Facebook Twitter

საქმე N 010100123007739715

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №137აპ-25 15 აპრილი, 2025 წელი

ხ–ე მ., №137აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ხ–ეს (დაბადებული 19….პირადი №............) ბრალად ედებოდა: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; ბ) ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 28 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ტ–ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №..-ში მ. ხ–ემ თმების მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს–ეს, რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 28 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ტ–ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №..-ში მ. ხ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს–ეს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით, მ. ხ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ხ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოლღა მერებაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრას.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, დანაშაულის ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ხ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – მ. ს–ემ – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ოჯახის წევრის – მ. ხ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ, გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის გაცხადება, მისი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

5.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ა. ს–ის განმარტებით, მან 2023 წლის 29 ივნისს, პოლიციაში შესული განცხადების საფუძველზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომელშიც ასახა მ. ს–ის მიერ გაცხადებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, დაზარალებულის ჩვენებისა და სხვა უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არასაკმარისია ფიზიკური ძალადობის ან მუქარის დასადასტურებლად და, შედეგად, დაზარალებულში, ერთი მხრივ, ტკივილის განცდის და, მეორე მხრივ, მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის აღძვრის დასადასტურებლად.

5.5. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში პრეიუდიციად მიჩნეული მოწმეების – გ. ნ–ს და გ. გ–ს – გამოკითხვის ოქმებში აღწერილია მხოლოდ დაზარალებულ მ. ს–ის მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია. აღნიშნული პირები დაზარალებულებზე ძალადობას ან მუქარას პირადად არ შესწრებიან. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

5.6. რაც შეეხება ნივთიერი მტკიცებულების – 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციის – გახსნისა და დათვალიერების ოქმს, აღნიშნულ ჩანაწერში მ. ს–ე ოპერატორთან ახსენებს ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. პარალელურად, ჩანაწერში ისმის მ. ხ–ის ხმაც, თუმცა, მის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ფრაზა არ თქმულა.

5.7. საგულისხმოა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნაც, რომლის თანახმად, მ. ს–ეს, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (29.06.2023წ.) გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი მ. ხ–ეს თმის მოქაჩვას ედავება, სასამართლოსთვის არ არის აუხსნელი მ. ს–ის სხეულზე მექანიკური დაზიანებების არარსებობა, თუმცა ეჭვისაღმძვრელია დაზარალებულის მიერ ექსპერტთან გაცხადებული ინფორმაცია. დაზარალებულმა ექსპერტს განუცხადა, რომ 2023 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მეუღლემ მას მიაყენა არა ფიზიკური, არამედ – სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული მტკიცებულება არათუ ადასტურებს, არამედ – ცალსახად ეწინააღმდეგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს.

5.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენი მ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე