Facebook Twitter

ას-323-307-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სპს «თ-ე» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სპს «თ-ის» მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 394-ე, მე-400, 402-ე, 404-ე, 408-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე და 419-ე მუხლების, 403-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეთა შორის 2005 წლის 23 ივნისს დადებული ¹61 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოითხოვა სპს «თ-ისათვის» ზიანის ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის _ 28400 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 23657.20 ლარის დაკისრება, ასევე სადაო თანხის პროცენტის გადახდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფიქსირებული ზღვრული ოდენობის მიხედვით შემდეგი გარემოებების გამო:

«2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე მიზნობრივი პროგრამა «ჩაის» ფარგლებში ღია ტენდერის საფუძველზე პერსპექტიული ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლისათვის საჭირო მომსახურების თაობაზე ტენდერში გამარჯვებულ სპს «თ-ესთან» 2005 წლის 23 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹61 ხელშეკრულება. მომსახურების გაწევის მიზნით, სპს «თ-ეს» გადაეცა 28400 ლარი.

ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, შემსყიდველს შეუსრულოს სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და სამუშაოების შესრულება ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაზე დართული გრაფიკის მიხედვით. მომსახურების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.1%.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მოხდება პერიოდულად, რეგიონების მიხედვით მომსახურების შესრულების საფუძველზე ამ მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ და მიღება-ჩაბარების თაობაზე გაფორმდება შესაბამისი აქტი. ასეთი ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი კი მხარის მიერ არ არის შედგენილი.

მოსარჩელემ მოპასუხე გააფრთხილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ როგორც შესრულებული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულებაზე, ისე პირგასამტეხლოს სახით გეგმა-გრაფიკში ასახული, დაგვიანებით შესრულებული მომსახურების ღირებულების 0.1% გადახდის თაობაზე, თუმცა, მოპასუხეს ამ მიმართვაზე რეაგირება არ მოუხდენია და არც თანხა გადაუხდია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის.

ამდენად, სპს «თ-ემ» 2005 წლის 23 ივნისის ¹61 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადებაზე დართული გრაფიკით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რაც ამავე ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს.

სპს «თ-ემ» სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლკის 11 ივლისის ¹2-167 ბრძანებით შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს დაევალა შესრულებული სამუშაოების შემოწმება და მიღება-ჩაბარების აქტების შედეგენა. 2005 წლის პირველ დეკემბერს შედგენილი და მონიტორინგის ჯგუფის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოსარჩელემ ჩაიბარა 13840 ლარის ღირებულების სამუშაო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2007 წლის 16 აპრილის ¹01-07/9 წერილით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 ჰა ჩაის გასხვლის სამუშაოებიდან დადგენილ ვადაში შესრულებულია 20 ჰა, ხოლო 10 ჰა სამუშაოების ჩატარდა დადგენილი ვადის დარღვევით, თუმცა სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელებაზე მოასუხეს თანხმობა განუცხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა, რომლებმაც გადაამოწმეს შესრულებული სამუშაოები, რის თაობაზეც შედგენილია შესაბამისი აქტები.

შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ვალდებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფს ევალებოდა. ამასთან, რადგანაც მოსარჩელე სადავოდ ხდის მიღება-ჩაბარების აქტების შედგენას და არა სამუშაოების შესრულებას, აღნიშნული საკითხი უნდა გაირკვეს მონიტორინგის ჯგუფთან.

მოპასუხემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-400, 401-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ვალდებულება ინსპექტირების ჯგუფს ეკისრებოდა, რომელმაც არ განახორციელა შესრულებული სამუშაოს წარმოჩენა და შესაბამის აქტში ასახვა, ამასთან, მან შეამოწმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სპს «თ-ეს» საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 14560 (თოთხმეტი ათას ხუთას სამოცი) ლარის გადახდა, სპს «თ-ეს» საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2006 წლის პირველი იანვრიდან 2008 წლის 30 დეკემბრამდე) 14560 ლარის 0.1% _ 15943.20 (თხუთმეტი ათას ცხრას ორმოცდასამი ლარი და 20 თეთრი) ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს «თ-ემ».

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სპს «თ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2005 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს «თ-ეს» შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ¹61 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სპს «თ-ემ» (მიმწოდებელმა) 30 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციის მძიმე გასხვლისა და მისი ეკლიანი მავთულითა და ხის ბოძებით შემოღობვის ვალდებულება იკისრა, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნულ სამუშაოთა შესრულებისათვის სპს «თ-ეს» გადასცა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება _ 28000 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2006 წლის პირველ იანვრამდე. 2005 წლის პირველი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სპს «თ-ის» მიერ შესრულდა მხოლოდ 13840 ლარის სამუშაო, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 14 560 ლარის ღირებულების სამუშაო. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა გარკვეული სახის სანქციები, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით შესრულებული მომსახურების ღირებულების 0,1 პროცენტის გადახდა.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვალდებულია, აუნაზღაუროს ხელშემკვრელ მხარეს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების სპეციალურ წესს ითვალისწინებდა, ამდენად, არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები მისი მხრიდან შესრულებულია, რადგან დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო პერიოდულად, მომსახურების შესრულების მიხედვით ამ მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რის შესახებაც უნდა გაფორმებულიყო მიღება – ჩაბარების აქტები. ამასთან, სპს «თ-ის» მიერ 14560 ლარის სამუშაოს შესრულების ფაქტი არ გაიზიარა დაუსაბუთებლობის გამო, ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მითითება, რომ საქმეში განთავსებული წერილით, რომელსაც ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი წერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს და შიდა აქტები, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, თავად სპს «თ-ე» და, მეორე მხრივ, ესა თუ ის ფიზიკური პირი, ადასტურებს მის მიერ ვალდებულების შესრულებას, რადგანაც ზემოხსენებულ წერილში ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს ატყობინებს, რომ ხელშეკრულების ვადა, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე უნდა გაგრძელებულიყო 2006 წლის იანვრის ბოლომდე, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად უარი განაცხადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება არ განხორციელდა ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით. პალატამ მიუთითა, რომ ამ მტკიცებულებით არ დგინდება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ზეპირი შეთანხმების არსებობა.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულებას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ხელს მინისტრის პირველი მოადგილე აწერს, რაც იმას ადასტურებს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი სწორედ ის იყო და არა სამინისტროს აპარატის პასუხისმგებელი მუშაკებისაგან შემდგარი ჯგუფი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმების სარწმუნოოობა წერილობითი მტკიცებულების, ანუ წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დადასტურებულად ვერ მიიჩნევა, რადგან ერთმანეთთან ურთიერთობისთვის მხარეებმა, თანახმად ხელშეკრულებისა, სწორედ წერილობითი ფორმა აირჩიეს.

სპს «თ-ის» მიერ მითითებული შიდა აქტები დათარიღებულია 2005 წლის 28 დეკემბრით, ანუ ამ პერიოდის მდგომარეობის ამსახველია და ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ ვადის გადაცილებით, ანუ 2006 წლის იანვარში სპს «თ-ის» მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები დაგვიანებით, მაგრამ მაინც შესრულდა. აპელანტს შეეძლო მსგავსი ტიპის აქტების წარმოდგენა 2006 წლის იანვარში დაგვიანებით შესრულებულ სამუშაოზეც, მაგრამ იანვრის თვეში დაგვიანებით შესრულებულ სამუშაოთა შესახებ მსგავსი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სპს «თ-ის» მიერ სამუშაოები სრულად არ შესრულებულა, არ არსებობს ინსპექტირების აქტი, ანუ კანონშესაბამისი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.

პალატის მითითებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2005 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების მე-7 პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესრულებული მომსახურების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით. ხელშეკრულების სრულად შესრულების ბოლო ვადა 2006 წლის პირველი იანვარი იყო, აღნიშნული დროისათვის, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა ვალდებულების დარღვევად, რაც ამავე თარიღიდან წარმოშობს კრედიტორის უფლებას მოთხოვნაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, რომლითაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო და მისი ოდენობა _ პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს «თ-ემ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილი და 394-ე მუხლი, რადგანაც არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 401-ე მუხლის მოთხოვნები, გამოიყენა კანონი და არასწორად განმარტა მისი არსი და მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რის გამოც გამოიტანა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. სარჩელის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოითხოვდა 2005 წლის 23 ივნისის ¹61 ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის 28400 ლარის, პირგასამტეხლოს 23657.20 ლარის და სადავო თანხის პროცენტის – 52057.20 ლარის გადახდას.

სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილად ცნო, რომ საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 23 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹61 ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს „თ-ეს“ შორის დაიდო შეთანხმება 28400 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. სპს „თ-ემ“ იკისრა 30 ჰა პლანტაციის მძიმედ გასხვლის ვალდებულება, მისი ეკლიანი მავთულითა და ხის ბოძებით შემოღობვა. ასევე დადგენილად ცნო, რომ 2005 წლის პირველი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შესრულებულ იქნა 13840 ლარის სამუშაო. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის უფლებამოსილება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის ¹2-167 ბრძანებით შექმნილი სამუშაოების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ინსპექტირების ჯგუფს ჰქონდა და მათ ვალდებულებას სწორედ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა წარმოადგენდა, სასამართლომ ასევე არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის 2008 წლის 31 ივლისის ¹01-13/152 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკვეთის შემოღობვის _ 13840 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულებისა, სპს „თ-ემ“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 (ოცდაათი) ჰა ჩაის პლანტაციის გასხვლის სამუშაოები, მაგრამ ინსპექტირების ჯგუფმა არ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, თითქოს ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით. აღნიშნული წერილით დადასტურებულია, რომ 20 ჰექტარზე სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო 10 ჰექტარზე _ ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 20 დღის ვადაში, ამდენად, დადასტურებულია, რომ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად, თუმცა ინსპექტირების ჯგუფმა არ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი არც 20 ჰექტარზე და არც 10 ჰექტარზე.

ინსპექტირების ჯგუფის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა სასამართლოს არ უნდა მიეჩნია სპს „თ-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობად.

სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილს, მაგრამ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა სპს „თ-ეს“, მაშინ, როდესაც აღნიშნული ინსპექტირების ჯგუფის ვალდებულებას წარმოადგენდა.

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც დადგენილი მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება ინსპექტირების ჯგუფის მიერ იგნორირებულ იქნა.

კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 401-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სპს „თ-ის“ მიერ სრულად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტორის მიერ გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის დანიშვნის გარეშე და აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელ ვახტანგ გოგუაძის 2007 წლის 16 აპრილის ¹1001-09/19 წერილით. აღნიშნული მტკიცებულებით, ინსპექტირების ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობებს სპს «თ-ის» მიერ ვალდებულების შესრულებას, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 31 ივლისის ¹01-13/152 წერილიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 23 ივნისის ¹61 ხელშეკრულების მეხუთე პუნქტისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის ¹167 ბრძანების თანახმად, ევალებოდა ინსპექტირების ჯგუფს. საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების ჯფგუფის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნით დადასტურებულია, რომ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება სპს „თ-ის“ მიერ შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და რომ არა ინსპექტირების ჯგუფის სამსახურებრივი გულგრილობა და მოსარჩელის მხრიდან ვალდებული პირისადმი მოთხოვნის არქონა და შემდგომ კი ამ ფაქტის თავის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობა, სპს „თ-ეს“ არ მიადგებოდა ეკონომიკური და მორალური ზიანი. საქმეში წარმოდგენილ შესაგებელსა და 2008 წლის 4 აგვისტოს წერილით სპს «თ-ე» ჭეშმარიტების დასადგენად შუამდგომლობდა ინსპექტირების ჯგუფის წევრების დაკითხვის თაობაზე, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა და საქმისადმი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების ინსპექტირების ჯგუფის მიზეზით შეუსრულებლობის გამო სპს „თ-ეს“ ნაკისრი ვალდებულება შეუსრულებლად ეთვლება. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, ინსპექტირების ჯგუფი წერილობით ადასტურებს სამუშაოს სრულად შესრულების ფაქტს, ამავე ჯგუფის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობისათვის პირგასატეხლოს თანხას სასამართლო სპს „თ-ეს“ აკისრებს.

სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის, ხოლო ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის, ასევე 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით სპს «თ-ის» საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებისა და სპს «თ-ის» საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2005 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს «თ-ეს» შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ¹61 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სპს «თ-ემ» (მიმწოდებელმა) 30 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციის მძიმე გასხვლისა და მისი ეკლიანი მავთულითა და ხის ბოძებით შემოღობვის ვალდებულება იკისრა, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნულ სამუშაოთა შესრულებისათვის სპს «თ-ეს» გადასცა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება _ 28000 ლარი.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2006 წლის პირველ იანვრამდე. 2005 წლის პირველი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, სპს «თ-ის» მიერ შესრულდა მხოლოდ 13840 ლარის სამუშაო, ხოლო ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების სპეციალურ წესს ითვალისწინებდა, რაც არ იქნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, შეუსრულებელი დარჩა 14 560 ლარის ღირებულების სამუშაო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ საქმეში განთავსებული წერილით, რომელსაც ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი წერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს და შიდა აქტები, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, თავად სპს «თ-ე» და მეორე მხრივ, ესა თუ ის ფიზიკური პირი, ადასტურებს მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ის შემთხვევები, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, ხოლო მესამე ნაწილი აზუსტებს საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის შედეგებს, კერძოდ, საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი ითვალისწინებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის, თუ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

კასატორი არ ეთანხმება რა სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მისი მხრიდან ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულების თაობაზე, მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებდნენ მოპასუხის პოზიციას, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის 2008 წლის 31 ივლისის ¹01-13/152 წერილით დასტურდება, რომ გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკვეთის შემოღობვის _ 13840 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულებისა, სპს „თ-ემ“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 (ოცდაათი) ჰა ჩაის პლანტაციის გასხვლის სამუშაოები. ასევე ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის 2007 წლის 16 აპრილის ¹1001-09/19 წერილით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეცნობა, რომ სპს «თ-ის» მიერ ვალდებულება შესრულებულია. აღნიშნული წერილებით დადასტურებულია, რომ 20 ჰექტარზე სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო 10 ჰექტარზე _ ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 20 დღის ვადაში, ამდენად, დადასტურებულია, რომ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად, თუმცა, ინსპექტირების ჯგუფმა არ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი არც 20 ჰექტარზე და არც 10 ჰექტარზე. კასატორის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულბებისა, იგი საკუთარი პოზიციის დასაბუთებას ცდილობდა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა მიხედვითაც დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მტკიცებულებები შეფასებულ უნდა იქნეს როგორც დამოუკიდებლად სხვა მტკიცებულებებისაგან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის მტკიცებულება როგორც საპროცესო ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის, ასევე მატერიალური ნორმით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ აპრიორად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების ის პირობები მიიჩნია, რომლის თანახმადაც, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო ინსპექტირების ჯგუფის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით. ამ პრინციპით იქნა დადასტურებული სპს «თ-ის» მიერ 13840 ლარის სამუშაოს შესრულების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების შესრულება დაუკავშირა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას და მისი არარსებობის პირობებში კატეგორიულად გამორიცხა შესრულების დადასტურება სხვა საშუალებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმდენად ვიწროდ, რომ მხარეს შეეზღუდოს კანონით მისთვის მინიჭებული დაცვის შესაძლებლობანი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის 2007 წლის 16 აპრილის ¹1001-09/19 და 2008 წლის 31 ივლისის ¹01-13/152 წერილების სწორად შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან მასში ასახულია ინსპექტირების ჯგუფის პოზიცია მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასთან დაკავშირებით. ორივე წერილში ვკითხულობთ, რომ გასხვლითი სამუშაოები 20 ჰექტარზე დასრულებულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო 10 ჰექტარზე უამინდობის გამო სამუშაოები გაგრძელდა 2005 წლის 28 დეკემბრამდე. ამასთან, ინსპექტირების ჯგუფმა ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოებზე მირება-ჩაბარების აქტის გაფორმება არ განახორციელა ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით (ს.ფ.30,31).

საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ისე უარყო ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის წერლები, რომ არ შეუმოწმებია მათი დასაშვებობა მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეაფასა როგორც ნარდობის ხელშეკრულების არსებობა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დასახელებული ნორმისა და იმ გარემოების გათვალისწიებით, რომ ნარდობა, იურიდიული ბუნებით ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ორივე მხარეს უწესებს გარკვეულ ვალდებულებას, პალატა თვლის, რომ შემკვეთს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრებოდა შესრულებული სამუშაოს მიღების ვალდებულება. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არც ამ კუთხით შეუფასებია კასატორის მიერ დასახელებული მტკიცებულებები. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს, როგორც ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ საშუალებას, ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ ვალდებულების შესრულების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რის გამოც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, შესაბამისად ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის გათვალისწინებით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, სპს «თ-ის» მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპს «თ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.