Facebook Twitter

საქმე # 330100124009539192

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1371აპ-24 ქ. თბილისი

ნ.ნ. 1371აპ-24 14 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ნ–ის, – პირადი ნომერი ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 19 მაისს, დ. ნ–ის მოთხოვნის საფუძველზე, მეუღლის – ნ. ნ–ის – მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ნ. ნ–ეს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან –დ. ნ–ესთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დ. ნ–ე იმყოფებოდა. ასევე, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მესამე პირების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ნ–ე გაფრთხილებულ იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 20 მაისს და 26 მაისს მივიდა თ–ში, წ–ს ქუჩის N...-ში მდებარე ზოომაღაზიაში – დ. ნ–ის სამსახურის მისამართზე; აგრეთვე, 2024 წლის 21, 22, 25, 26 მაისს ნ. ნ–ე იმყოფებოდა თ–სში, გ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, დაზარალებულ დ. ნ–ეს მობილურ ტელეფონზე მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები; ასევე, 2024 წლის 26 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნ. ნ–ე მივიდა თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. ნ–ის დროებით საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნული ქმედებებით, ნ. ნ–ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითიც დ. ნ–ეს მიადგა მორალური ზიანი.

1.1. აღნიშნული ქმედებით ნ. ნ–ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ნ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

2.1. ნ. ნ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 27 მაისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოდგილემ – დავით ხვედელიძემ – მოითხოვა მსჯავრდებული ნ. ნ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრება, კერძოდ – თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ ნ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ლ–ამ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, სრულად პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადად 1 წლის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება;

4.1. ნ. ნ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის (ასევე ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის) შესაბამისად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 თვით, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

4.2. მსჯავრდებულ ნ. ნ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 27 მაისიდან (დანიშნული სასჯელის მოხდის გამო ნ. ნ–ე გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან).

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის დამცავი ორდერის თანახმად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ (30 დღით) გამოიცა დამცავი ორდერი.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ. კასატორი ითხოვს ნ. ნ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, შეფარდებული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი გამკაცრება.

8. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ნ. ნ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

9. მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

10. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, განსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), ასევე საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ნ. ნ–ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, – ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს ალტერნატიული სასჯელებიდან განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასჯელის ნაწილის მოხდა განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაუთვალა პირობით მსჯავრად.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი).

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების ნაწილშიც.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე