საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1390აპ-24 თბილისი
ნ. ს. ა., 1390აპ-24 10 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ა. ნ-ს ბრალად დაედო: გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2022 წლის 21 აპრილის, 5 მაისისა და 18 მაისის ეპიზოდები); გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით); გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2022 წლის 25 მაისის ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 21 აპრილს, დაახლოებით, 23:00 საათზე, -ბის მე-- მიკრორაიონის, მე-- კორპუსის ბინა №-კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ა. ნ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა დ. მ-ის თავის საკუთრებად მიჩნევით, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მისი მეუღლე და ქალი, იძალადა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – დ. მ-ეზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დ. მ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 5 მაისს, დაახლოებით, 14:00 საათზე, თ-ში, -ბის მე-- მიკრორაიონის, მე-- კორპუსის ბინა №--ში, ს. ა. ნ-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა დ. მ-ის თავის საკუთრებად მიჩნევით, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მისი მეუღლე და ქალი, იძალადა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – დ. მ-ეზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დ. მ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 18 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ-ში, --ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის ბინა №--ში, ს. ა. ნ-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა დ. მ-ის თავის საკუთრებად მიჩნევით, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მისი მეუღლე და ქალი, იძალადა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე დ. მ-ეზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში და ხელი მკლავზე მოუჭირა, რის შედეგადაც დ. მ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 21 აპრილს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ-ში, -ის დასახლების მე-4 მიკრორაიონის მე-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე – 2022 წლის 5 მაისს, დაახლოებით, 14:00 საათზე და 2022 წლის 18 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ-ში, -ის დასახლების - მიკრორაიონის მე-- კორპუსის ბინა №--ში, ს. ა. ნ-მა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – დ. მ-ის – მიმართ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა დ. მ-ის თავის საკუთრებად მიჩნევით, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისი მეუღლე და ქალი იყო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, დ. მ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 25 მაისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ-ში, -ის დასახლების მე-- მიკრორაიონის - კორპუსის ბინა №--ში, ს. ა. ნ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა დ. მ-ის თავის საკუთრებად მიჩნევით, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისი მეუღლე და ქალი იყო, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – დ. მ-ის – მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით ჩაიდინა იძულება, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის შედეგადაც, დ. მ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით ს. ა. ნ-ი (ძებნილი), - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 აპრილისა და 5 მაისის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ს. ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 26 მაისიდან იმავე წლის 29 მაისის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2022 წლის 18 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ-ში, --ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის ბინა №--ში, ს. ა. ნ-მა ფიზიკურად იძალადა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – დ. მ-ეზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში და ხელი მოუჭირა მკლავზე, რის შედეგადაც, დ. მ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანი ჩუბინაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ს. ა. ნ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა ს. ა. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 აპრილისა და 5 მაისის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდში ს. ა. ნ-ის ბრალეულობა.
9. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას 2022 წლის 22 აპრილის და 2022 წლის 5 მაისის ფიზიკური ძალადობის, ასევე – სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იძულების ეპიზოდების შეფასებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ, გარდა დაზარალებულ დ. მ-ის ჩვენებისა, საქმეში არ არსებობს სხვა ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები.
10. დაზარალებულ დ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ს. ა. ნ-თან; ცხოვრობდნენ თ-ში, -ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის ბინა №--ში. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ს. ა. ნ-ი გახდა აგრესიული. დ. მ-ე სახლიდან არ გადიოდა, რადგან, სახლიდან მისი გასვლის შემთხვევაში, მეუღლე ეჭვიანობდა, ასევე, მუდმივად ეკითხებოდა, თუ ვის სწერდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ბრალდებულის აღქმით, ქალისა და მამაკაცის ფუნქციები იყო განსხვავებული, ხაზს უსვამდა თავის წარმომავლობას, ამბობდა, რომ ა. კაცს ქალმა უნდა მოუსმინოს. 2022 წლის 21 აპრილს, დაახლოებით, 23:00 საათზე, -ბის მე-- მიკრორაიონის, მე-- კორპუსის ბინა №-კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში, დ. მ-ემ მეუღლეს ჰკითხა, ხომ არ ღალატობდა. ამაზე ბრალდებული გაბრაზდა და სილა გააწნა სახეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა და შეეშინდა. 2022 წლის 5 მაისს ს. ა. ნ-მა გადაწყვიტა სახლიდან წასვლა. დ. მ-ემ ჰკითხა ოჯახიდან წასვლის მიზეზი, რაზეც ბრალდებული გაბრაზდა და კვლავ გააწნა სილა სახეში, პარალელურად, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა, ძალადობის შედეგად კი განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2022 წლის 18 მაისს, ღამით, დ. მ-ე მეუღლესთან – ს. ა. ნ-სა – და დედასთან – ვ. მ-თან – ერთად იმყოფებოდა სახლში, -ბის მე-- მიკრორაიონის, მე-- კორპუსის ბინა №-კორპუსის ბინა №--ში; დაახლოებით, 23:00 საათზე ბრალდებულმა დემონსტრაციულად გადაწყვიტა სახლიდან წასვლა. აღნიშნულ საკითხზე მეუღლეები შეკამათდნენ, რა დროსაც ს. ა. ნ-მა სილა გააწნა სახეში, მკლავებზე ძლიერად მოუჭირა ხელი. დ. მ-ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა როგორც სილის გაწვნის, ასევე – ამ ძალადობის დროს მკლავში ხელის ძლიერად მოჭერის გამო. მეორე დღეს მკლავზე (ძალადობის ადგილზე) გაუჩნდა სისხლნაჟღენთი. ძალადობის პროცესში ტკივილისგან ტირილი დაიწყო, ტირილის ხმაზე ოთახში შემოვიდა დედა – ვ. მ., რომელმაც ისინი გააშველა. დაზარალებულის ჩვენებით, 2022 წლის 18 მაისს ს. ა. ნ-ი ფანჯრიდან გადაგდებით ემუქრებოდა, რაც რეალურად აღიქვა და შეეშინდა. 2022 წლის 19 მაისს ს. ა. ნ-ი სამუდამოდ წავიდა სახლიდან, წაიღო საკუთარი ნივთებიც, მაგრამ 2022 წლის 25 მაისს დ. მ-ეს დაურეკა ტელეფონზე და მოინდომა შერიგება. დაზარალებულის ჩვენებით, შერიგების მიზანი იყო არა თანაცხოვრების გაგრძელება, არამედ – სამართლებრივი საფუძვლის შექმნა ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის. ს. ა. ნ-ს, როგორც ერაყის მოქალაქეს, სურდა საქართველოში კანონიერად ცხოვრება. მის ამ წინადადებაზე დ. მ-ემ უარი განუცხადა, საპასუხოდ, ს. ა. ნ-ი დაემუქრა სიტყვებით: მაინცდამაინც უნდა მოგკლა, შენც რომ დაისვენო და მეცო?! დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა.
11. მოწმეებმა: ვ. მ-ემ და ქ. მ-მა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია ბრალდების მხოლოდ ერთ – 2022 წლის 18 მაისის – ეპიზოდთან დაკავშირებით, რისთვისაც ს. ა. ნ-ს დაედო მსჯავრი. თუმცა ვერც დაზარალებულისა და ვერც მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდა აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდებულის მხრიდან გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მართალია, მოწმე ქ. მ. განმარტავდა, რომ, დაზარალებულის გადმოცემით, ფლობს ინფორმაციას, რომ მეუღლე – ს. ა. ნ-ი – უკრძალავდა მოკლე კაბების ჩაცმას და სახლიდან გასვლას, თუმცა იგი, ზოგადად, მიუთითებს აღნიშნულ მიდგომაზე მსჯავრდებულის მხრიდან, უშუალოდ 2022 წლის 18 მაისის ფაქტთან მიმართებით კი, თავად დაზარალებული განმარტავს, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა ს. ა. ნ-ის მხრიდან სახლიდან წასვლის მოულოდნელი გადაწყვეტილება.
12. ს. ა. ნ-ისათვის ბრალად წარდგენილი ყველა სხვა ეპიზოდის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რომელიმე ალტერნატიულ მტკიცებულებაზე, რომელიც, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, სასამართლოს მისცემდა დანაშაულებრივი ფაქტების ერთიანი სურათის აღდგენის შესაძლებლობას. ხოლო რამდენადაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, ამგვარ ვითარებაში დ. მ-ესა და ს. ა. ნ-ს შორის არსებული მიმოწერის შინაარსი კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს ცალკეული ბრალდების ფორმულირებასა და დაზარალებულის ნაამბობის ნამდვილობაში სადავო ეპიზოდებთან მიმართებით.
13. მეუღლეებს შორის მიმოწერა ნათლად მიუთითებს, რომ 2022 წლის 5 მაისს ბრალდებული იმყოფებოდა ბ-ში, სულ მცირე, 11:11-დან 19:38 საათამდე. გარდა ამისა, 2022 წლის 25 და 26 მაისის მიმოწერიდან არ გამომდინარეობს ს. ა. ნ-ის მხრიდან დ. მ-ის მიმართ რაიმე სახის იძულების ფაქტიც. ეს უკანასკნელი მეუღლისგან მოითხოვს ქორწინების მოწმობას და აძლევს პოლიციაში დარეკვამდე 10 წუთს, რათა მივიდეს მასთან.
14. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით ცხადია, რომ, მართალია, დაზარალებული დ. მ-ე ამხელს ს. ა. ნ-ს ფიზიკურ ძალადობაში, მუქარასა და იძულების ყველა ეპიზოდში, თუმცა მისი ნაამბობი ეწინააღმდეგება სადავო ეპიზოდებში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას. პალატა კვლავ იმეორებს, რომ სოციალური ქსელის მიმოწერის შინაარსით წარმოშობილი ეჭვის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არასაკმარისია ს. ა. ნ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდის დასადასტურებლად.
15. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება
ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დიდწილად არაინფორმატიულია, ს. ა. ნ-ის მიმართ წარდგენილ სადავო ბრალდებებთან მიმართებით, და სრულად ვერ ასახავენ დანაშაულებრივ სურათს. ბრალმდებელი ვერ მიუთითებს მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობაზე, რომლითაც გამართლებულ ეპიზოდებში უტყუარად დადასტურდებოდა ს. ა. ნ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარე მოითხოვს ბრალდების ყველა ეპიზოდის დადგენილად მიჩნევას მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ – თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის.
16. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს (ისევე, როგორც პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებს) მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს ს. ა. ნ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად მის მიერ მეუღლის მიმართ 2022 წლის 21 აპრილსა და 2022 წლის 5 მაისს ფიზიკური ძალადობისა და მუქარის, ასევე, 2022 წლის 25 მაისს – მუქარის ჩადენაში.
17. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
18. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პირს ეს ნიშანი დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულად და უშუალოდ ამ მოტივით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით კონკრეტულად ეს მოტივი არ გამხდარა მიზეზი და წინაპირობა 2022 წლის 18 მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში. ამდენად, ეს დამამძიმებელი ფაქტორი ს. ა. ნ-ს სწორად ამოერიცხა ბრალდებიდან.
19. ამრიგად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი 2022 წლის 18 მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში ს. ა. ნ-ის მსჯავრდების კუთხით. პალატა ასევე ეთანხმება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის სახეს და ზომას და მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ს. ა. ნ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველა მკაცრი სახე, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე