 2011 წლის 29 ნოემბერს (ტ. II, ს.ფ. 92). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარემ საფოსტო განყოფილებას მიაკითხა 2011 წლის 29 ნოემბერს, პალატა თვლის, რომ მან დაარღვია საპროცესო ვადა, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სხვა კასატორებს ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის არც კი მოუმართავთ, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

რაც შეეხება ლ. ც-ის განცხადებას, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

როგორც უკვე აღინიშნა, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2011 წლის 28 ნოემბერს, ხოლო მხარემ საფოსტო განყოფილებას განცხადება ჩააბარა ამავე წლის 29 ნოემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა განცხადებაში მითითებული მოთხოვნის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ას, ლ. ც-ის, ი. გ-ას, დ. გ-ას, გ. გ-ასა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ლ. ც-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.