საქმე # 160100123007404440
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1275აპ-24 ქ. თბილისი
ჩ. ბ. 1275აპ-24 25 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. ბ. ჩ–ს - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 16 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ნიღბებში მყოფმა გ. მ–მა და ბ. ჩ–მა სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეაღწიეს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში მდებარე ა. ნ–ის საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მატერიალური სიკეთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ოჯახის წევრებს - ა. ნ–ს, მ– ნ–სა და ნ. რ–ეს და ლითონის ხელკეტების გამოყენებით, მათ მიმართ განახორციელეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა.
1.2 გ. მ–ს – პ/ნ ........., – ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 16 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ნიღბებში მყოფმა გ. მ–მა და ბ. ჩ–მა სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეაღწიეს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში მდებარე ა. ნ–ის საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მატერიალური სიკეთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ოჯახის წევრებს – ა. ნ–ს, მ– ნ–სა და ნ. რ–ეს და ლითონის ხელკეტების გამოყენებით, მათ მიმართ განახორციელეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
2.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 17 მარტიდან;
2.3. ბ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
2.4. ბ. ჩ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
2.5. გამართლებულ - ბ. ჩ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ბ. ჩ–ის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ბ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ნ-მ და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია ითხოვს ბ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ ბ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ნ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
7.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ბ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7.2. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მისთვის განსაზღვრული სასჯელი.
8. ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების/განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ბ. ჩ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა: ნ. რ–ის, მ– ნ–ისა და ა. ნ–ისა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით ვერ დგინდება ბ. ჩ–ის მონაწილეობა მათ საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტში (დაზარალებულ ნ. რ–ის განმარტებით, სამი პირიდან, ვინც მათ სახლში იყო ამოიცნო გ. მ–ი (იხ.: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:37:40-13:37:50), ასევე დარწმუნებულია, რომ მეორე პირი, ვინც მას თავში ჩაარტყა იყო ქ., ხოლო მესამე პირი ვინც ასევე იყო სახლში არ დაუნახავს სახეზე და არ იცის ვინ იყო (იხ.: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:41:01-13:42:25); დაზარალებულმა მ– ნ–მა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ მის სახლში მყოფი პირებიდან ამოიცნო მხოლოდ გ. მ–ი (ბრალდებისა და დაცვის მხარის მრიდან მოწმის მიმართ არ დასმულა კითხვა ბ. ჩ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნისა თუ მისი ამოცნობის შესახებ)(იხ.: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:58:40-14:15:50); დაზარალებულ ა. ნ–ის განმარტებით, მას თავდამსხმელებიდან არავინ ამოუცვნია (იხ.: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:19:19-14:20:47)).
12. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 18 აპრილის N.... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება ბ. ჩ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 295-297).
13. მოწმეებმა: ლ. ა–მა და გ. ჭ–მ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ამასთან ისინი არ არიან ყაჩაღობის თვითმხილველნი და ინფორმაციას ფლობენ გამოძიების ეტაპზე გამოკითხული მოწმეებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, ამ ნაწილში მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ირიბია და მათი გამოყენება მსჯავრდებისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესის საფუძველზე დაუშვებელია, რადგან შეიცავს პირის ბრალდებასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52).
14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს პატაკის შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პატაკში მითითებული ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებებით. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პატაკში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა (ბ. ჩ–თან მიმართებით).
15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის დანაწესს და იმ გარემოებას, რომ ბ. ჩ–მა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში არ აღიარა მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა.
16. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დგინდება ბ. ჩ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე გ. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
18. მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი