Facebook Twitter

ას-380-353-2010 5 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «კ-ას» დირექტორი მ. ვ-ა

წარმომადგენელი _ ნ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ე

წარმომადგენელი – მ. ღ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «კ-ას» დირექტორმა მ. ვ-ამ მ. ს-ისა და ნოტარიუს მ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 500 000 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე 2003 წლის 27 მაისის ¹1/172 ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, სამტრედიის რაიონული პროკურატურის 2003 წლის 13 ივნისის დადგენილებით მ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქციით) 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა, რის შედეგადაც განუხილველად დარჩა წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი. გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული ექსპერტიზით უტყუარადაა დადასტურებული, რომ 1991 წლის 10 ოქტომბერს შპს «კ-ასა» და მ. ს-ეს შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე, ...კომპანია «გ-ას», რომლის დირექტორიც მ. ს-ე იყო, 10 000 000 რუსული მანეთი გადაერიცხა. მ. ს-ე ვალდებული იყო, მიღებული თანხა მიზნობრივად, კერძოდ კი, ერთობლივი კომერციული საქმიანობისათვის გამოეყენებინა. თანხის სხვაგვარად გამოყენებისათვის საჭირო იყო მეორე მხარის წერილობითი თანხმობა. ხელშეკრულების მიხედვით, ...კომპანიის მოგების 50%, გადასახადების დარიცხვის გარეშე, უნდა გადასცემოდა შპს «კ-ას», ხოლო შეძენილი ქონება უნდა აღრიცხული მხარეთა საერთო საკუთრებად 50-50%-იანი წილის უფლებით. გამოძიებით დადასტურდა, რომ მ. ს-ემ ნდობით ბოროტად ისარგებლა, მიითვისა შპს «კ-ას» კუთვნილი თანხა და იგი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა. გარდა ამისა, სამტრედიის პროკურატურის მიერ სამოქალაქო სარჩელის გადაცემის შემდეგ, მოპასუხემ ...კომპანია «გ-ის» 100%-იანი წილი აჩუქა თავის ქალიშვილს ხ. ს-ეს. აღნიშნული ხელშეკრულება კი, მოჩვენებით დადებული გარიგება იყო.

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა და მ. ს-ისათვის 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ხ. ს-ე ჩაება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «კ-ას» დირექტორ მ. ხ-ე-ვ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ. ს-ეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 308756 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი მ. ს-ესა და ხ. ს-ეს შორის 2003 წლის 27 მაისს გაფორმებული ¹1/-172 ჩუქების ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 24 ივლისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. ს-ის წარმომადგენელმა მ. ღ-მა გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით გაუქმდა მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

იმავე სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ფირმა «კ-ას» დირექტორის სარჩელი თანხის დაკისრებისა და 2003 წლის 17 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ. ს-ის წარმომადგენლის განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს «გ-ის» 100%-იანი წილი დაუბრუნდა ხ. ს-ეს და აღირიცხა მის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს 2005 წლის 14 ივნისის დადგენილებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ბრალდებულ მ. ს-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. დადგენილებით ირკვევა, რომ მ. ს-ე დაეთანხმა მის ბრალეულობას 10 000 000 რუსული მანეთის თაღლითური გზით მითვისების თაობაზე;

2. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ 1991 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მოსარჩელესა და მ. ს-ეს შორის ერთობლივის საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ეს უკანაკნელი არ იყო უფლებამოსილი პირი ...კომპანია «გ-ის» სახელით ხელშეკრულება დაედო. მ. ს-ემ მოსარჩელე მხარის მოტყუების შედეგად 10 000 000 რუსული მანეთი მიითვისა;

3. ქუთაისის რეგიონული სამრეწველო პალატის 2003 წლის 20 მარტის ¹... ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 1991 წლის ოქტომბერში მ. ს-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადასცა;

4. იმავე დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის – 2003 წლის მარტისათვის, 10 000 000 რუსული მანეთი 308 756 აშშ დოლარს შეადგენდა;

5. 2003 წლის 27 მაისს მ. ს-ემ ...კომპანია «გ-ის» 100%-იანი წილი თავის შვილს, ხ. ს-ეს, აჩუქა;

6. 1991 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მხარეები ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმდნენ, რაც მოსახლეობის მომსახურებასა და შიდა ბაზრის სხვადასხვა პროდუქტებით მომარაგებას მოიცავდა;

7. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების მიხედვით, «კტკ გ-ა» ვალდებული იყო, ყოველკვარტალურად გადაერიცხა შპს «კ-ას» კუთვნილი წილი მოგებიდან;

8. მ. ვ-ამ მ. ს-ეს არაერთგზის მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა და ...კომპანიის 50%-ის გადაფორმების მოთხოვნით;

9. მ. ვ-ამ პროკურატურას მ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის მოთხოვნით 2003 წელს მიმართა. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე 2003 წლის 13 ივნისის დადგენილებით სამოქალაქო სარჩელი განუხილველი დარჩა, რის შემდეგაც, 2003 წლის 7 ივლისს მ. ვ-ამ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;

10. საქმეში განთავსებული ე.წ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ჩეკის ყუის ქსეროასლით არ ირკვევა ვის მიერ ან რა მიზნითაა აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი;

11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა რა ცნობილი მ. ს-ესა და ხ. ს-ეს შორის 2003 წლის 27 მაისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, გაუქმდა ...კომპანია გ-ის 100%-იანი წილის ხ. ს-ის სახელზე რეგისტრაცია და, 308756 აშშ დოლარის მ. ს-ის მიერ ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, შპს «გ-ის» 100%-იანი წილი მ. ვ-ა-ხ-ის სახელზე აღირიცხა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება თანხის შპს «კ-ასათვის» დაბრუნების თაობაზე და მიუთითა, რომ მხარემ ეს გარემოება შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შპს «კ-ასათვის» 10 000 000 რუსული მანეთის ზიანის მიყენების ფაქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგანაც 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით საერთო ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენდა. განსახილველ შემთხვევაში კი, მხარისათვის უფლების დარღვევის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის – ერთი კვარტლის გასვლისთანავე უნდა შეეტყო. სათანადო გონივრული წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში კი, მისთვის იმავდროულად უნდა გამხდარიყო ცნობილი, რომ მ. ს-ე არაუფლებამოსილი პირი იყო და ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა 2003 წლიდან, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის განუხილველად დატოვების მომენტიდან უნდა დაწყებულიყო და განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები სამოქალაქო წესით აღძრულ სარჩელზე არ ვრცელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მ. ვ-ას სარჩელის უფლება 1991 წლიდან წარმოეშვა, 3-წლიანი ვადა კი, 1994 წელს ამოიწურა. ვინაიდან ამ უკანასკნელმა სამოქალაქო სარჩელი 2003 წელს წარადგინა პროკურატურაში, ხანდაზმულობის ვადის დენა ამ დროისათვის აღარ მიმდინარეობდა და, შესაბამისად, არც შეწყვეტილა.

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დასაჩუქრებული ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, ამდენად, მისი მითითება გარიგების მოჩვენებითობის თაობაზე უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება შპს «კ-ას» დირექტორმა მ. ვ-ა-ხ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარს შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები უდევს საფუძვლად:

1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 440-ე და 242-ე მუხლები;

2. საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ფირმა «კ-ას» სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე აღძრული სამოქალაქო სარჩელია, შესაბამისად, მისი განხილვისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 თავი;

3. სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადები განმარტა არა ამ კატეგორიის საქმეზე კანონის სპეციალური მითითების შესაბამისად, არამედ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით, რითაც დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის დანაწესი სამოქალაქო სარჩელებზე სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გამოყენების აკრძალვის თაობაზე;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, მოცემულ საქმეზე დაშვებულ იქნა მ. ს-ის საჩივარი, რის შედეგადაც გაუქმდა კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

5. სააპელაციო სასამართლოს მტკიცება მ. ს-ის წარმომადგენელ ვ. თ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასმაართლომ მიიჩნია, რომ საქმის განმხილველ წინა შემადგენლობას საპატიოდ უნდა მიეჩნია ვ. თ-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის გამო და გადაედო საქმის განხილვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით კი, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობა სხდომის გადადების საფუძველი არ არის;

6. სასამართლომ იმგვარად დაადგინა აღსრულების შებრუნება, რომ არ გაურკვევია, ვის ეკუთვნოდა ქონება, რომელიც ხ. ს-ეს მიაკუთვნა, რომელსაც ამგვარი მოთხოვნა არ დაუყენებია და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მ. ს-ის მოთხოვნა აღსრულების შებრუნების თაობაზე, მაგრამ ქონება ხ. ს-ეს მიაკუთვნა, ამასთან, სასამართლოს არ გაურკვევია, ვის სახელზე ირიცხებოდა ქონება დაბრუნების მომენტში და 2007 წლის დოკუმენტებით იხელმძღვანელა;

7. სააპელაციო პალატამ ხანდაზმულობის ვადა 1991 წლის 11 ოქტომბრიდან, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, არასწორად ათვალა;

8. გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟი ფიზიკურ პირ მ. ვ-ას დაეკისრა, მაშინ, როდესაც მხარე ფირმა «კ-აა.»

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს «კ-ას» დირექტორ მ. ვ-ას სააკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომელიც წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს არსებით გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორად გააუქმა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე-241-ე მუხლების შესაბამისად უნდა მოხდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ს-ის წარმომადგენელს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში არც ერთ ამგავრ საფუძველზე არ მიუთითებია.

მ. ს-ის ადვოკატი მ. ღ-ი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ სასამართლოსათვის ცნობილი იყო აპელანტის მისამართის ცვლილების შესახებ, მაგრამ ახალ მისამართზე სასამართლო უწყება არ გაუგზავნია, გარდა ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის იმ პერიოდისათვის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.

საკასაციო სასმაართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარის აღნიშნული მოსაზრებები უსაფუძვლოდ გაიზიარა.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, უწყება ორჯერ გაეგზავნა მ. ს-ეს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და არ ჩაბარდა, რადგანაც მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ. ს-ემ სასამართლოს მისამართის ცვლილების შესახებ შეატყობინა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ უწყება მ. ს-ისათვის ჩაბარებულად მიეჩნია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ფოსტიდან დაბრუნებულ გზავნილზე არსებული აღნიშვნის თანახმად, მ. ს-ე გადასული იყო ოზურგეთის რაიონის სოფელ კ-ში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მისამართი არასრულია, გარდა ამისა, არ ირკვევა, ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი ითვალისწინებს თავად მხარის ვალდებულებას, რომ სასამართლოს ახალი მისამართი აცნობოს.

გარდა ამისა, სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ასევე ეცნობა მ. ს-ის წარმომადგენელ ვ. თ-ეს, რომელმაც სასამართლოს დეპეშით შეატყობინა, რომ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა, რის გამოც სააპელაციო ინსტანციაში მ. ს-ის ინტერესებს ვერ დაიცავდა და სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. აღნიშნული შეტყობინება სასამართლოს სხდომის ჩატარების შემდეგ ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის ლიცენზიის არქონა სასამართლო სხდომის გადადების ან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არის. განსახილველ შემთხვევაში, მხარისათვის გონივრული ვადით ადრე იყო ცნობილი სასამართლო სხდომის დრო და მას საშუალება ჰქონდა, ახალი წარმომადგენელი აეყვანა, თუნდაც იმ დროისათვის საზღვარგარეთ ყოფილიყო. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ 2006 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2010 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, ასევე 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და 2006 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს «კ-ას» დირექტორ მ. ვ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.