Facebook Twitter

¹ბს-278-220-კ-05 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ინვალიდობის პენსიის დანიშვნა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 15 ივნისს ი. მ-ემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ და მოითხოვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე ინვალიდობის პენსიის _ 10,5 ლარის დანიშვნა, ხოლო ამავე კანონის 49-50-ე მუხლების შესაბამისად, 12 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 126 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ომის II ჯგუფის ინვალიდი, დაინვალიდდა სამხედრო სამსახურში და იღებს პენსიას _ 14 ლარს.

მოსარჩელის მოსაზრებით, იგი აკმაყოფილებს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-17 და მე-19 მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც მას მე-20 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, უნდა დაენიშნოს ომის ინვალიდობის პენსია 10,5 ლარის, ხოლო ამავე კანონის 49-50-ე მუხლების შესაბამისად, უნდა აუნაზღაურდეს 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატი 126 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მას უარი ეთქვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიერ იმ მოტივით, რომ მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ ომის ინვალიდებს, რომლებიც განეკუთვნებიან ოფიცერთა შემადგენლობას.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. მ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 აგვისტოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ე არის ... წელს დაბადებული, 1955წ. თებერვალში ვადამდე ადრე გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან დიაგნოზით _ მარჯვენა ყურიდან ქრონიკული ჩირქდენა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სამხედრო საექიმო დასკვნის თანახმად, ი. მ-ის დაავადება არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურთან, დაავადება მიღებული აქვს არმიაში სამსახურის დროს და დაუდგინდა III ჯგუფის ინვალიდობა.

პალატამ ასევე დადასტურებულად ცნო, რომ ი. მ-ის ინვალიდობა არ არის დაკავშირებული სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან, მაგრამ მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლისას და ზემოაღნიშნული საექიმო დასკვნით მიენიჭა ომის II ჯგუფის ინვალიდობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტით განსაზღვრულ პირთა კატეგორიისათვის პენსიის დანიშვნის წესი არ არის გათვალისწინებული “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს მხოლოდ ამავე კანონის პირველი მუხლის “ა”-”ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ პირთა საპენსიო უზრუნველყოფას.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. მ-ეს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე ომის ინვალიდობის პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება არა აქვს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, რადგან იგი არის II ჯგუფის ინვალიდი, ინვალიდობა დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის გავლასთან, შესაბამისად, მას “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე ეკუთვნის ომის ინვალიდობის პენსია. მოსარჩელის განმარტებით, დაავადდა სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, რადგან სრულიად ჯანმრთელი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში 1953 წელს, ხოლო 1955 წელს, საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვადამდე გათავისუფლდა ავადმყოფობის გამო. შედეგად, მას ჯერ მიაკუთვნეს ინვალიდობის III, ხოლო შემდეგ _ II ჯგუფი.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მას “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე უნდა დაენიშნოს ინვალიდობის პენსია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ი. მ-ე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე ინვალიდობის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოდ, მისთვის უკვე დანიშნულ პენსიასთან _ 14 ლართან ერთად ინვალიდობის პენსიის _ დანიშვნას 10,5 ლარის, ხოლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 49-50-ე მუხლების შესაბამისად, 12 თვის მიუღებელ, პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურებას 126 ლარის ოდენობით.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ი. მ-ე დაბადებულია .... წელს და იღებს ინვალიდობის პენსიას _ 14 ლარს. 1953 წლიდან მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, 1955 წელს კი, ავადმყოფობის გამო, ვადამდე გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, მარჯვენა ყურიდან ქრონიკული ჩირქდენის დიაგნოზით. სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნის თანახმად, ი. მ-ეს ბავშვობიდან აწუხებდა მარჯვენა ყურიდან ჩირქდენა, რასაც თან სდევდა სმენის დაქვეითება, მაგრამ დაავადება დაუდგინდა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. ამავე დასკვნის მიხედვით, ი. მ-ის დაავადება არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურის გავლასთან და მას ჯერ დაუდგინდა ინვალიდობის III, ხოლო შემდეგ _ II ჯგუფი.

“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონი, რომლის საფუძველზეც კასატორი ითხოვს ინვალიდობის პენსიის დანიშვნას, ითვალისწინებს საპენსიო უზრუნველყოფის შემდეგ სახეებს: წელთა ნამსახურობისათვის, ინვალიდობისა და მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნას. ამასთან, აღნიშნული კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა კატეგორიას, ვისზეც შესაძლებელია, გავრცელდეს საპენსიო უზრუნველყოფის მითითებული სახეები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. მ-ე განეკუთვნება მითითებული მუხლის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთა წრეს, რადგან არის ვადიანი სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული პირი და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი უფლებას ანიჭებს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვალიდნენ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღონ ინვალიდობის პენსია, მაგრამ აღნიშნული კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს ინვალიდობის პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მართალია, მე-17 მუხლი, რომელზეც კასატორი ამყარებს თავის მოთხოვნას, შესაძლებლობას იძლევა სამხედრო მოსამსახურეებს დაენიშნოთ ინვალიდობის პენსია, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, მაგრამ აღნიშნული მუხლის პირველი წინადადება აკონკრეტებს აღნიშნული საპენსიო უზრუნველყოფით მოსარგებლე პირთა წრეს და ასეთად მიუთითებს მხოლოდ ამავე კანონის პირველი მუხლის “ა” პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტებს, რომლებსაც კასატორი არ განეკუთვნება. ამასთან, მე-19 მუხლი ზოგადად განსაზღვრავს ინვალიდობის კატეგორიებს ინვალიდობის წარმოშობის მიზეზების მიხედვით და ამავე მუხლის “გ” პუნქტი ინვალიდების კატეგორიას მიაკუთვნებს პირებს, თუ ჭრილობა, დასახიჩრება, კონტუზია ან დაავადება არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებასთან და ამ კატეგორიის პირთათვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონი საფუძველზე არ არის გათვალისწინებული, რადგან მე-20 მუხლი ინვალიდობის პენსიის ოდენობას განსაზღვრავს მხოლოდ ამავე კანონის პირველი მუხლის “ა”-”ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ პირთათვის, ი. მჭედლიძე კი ამ პირთა წრეს, როგორც აღინიშნა, არ განეკუთვნება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი. მ-ე არ არის ის სუბიექტი, რომელსაც “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე შეიძლება დაენიშნოს ინვალიდობის პენსია.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა, როგორც წესი, ითვალისწინებს მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნის შესაძლებლობას, ხოლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად, ენიშნებათ მხოლოდ ერთი სახეობის პენსია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. მ-ეს უკვე დანიშნული აქვს ინვალიდობის პენსია 14 ლარის ოდენობით და იგი დამატებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზეც ითხოვს ინვალიდობის პენსიის დანიშვნას, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით, საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო, რის გამოც ი. მ-ეს უსაფუძვლობის გამო უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 დეკემბრის გნჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 დეკემბრის განჩინება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.