საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1250აპ-24 4 აპრილი, 2025 წელი
ა-ა ი., №1250აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. ა-ას - ბრალად ედებოდა მითვისება, ესე იგი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. ა-ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 23 მარტს, შპს “მ-ს“ და ი. ა-ას შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “მ-მ’“ გ. კ-ისგან შეიძინა “FORD FOCUS”-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით – ---), რაც, გამოსყიდვის უფლებით, სარგებლობაში გადაეცა ლიზინგის მიმღებ ი. ა-ას. ი. ა-ამ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა, რაც, მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ. აღნიშნულმა ქმედებამ 8 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით, ი. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2023 წლის 23 მარტს, შპს “მ-ს“ და ი. ა-ას შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “მ-მ“ გ. კ-ისგან შეიძინა “FORD FOCUS”-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით – --), რაც, გამოსყიდვის უფლებით, სარგებლობაში გადაეცა ლიზინგის მიმღებ ი. ა-ას. ი. ა-ამ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა, რაც, მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ. აღნიშნულმა ქმედებამ 8 4267,02 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნიკა ლათიბაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ა-ასთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ცეცხლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ა-ასთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ მხოლოდ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ი. ა-ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“
11. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედო ი. ა-ას, სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
12. სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, აგრეთვე – დამნაშავის პირადი და ეკონომიკური პირობები (მსჯავრდებულს ჰყავს კმაყოფაზე მყოფი მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე) და ი. ა-ას ძირითად სასჯელად განუსაზღვრა – ჯარიმა, ხოლო, დამატებით სასჯელად – სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია, რის გამოც, კანონიერი და სამართლიანი სასჯელების გამკაცრება არ არის აუცილებელი.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, ი. ა-ამ დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა, თუმცა აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე