Facebook Twitter

საქმე N 120100121005245024

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1379აპ-24 24 აპრილი, 2025 წელი

გ-ი ა., №1379აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. გ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2019 წლის შემოდგომით, საღამოს საათებში, დ– მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ა. გ–მა, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების – 1... წელს დაბადებულ თ. გ–ისა და .... წელს დაბადებულ რ. გ–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ს. თ–ს, რა დროსაც მან ხელი დაარტყა მას მარჯვენა თვალის არეში, რამაც გამოიწვია ს. თ–აძის ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2021 წლის ივნისში, დ– მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ა. გ–მა, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების – ...... წელს დაბადებულ თ. გ–ისა და ..... წელს დაბადებულ რ. გ–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ს. თ–ს, რა დროსაც მან ყელში წაუჭირა ხელი ძლიერად, რამაც გამოიწვია ს. თ–აძის ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2021 წლის 14 მაისს, დ... მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ა. გ–მა, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის – 1..... წელს დაბადებულ თ. გ–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ს. თ–ას, რა დროსაც მან ძლიერად ჰკრა ხელი და მიანარცხა კედელს, რამაც გამოიწვია ს. თ–ის ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2021 წლის ივლისის თვეში, დ... მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ა. გ–ი, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკვლით, დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ს. თ–ს. აღნიშნული მუქარა ს. თ–აძემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. ა. გ–ი, წლების განმავლობაში, 2021 წლის ივლისის ჩათვლით, დ... მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ყოფილ მეუღლეს – ს. თ–ას, რამაც გამოიწვია ს. თ–ას ტანჯვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენით, ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის შემოდგომის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ივლისის ჩათვლით ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 2021 წლის 14 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე–ემ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის შემოდგომის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2024 წლის 1 მაისიდან.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც–ემ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გელა მაღრაძემ, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ ვარაუდი და დაზარალებულად ცნობილი ს. თ–ს მიერ წარდგენილი განცხადება, რომელიც მან წარადგინა მას შემდეგ, რაც მას ჩაბარდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ა. გ–ის მიერ შეტანილი სამოქალაქო სარჩელი, არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად მიკუთვნებისა და მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ჩვენება მისცა მხოლოდ ს. თ–მ, რომელიც უთითებდა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი – თ. გ–ი. ნიშანდობლივია, რომ საქმის არსებით განხილვაზე თ. გ–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ა. გ–ის საწინააღმდეგო ჩვენება. ს. თ–ას მიერ მიცემული ჩვენების სისწორე, სიზუსტე და კანონიერება უნდა დაედასტურებინა სწორედ მათ არასრულწლოვან შვილს – თ. გ–ს. მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლოში, უშუალოდ არ შესწრებიან ა. გ–ის მიერ დაზარალებულ ს. თ–აძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, ამასთან, არიან დაინტერესებულები. დაზარალებულის დედამ სასამართლოს მიუთითა ისეთ დაზიანებებზე, რომლებზეც თავად დაზარალებულსაც არ მიუთითებია, ამასთან, ქალიშვილი არც ექიმთან წაუყვანია და არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიუმართავს. დაზარალებულის ძმამ – გ. თ–ემ კი, აღნიშნა, რომ 14 მაისს, დისშვილის დაბადების დღეზე, შეესწრო ფაქტს, რომ ა. გ–მა ხელი ჰკრა ს. თ–ს, რომელიც კედელს დაეჯახა და წაიქცა. ის გარემოება, რომ ძალადობას ესწრებოდა მისი ძმა, დაზარალებულს თავის ჩვენებაში არ უხსენებია. შესაბამისად, გ. თ–ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული. საგულისხმოა, რომ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა მიმოწერის გამოთხოვა და სასამართლომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ე.წ. „სქრინშოთებით“ იმსჯელა, შესაბამისად, დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ:

5.2. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019), თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

5.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით.

5.4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

5.5. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. გ–ის მიერ ყოფილი მეუღლის – ს. თ–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის (სამი ეპიზოდი), სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ – ს. თ–ას, მოწმეების – მ. თ–სა და გ. თ–ის ჩვენებები, 2021 წლის 16 სექტემბრის CD დისკისა და ე.წ. „სქრინშოთების“ დათვალიერების ოქმი და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნა, სხვა მტკიცებულებები მტკიცების საგანთან არაინფორმაციულია, რის თაობაზეც სასამართლო არ იმსჯელებს.

5.7. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად დადასტურებულია და ასევე მხარეთა მიერ, სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ა. გ–ის, ს. თ–სა და თ. გ–ის ნათესაური კავშირი, ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან.

5.8. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა – თ. გ–მა გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მამის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.9. დაზარალებულ ს. თ–აძის ჩვენების თანახმად, ა. გ–ი მისი ყოფილი მეუღლეა, 11 წელი იყვნენ ქორწინებაში და შეეძინათ ორი შვილი. ა. გ–ი მასზე სისტემატურად ძალადობდა, თუმცა ზუსტი თარიღები არ ახსოვს. ახსოვს, რომ 2019 წლის შემოდგომას, მისმა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. ა. გ–ი სახლში გვიან, ნასვამი, გაბრაზებული მივიდა და იმის გამო, რომ დილით არ დაემორჩილა მის მითითებას მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალში, რაც დაულურჯდა. ეს მოხდა ა– ა–ის სახლში. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი – თ. გ–ი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეორე დღეს მისმა ოჯახის წევრებმა ნახეს და მიხვდნენ, რომ ა–მა მიაყენა შეურაცხყოფა. ა–მა რამდენჯერმე დაარტყა. ორივე ბავშვი მათ საძინებელ ოთახში იყო. კონფლიქტის შედეგად რ–ს გაეღვიძა, ხოლო თ–ს ისედაც არ ეძინა. ექიმთან არ ყოფილა, არ სურდა მომხდარის გახმაურება. ჩალურჯებამ დაახლოებით ორ კვირაში გაუარა. ამ ამბის შემდეგ, ის ა– წავიდა თავის მშობლებთან და მისი დაზიანება მათაც ნახეს, მომხდარზეც უამბო. შემდგომი ძალადობის ფაქტი, 2021 წლის ივნისში მოხდა, კერძოდ, ა–მა მას ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რაც ეტკინა და რასაც ასევე შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. ა. გ–ი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ერიდებოდა შვილების თანდასწრებით. აღნიშნულზე თ–ი ძალიან ნერვიულობდა, რის გამოც, ბრალდებულმა რამდენჯერმე ბავშვსაც დაარტყა ხელი. ბოლო პერიოდში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ა. გ–ის მხრიდან გახშირდა. თ–ის დაბადების დღეზე, ა–მა დალია, სტუმრების წასვლის შემდეგ კი მასზე იძალადა, კერძოდ: მას კვლავ სურდა დალევა, რაზეც უთხრა, რომ საკმარისი იყო და აღარ დაელია. ა. გ–ი აღნიშნულზე გაბრაზდა და არასრულწლოვანი შვილის – თ–ის და თავისი ძმის – გ. თ–ის თვალწინ, ხელი ჰკრა და კედელზე მიანარცხა. კედელს თავი მიარტყა, რაც ეტკინა. მისი ძმა იმ ღამეს მათთან დარჩა.

2021 წლის ივლისის თვეში, მას სურდა განქორწინება, ვინაიდან ა. გ–ი სისტემატურად სცემდა და აგინებდა მას, მათ შორის, საზოგადოებაშიც. როდესაც გადაწყვიტა წამოსვლა, ბრალდებული დაემუქრა, რომ თუ სახლიდან წავიდოდა, მასაც და ბავშვებსაც თავებს მოაჭრიდა. მან, აღნიშნული, სერიოზულად აღიქვა და შეეშინდა, თუმცა მაინც წავიდა ოჯახიდან, რადგან თავი უნდა დაეღწია ამ ძალადობისგან. შემდეგ ოფიციალურად გააწერეს ხელი. ბოლო პერიოდში, ა. გ–ი ხვდებოდა ქუჩაში, საბავშვო ბაღთან და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, სიმწრით მის ხორცს შეჭამდა, ბავშვებს წაართმევდა და შვილების გარეშე დატოვებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მან პოლიციას მიმართა. თავდაპირველად ა. გ–ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, შემდეგ კი ფიზიკურადაც. ეს ძალადობა იყო ძალიან ხშირი, რის გამოც, ბევრჯერ წასულა სახლიდან. სხეულის სხვადასხვა ადგილას მუდამ ჰქონდა დაზიანებები და სილურჯეები, თუმცა სამედიცინო დაწესებულებისთვის არასდროს მიუმართავს, რადგან არ სურდა, გახმაურებულიყო. ა. გ–ს ყველაფერზე შეეძლო ჩხუბი, ეჭვიანობა. მიზეზი არ სჭირდებოდა იმისათვის, რომ დაზარალებულისთვის ხელი დაერტყა ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა, რის გამოც ტანჯვას განიცდიდა.

5.10. მოწმე მ. თ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს ს. თ–საგან. თავად არასდროს შესწრებია ა. გ–ის და ს. თ–ს ჩხუბს, არც ა. გ–ის მხრიდან ს. თ–აძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს. როგორც ახსოვს, ს. თ–ე, დაახლოებით 2018 წელს ბავშვებთან ერთად წამოვიდა ა. გ–ის სახლიდან და მივიდა მასთან. ს–ს თვალი ჰქონდა დალურჯებული, ჰკითხა რა სჭირდა, რაზეც უპასუხა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რომელმაც ხელი დაარტყა თვალში. მომხდარი დაწვრილებით არ მოუყოლია. ს... მასთან რამდენიმე დღე დარჩა, შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. არ სურდა ოჯახის დანგრევა. როგორც იცის, ბოლოს, ა. გ–მა ს. თ–ს 2021 წელს ხელი ყელში წაუჭირა, რის შემდეგაც, მისმა შვილმა საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ დაშორებოდა მეუღლეს, თუმცა ა. გ–ი ემუქრებოდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, თავს მოაჭრიდა.

5.11. მოწმე გ. თ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს. თ–აძე არის მისი და, ხოლო ა. გ–ი - მისი ყოფილი სიძე. მოწმის განმარტებით, 14 მაისს, დისშვილის დაბადების დღეზე, მათ სახლში შეესწრო ა. გ–ის მიერ ს. თ–ს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, კერძოდ, როდესაც მისმა დამ უთხრა მეუღლეს, რომ სასმელი აღარ დაელია, ა–მა ს. თ–აძეს ხელი ჰკრა, ს– კედელს მიეჯახა და წაიქცა. იმ ღამეს თავის დასთან დარჩა ოჯახში, რომ კიდევ არ მოსვლოდათ კონფლიქტი, დილით კი, წამოვიდა. მოწმის განმარტებით, ამ ფაქტს, ასევე შეესწრო ა–ისა და ს–ს არასრულწლოვანი შვილი – თ–ი. გადმოცემით იცის, რომ ა–ს და ს–ს კონფლიქტი 2019 წელსაც მოუვიდათ. მის დას თვალი ჰქონდა დალურჯებული. როგორც მისთვის ცნობილია, ს– და ა–ი ხშირად კამათობდნენ.

5.12. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად, ს. თ–აძე, მისი მეუღლის – ა. გ–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

5.13. 2021 წლის 16 სექტემბრის CD დისკისა და ე.წ. „სქრინშოთების“ დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ს. თ–აძის მიერ წარდგენილი CD დისკი, აუდიო ჩანაწერის მოსმენისთვის CD დისკი შემოწმებულ იქნა კომპიუტერზე - ისმის შემდეგი შინაარსის სიტყვები: „ეგ არ დამვიწყებია, წასული არ იყავი, დედას გეფიცები, ეგრევე წაგვშალე, ეგრევე წაგვშალე, თითქოს, 11 წელი წყალში გადავყარე შენი გულისთვის, ასეთი რა გაწყენინე, ის რომ გითხარი, რომ ბავშვი პატარაა მეთქი, არასრულწლოვნები არიან და რა ხდება მეთქი, თავებს დაგაჭრით მეთქი. პირველი ეგ მიწერია, რ–ს თავს გეფიცები, თუ არ მეწეროს, ასე, ასე ვუთხარი მეთქი. ასევე, დათვალიერდა ს. თ–ს მიერ წარდგენილი ე.წ. „სქრინშოთი“, მუქარის შემცველი შეტყობინებით. სქრინშოთი ასახულია თაბახის ფურცელზე, შემდეგი შინაარსით: „შენ იცი ვინც ხარ, ნუღა მომწერ“, შემდეგ კი „- ს–ო ვარ, თ–ე, რამე პრობლემა გაქვს? აქეთ ნუ მომწერ, რამდენჯერ გაგაფრთხილე, მგონი, ვერ გიხსნი კარგად“. პასუხი: „–ცოტა ხანში შენს ხორცს შეჭამ, ცოტა მოითმინე“. პასუხი: „–ნუ მემუქრები, ნუ“.

5.14. პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

5.15. საკასაციო პალატის შეფასებით დაზარალებულ ს. თ–ს ჩვენება არის თანმიმდევრული, იგი შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, მოწმე აღწერს ა. გ–თან თანაცხოვრებისას თავსგადამხდარ მოვლენებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, ასევე 2021 წლის 14 მაისს, განვითარებულ მოვლენებს. დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაშია, ასევე გ. თ–ის ჩვენებასთან, რომელმაც დაზარალებულის მსგავსად დაადასტურა, ა. გ–ის მიერ 2021 წლის 14 მაისს, ს. თ–ს მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილის – თ. გ–ის თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.16. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ს. თ–ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა 2021 წლის 14 მაისის ეპიზოდის გარდა, სხვა ეპიზოდებში ბრალდების მხარის მიერ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. საქმეზე წარმოდგენილი არ არის სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა სხვა სადავო ეპიზოდებს. სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები კი, ფასდება ბრალადწარდგენილი დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და ბრალადწარდგენილ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

5.17. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში არსებული არცერთი სხვა უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება ა. გ–ის მხრიდან ს. თ–აძის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი, ასევე 2019 წლის შემოდგომასა და 2021 წლის ივნისში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ს. თ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობისა და 2021 წლის ივლისში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ თ. გ–მა, რომელიც ბრალდების მხარის პოზიციით, ფაქტების უშუალო თვითმხილველია, არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო ამ ფაქტების ირგვლივ მოწმეებმა – გ. თ–ემ და მ. თ–მ განმარტეს, რომ აღნიშნული გადმოცემით იცოდნენ ს. თ–სგან და ზემოხსენებული ეპიზოდების უშუალო თვითმხილველნი არ გამხდარან. ამდენად, სასამართლო დაზარალებულის მიერ გაკეთებული განმარტებების მიუხედავად, სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, გარდა 2021 წლის 14 მაისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტისა, სხვა ეპიზოდებს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.

5.18. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სიხშირით, ანუ ქმედება მეორდება, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, მომდევნო ქმედება დროის მოკლე პერიოდში, სულ მცირე, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი. ამდენად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის არსებული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ზიანს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის N733აპ-18 განაჩენი).

5.19. სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

5.20. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

5.21. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ა. გ–ს ედავება წლების განმავლობაში, 2021 წლის ივლისის ჩათვლით, დ... მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად ყოფილი მეუღლის – ს. თ–ს, შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ს. თ–ს ტანჯვა. თუმცა, ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის აღწერილი წლების განმავლობაში, 2021 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში, კონკრეტულად, როდის, დროის რა შუალედით, ინტენსივობით და რა ფორმით გამოიხატა ა. გ–ის მხრიდან ს. თ–აძის შეურაცხყოფის ფაქტები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება უტყუარად არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ერთადერი მოწმე, რომელიც სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტებს ადასტურებს, არის ს. თ–აძე, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას ვერ მიუთითა, ინტენსივობა და თარიღები.

5.22. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ვერ გაიხსენა რა შუალედითა და ინტენსივობით ხორციელდებოდა მასზე შეურაცხყოფა, მხოლოდ ზოგადი განმარტება აღნიშნულის თაობაზე არ არის საკმარისი ამ ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დასადგენად. რაც შეეხება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ტანჯვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ამ ეპიზოდში ა. გ–ს დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად, რის გამოც, იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

5.23. ამასთან, სასამართლოს, ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდში აღწერილ ბრალდების ფორმულირებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის ივლისის თვეში, დ.. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ა. გ–ი, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკვლით, დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ს. თ–ს. აღნიშნული მუქარა ს. თ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5.24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით – №....... შეტყობინებით, 2021 წლის 15 ოქტომბრის შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, რომლებიც აღწერენ დაზარალებულის შეტყობინებას მუქარის შესახებ, არ დასტურდება ა. გ–ის მხრიდან მუქარის რამდენიმე ფაქტის ჩადენა ყოფილი მეუღლის მიმართ. დანაშაულის – მუქარის შესახებ შეტყობინება, საზოგადოებრივი მართვის ცენტრში შესულია 2021 წლის 16 სექტემბერს. შეტყობინებითა და აუდიოჩანაწერით ნათელია, რომ დაზარალებული გამოხატავს შიშს მეუღლის ქცევებისა და წინა საღამოს განხორციელებული მუქარის გამო და არა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს (2021 წლის ივლისში). ბრალდების შესახებ დადგენილებაში ფორმულირებულია ა. გ–ის მიერ 2021 წლის ივლისში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, თუმცა არაფერია ნათქვამი მუქარის შინაარსზე და გამოხატვის ფორმაზე. რაც შეეხება, 2021 წლის 16 სექტემბრის CD დისკისა და ე.წ. „სქრინშოთების“ დათვალიერების ოქმს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებული მწირი და ორაზროვანი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს მითითებას აუდიოჩანაწერის განხორციელების თარიღზე, არ არის საკმარისი ამ ეპიზოდში ა. გ–ის მსჯავრდებისათვის. ამასთან, საპირისპირო განმარტების პირობებშიც, კი ბრალადწარდგენილი შესაძლო ქმედების ჩადენის დროიდან შეტყობინებამდე გასული რამდენიმე თვიანი სხვაობის თვალსაზრისით, ეჭვქვეშ დგება დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმისა და საფუძვლიანი შიშის გაჩენის ფაქტიც.

5.25. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების დადასტურება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის და 2021 წლის ივნისის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წარდგენილი ბრალდებები, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ა. გ–ის სასარგებლოდ.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან – მისი ღირსების დამცირება.

6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ა. გ–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6.6. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ დამამძიმებელი გარემოებით დანაშაულის ჩადენის დროს დანიშნული სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემოხსენებული დამამძიმებელი გარემოებები წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

6.7. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის. სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მიაჩნია რომ ა. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან, ასევე უზრუნველყოფს მომავალში საზოგადოებაში მის უსაფრთხო რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნების მიღწევას.

6.6. ამასთან, ვინაიდან ა. გ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულ – ს. თ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ა. გ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, ასევე ა. გ–მა დააფიქსირა პოზიცია და სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ თანახმაა გამოიცეს დამცავი ორდერი.

6.8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 381​1 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

6.9. განსახილველ შემთხვევაში, ა. გ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედება, მოიცავს ისეთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს (არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), რომელზეც ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება, შესაბამისად, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად, ა. გ–ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

6.10. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამოიცეს დამცავი ორდერი, იმ ვადით, რა ვადითაც ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.

6.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენში;

3. ა. გ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის შემოდგომის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით;

4. ა. გ–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. ა. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 1 მაისიდან;

6. ა. გ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ა. გ–ის (პ/ნ ......) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში, დაყადაღებულ, რ. გ–ის (პ/ნ ....--) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა.... (ს/კ ......) და ვ-ისა (პ/ნ ......) და ზ-ის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა..... (ს/კ - ......);

7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. გ–ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 3 თვით (იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი) და ა. გ–ს აეკრძალოს: დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე, მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების, ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით; მის საცხოვრებელ, სამუშაო, ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება, ასევე, პირადად მასთან მიახლოება.

8. დამცავი ორდერი ამოქმედდეს ა. გ–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

9. ა. გ–ს განემარტოს, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით;

10. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: კომპიუტერული დისკი შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე