Facebook Twitter

ას-1633-1623-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ტ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ სესხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება, ბ. ტ-ის სარჩელი დამაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ო-ს ბ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13917,20 აშშ დოლარის გადახდა, აღნიშნული თანხის ამოღების მზინით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნ. ო-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალზაცია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ო-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ. ო-ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა კასატორის შვილს 2011 წლის 14 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, კასატორის შვილისათვის ხარვეზის განჩინების ჩაბარება ითვლება ასევე კასატორისთვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2011 წლის 15 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – სამშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის 2011 წლის 22 დეკემბრის განცხადებაში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეავსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გადმოაგზავნა სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ელექტრონული ასლი. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით, კასატორს დავალებული ჰქონდა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა და არა ელექტრონულ მისამართზე მისი ასლის გადმოგზავნა. გარდა ამისა, კასატორის მიერ განცხადებაზე დართული მტკიცებულებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გადმოაგზავნა სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ელექტრონული ასლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.