საქმე # 330100123007479612
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №13აპ-25 ქ. თბილისი
გ. ნ. 13აპ-24 22 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ნ. გ–ას (დაბადებული – ….) და მ. ბ–ს (დაბადებული – …), – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 25 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ–ში, ….ის ქუჩის №..-ის №.. ბინაში მდებარე მ. რ–ის ბინაში, უკანონოდ შეაღწიეს ნ. გ–ამ და მ. ბ–მ, რომლებიც თავს დაესხნენ ბინაში მყოფ შ. რ–ის, წებოვანი ლენტის გამოყენებით გაკოჭეს და დააწვინეს იატაკზე, მიაყენეს სხეულის დაზიანება სახის არეში, ცივი იარაღის – დანების – დემონსტრირებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და სთხოვნდნე ფულს. მათ სახლიდან წაიღეს ფული – 55 000 ლარი, 50 000 ამერიკული დოლარი, 503 000 ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტა – ბიტკოინი, 25 000 ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტა – USDT და „აიფონის“ მარკის 10 მობილური ტელეფონი, ბინის კარი გარედან დაკეტეს და დატოვეს შემთხვევის ადგილი. აღნიშნული ქმედების შედეგად შ. რ–ის მიადგა 1 586 630 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსას ოცდაათი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ნ. გ–ამ და მ. ბ–მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ნ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
2.1.1. ნ. გ–ას სასჯელის ვადა აეთვალა – 2023 წლის 30 მარტიდან;
2.2. მ. ბ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.2.1. მ. ბ–ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ო. ს–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;
3.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენში შევიდა შესწორება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მსჯავრდებულ ნ. გ–ას სასჯელის ვადის ათვლის თარიღად მიეთითა – 2023 წლის 28 მარტი.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ო. ს–მა. კასატორი ითხოვს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნ. გ–ას მიმართ შეფარდებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ნაწილის პირობითად ჩათვლას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ო. ს–მა, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი შემსუბუქება.
7.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ნ. გ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ:
10.1. კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სასამართლო ითვალისწინებს ნ. გ–ას პოზიციას 2023 წლის 29 ივნისს წინასასამართლო სხდომაზე (მოსამართლის კითხვაზე – წარდგენილ ბრალდებაში ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ განმარტა: ,,თავიდანვე ვთქვი, ვაღიარე, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ თანხაზე იტყუება – ახლოსაც არ არის ის თანხა, რასაც ამბობს“; 12:10:00), პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე (სასამართლო სხდომის 2023 წლის 19 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ბრალდებული – ნ. გ–ა – თავს ცნობს დამნაშავედ, თუმცა არ ეთანხმება ზიანის ოდენობას (ტ.N6; ს.ფ. 8-12), სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას (ითხოვდა გამართლებას, თუმცა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა). აღნიშნულის მხედველობაში მიღებით არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის №878აპ-22 განჩინება; 2023 წლის 30 ივნისი №444აპ-23 განაჩენი).
10.2. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის აღიარებასთან და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან ერთად გაითვალისწინა მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის ჩადენის გარემოებების (ხერხი, მოტივი) და პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
11. სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში ,,მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. ს–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი