საქმე N 010100123006893467
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №138აპ-25 15 აპრილი, 2025 წელი
ა-ი რ., №138აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ა–ს (დაბადებული 1... წლის 16 მარტს, პირადი №.....) ბრალად ედებოდა: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით; ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187–ე მუხლის პირველი ნაწილით; გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; დ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 00:40 საათზე, ბ–ი, ....ის ქუჩის N..., ბინა N..-ში ყოფნისას, რ. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრებს – მეუღლე ი. ს–ას, რომელსაც ძლიერად დაარტყა ხელები გულ-მკერდის არეში და არასრულწლოვან გერს – დ. ა–ას, რომელსაც ძლიერად დაარტყა ხელები ზურგის არეში და თავში ჩაარტყა ჩანთა. რ. ა–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ი. ს–ამ და დ. ა–ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 00:40 საათზე, ბ–ში, ......ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ა–მა განზრახ დააზიანა თავისი ოჯახის წევრის – მეუღლე ი. ს–ას „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი (სახ. ნომრით – .....), რის შედეგადაც, დაზარალებულ ი. ს–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.4. 2022 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ბ–ში, .....ის ქუჩის N..., ბინა N..-ში ყოფნისას, რ. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მეუღლე ი. ს–ას. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი მარცხენა ხელზე. შედეგად, ი. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2023 წლის 2 იანვარს, დღის საათებში, ბ–ში, .........ების ქუჩის N..-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში, რ. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მეუღლე ი. ს–ას. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის – დ. ა–ას – თანდასწრებით, ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი მარჯვენა ხელზე, რის შედეგადაც, ი. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით, რ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,187–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. ა–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანი ბორჩაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. ა–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ანი ბორჩაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. ა–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე რ. ა–ის ადვოკატმა – კ. ნ–მ წარადგინა შესაგებელი. ადვოკატის მოსაზრებით, პროკურორის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ა–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა – ი. ს–ამ და დ. ა–ამ – ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ოჯახის წევრის – რ. ა–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მათი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
5.4. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, დაკითხვისას, მოწმეები – ლ. ა–ე და დ. ტ–ე – თხრობდნენ დაზარალებულების – ი. ს–ას და დ. ა–ას – მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის შესახებ. მართალია, აღნიშნული პირები გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს აღელვებული და შეშინებული დაზარალებულები, თუმცა ისინი დაზარალებულებზე ძალადობას პირადად არ შესწრებიან და არც ხილული დაზიანება შეუნიშნავთ მათ სხეულზე. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
5.5. მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნით დადასტურდა ი. ს–ას სხეულზე დაზიანებების – სისხლნაჟღენთების – არსებობა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მას ფიზიკური დაზიანებები რ. ა–მა მიაყენა. საგულისხმოა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნით, დ. ა–ას სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
5.6. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს და შემაკავებელი ორდერის ოქმებს, არასაკმარისია ფიზიკური ძალადობის რომელიმე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და შედეგად, დაზარალებულებში ტკივილის განცდის დასადასტურებლად.
5.7. საკასაციო პალატა არ უარყოფს, რომ ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა და სასაქონლო ექსპერტიზის N...დასკვნით, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილს (სახ. ნომრით – .....) მართლაც ჰქონდა დაზიანებები, რომლის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ შეადგინა 1180 ლარი, თუმცა მხოლოდ ამ მტკიცებულებებით შეუძლებელია ნივთის დამზიანებელი პირის იდენტიფიცირება.
5.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი რ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე