Facebook Twitter

ბს-279-221-კ-05 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საიჯარო ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 18 თებერვალს ქუთაისის ... ინსტიტუტმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მხარეებს შორის 1998წ. 15 ოქტომბერს გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულების 5.2 პუნქტში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოიჯარის მიერ შესრულებული გაუმჯობესებების საიჯარო ქონებიდან გამოყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების მეიჯარისათვის დაკისრების ხელშეკრულებით გათვალისწინება და მითითებული საიჯარო ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიჩნევა.

მოსარჩელის განმარტებით, 1998წ. 20 მარტს მას და ქუთაისის ... ტექნიკუმს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით მოსარჩელეს სასწავლო დანიშნულებით, ხუთი წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა ქუთაისში, ... არსებული ... ტექნიკუმის შენობაში მდებარე 725 კვ.მ-ის 18 ოთახი. აღნიშნული ხელშეკრულების 2.3 პუნქტით ინსტიტუტს დაეკისრა ვალდებულება ტექნიკუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფისათვის, ტექნიკუმის შენობისა და მისი ტერიტორიული კეთილმოწყობისათვის ზრუნვის, ასევე ტექნიკუმისათვის გამოთვლითი ტექნიკითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით კაბინეტ-ლაბორატორიების აღჭურვაში დახმარებისა და საჭირო სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ. იმავე ფართზე 1998წ. 15 ოქტომბერს მოსარჩელესა და ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის 5.1 და 5.2 პუნქტების თანახმად, იჯარით გადაცემული ქონება რჩებოდა ... ტექნიკუმის ბალანსმფლობელობაში, ხოლო მოიჯარის მიერ შესრულებული გაუმჯობესებები, რომელთა გამოყოფაც შესაძლებელი იქნებოდა საიჯარო ქონების დაუზიანებლად, წარმოადგენდა მოიჯარის საკუთრებას, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება სკ-ის 603-ე მუხლს.

მოსარჩელის მითითებით, ქონების მართვის სამმართველოს 2004წ. 17 თებერვლის წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ საიჯარო ქონების მესაკუთრე არის ყოფილი ქონების მართვის სამმართველო, ამ უკანასკნელსა და ... ტექნიკუმს შორის კი საიჯარო ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული და არც ტექნიკუმს ჰქონდა ქვეიჯარით ქონების გადაცემის უფლება მინიჭებული.

გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, მასა და ტექნიკუმს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ... ინსტიტუტის მოვალეობები, ხოლო ტექნიკუმს არანაირი ვალდებულება არ უკისრია. მოსარჩელის განმარტებით, იგი პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, შეიტანა კომპიუტერული სისტემები და განახორციელა სხვა სამუშაოები, თუმცა სათანადო საბუღალტრო დოკუმენტების შედგენის შემდეგ, გაწეული სამუშაოების დადასტურებაზე ... ტექნიკუმის დირექტორმა უარი განაცხადა. ამასთან, მოსარჩელემ მიმართა თხოვნით ტექნიკუმს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია. მოსარჩელის მითითებით, იგი კვლავ აგრძელებს საიჯარო ქონების ფლობას და იხდის საიჯარო ქირას, რაზეც მეიჯარეს პრეტენზია არ განუცხადებია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული ქუთაისის ... ტექნიკუმი.

ქუთაისის ... ინსტიტუტის სარჩელი არ ცნო მოპასუხემ –ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და მიუთითა, რომ იგი არის არასათანადო მოპასუხე და შეცვლილ უნდა იქნეს სათანადო მოპასუხით, რადგან საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა პოლიტიკური ტექნიკუმის 2003წ. 31 მარტის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, გაგრძელდა მხოლოდ 2003წ. 1 ივნისამდე, რის შემდგომაც განათლების სამინისტროს აღარ მიუმართავს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის ფართის განმეორებით იჯარით გაცემის თაობაზე, ხოლო 2004წ. 16 თებერვლის ¹01-02-16-414 მიმართვით განათლების სამინისტრომ საერთოდ მიზანშეუწონლად მიიჩნია საიჯარო ურთიერთობების შემდგომი გაგრძელება. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, ქუთაისის ... ინსტიტუტთან საიჯარო ურთიერთობები აღარ არსებობს, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნები დაყენებულ უნდა იქნეს იმ უწყების მიმართ, რომლის კომპეტენციაშიც შედის აღნიშნულ ფართზე საიჯარო ურთიერთობების დარეგულირება.

2004წ. 30 მაისს სკ-ის 564-ე მუხლის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ... მდებარე ქონების თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნების მოთხოვნით, ქუთაისის ... ტექნიკუმმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ქუთაისის ... ინსტიტუტმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ასევე აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც ქუთაისის ... ტექნიკუმის სარჩელი არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მის მიერ ქირავნობის ობიექტზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების _ 6760 ლარის ანაზღაურების დაკისრება ქუთაისის ... ტექნიკუმისათვის, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დროს ქუთაისის ... ინსტიტუტმა უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით ქუთაისის ... ინსტიტუტის სარჩელი დაკმაყოფილდა, მასა და ქუთაისის ... ტექნიკუმს შორის 1998წ. 15 ოქტომბერს დადებული ¹895 საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვალა განუსაზღვრელი ვადით განახლებულად, ხოლო ქუთაისის ... ტექნიკუმის სარჩელი ... ინსტიტუტის იჯარით გაცემული ფართიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის პოლიტექნიკურმა ტექნიკუმმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ... ტექნიკუმის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქუთაისის ... ინსტიტუტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ... ტექნიკუმის სარჩელი დაკმაყოფილდა, ... ინსტიტუტი გამოსახლებულ იქნა ქუთაისში, ... მდებარე ... ტექნიკუმის შენობიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაჰბარდა ქუთაისის ... ტექნიკუმს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მითითებით, 1998წ. 20 მარტს ... ინსტიტუტსა და ... ტექნიკუმს და 1998წ. 15 ოქტომბერს ... ინსტიტუტსა და ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენენ ადმინისტრაციულ გარიგებებს, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტისა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ სკ-ის 559-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქირავნობის ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2003წ. 20 მარტამდე. თუმცა, პოლიტექნიკურმა ტექნიკუმმა 2003წ. 31 მარტის წერილის საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელა 2003წ. 1 ივნისამდე.

სააპელაციო პალატის მითითებით, განათლების სამინისტროს წერილებით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ... ინსტიტუტთან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ხოლო ქონების მართვის სამმართველომ ... ინსტიტუტის ... ტექნიკუმის შენობაში ფუნქციონირება ჩათვალა კანონშეუსაბამოდ. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, .. ინსტიტუტს ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2003წ. 1 ივნისამდე და ... ტექნიკუმს განათლების სამინისტროს გარეშე უფლება არ ჰქონდა შემდგომში გაეგრძელებინა ხელშეკრულება. სკ-ის 564-ე მუხლის თანახმად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში.

სააპელაციო პალატის მითითებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მასთან შეთანხმებით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის ... ინსტიტუტმა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა საიჯარო ქონების მესაკუთრის – ქონების მართვის სამმართველოს პოზიცია, რომელიც თანახმა იყო სადავო ტერიტორიაზე ... ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და არ გაიზიარა ... ტექნიკუმის პოზიცია, რადგან ეს უკანასკნელი არის არა ქონების მესაკუთრე, არამედ მისი ბალანსმფლობელი. კასატორის მითითებით, საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა მხარის მიერ წარმოდგენილი იმ დოკუმენტებით, რომელთა მოქმედების ვადაც გასულია. ამასთან, ქონების მეპატრონისა და მისი ბალანსმფლობელის პოზიციებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, სასამართლო უნდა დაყრდნობოდა ქონების მესაკუთრის _ ქონების მართვის სამმართველოს პოზიციას.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს გარკვეულ წინააღმდეგობებს, კერძოდ, პალატა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1998 წელს ... ტექნიკუმს სადავო ქონება გადაცემული ჰქონდა ქონების მართვის სამმართველოსაგან 5 წლის ვადით, რომელიც გავიდა 2002წ. 5 იანვარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ... ტექნიკუმს უფლება მიანიჭა იმ ქონებაზე, რომელსაც ტექნიკუმი ფლობდა უკანონოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სამმართველოსთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ინსტიტუტისათვის მეიჯარე იყო არა ტექნიკუმი, არამედ ქონების მართვის სამმართველო.

კასატორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება სადავო ხელშეკრულებების ადმინისტრაციულ გარიგებად მიჩნევის შესახებ, იმ მოტივით, რომ იმ პერიოდში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ მოქმედებდა.

კასატორის მითითებით, მეიჯარე არის არა ... ტექნიკუმი, არამედ ქონების მართვის სამმართველო, რომელიც არ ითხოვს საიჯარო ფართიდან ინსტიტუტის გასვლას, რის გამოც ხელშეკრულება განიხილება განუსაზღვრელი ვადით დადებულად. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ... ტექნიკუმს საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება შეეძლო მხოლოდ განათლების სამინისტროს თანხმობით და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო არის საგანმანათლებლო დაწესებულებათა იდეოლოგიური და ორგანიზაციული ხელმძღვანელი და მისი უფლებები სახელმწიფო ქონებაზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებები აქვს მის დაქვემდებარებაში მყოფ სასწავლო დაწესებულებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის ... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება:

კასატორი _ ქუთაისის ... ინსტიტუტი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან 1998წ. 15 ოქტომბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად ცნობას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1998წ. 20 მარტს ქუთაისის ... ინსტიტუტსა და ქუთაისის ... ტექნიკუმს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა ... ინსტიტუტს სასწავლო დანიშნულებით, 5 წლის ვადით, 2003წ. 20 მარტამდე, მიაქირავა ... ტექნიკუმის შენობაში 725 კვ.მ-ის 18 ოთახი. აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დაცვით 1998წ. 15 ოქტომბერს ... ინსტიტუტსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო) შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2003წ. 20 მარტამდე, თუმცა ... ტექნიკუმის წინადადების საფუძველზე, ... ინსტიტუტს საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა სასწავლოწ. დასასრულამდე, 2003წ. 1 ივნისამდე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სადავო საიჯარო ხელშეკრულება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას და მის მიმართ, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოქმედებს სკ-ის ნორმები და ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო საიჯარო ხელშეკრულება არ უნდა იქნეს მიჩნეული ადმინისტრაციულ გარიგებად, რამდენადაც გარიგების დადების მომენტისათვის არ მოქმედებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა გახდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი. ვინაიდან ყოველი ხელშეკრულება წარმოადგენს გარიგებას, რადგან გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოხატვას, ხოლო გარიგების ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის საკმარისია მასში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, შპს “ქ.-ს” და ქონების მართვის სამმართველოს შორის, ამავე ინსტიტუტსა და ... ტექნიკუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვით დადებული საიჯარო ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას და იმის გამო, რომ მხარეებს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები სასამართლოში დავის საგანი გახდა ზოგადი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების ამოქმედების შემდეგ, მათ მიმართ გამოიყენება მითითებული საპროცესო კოდექსის დებულებები. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა გარიგების მომწესრიგებელი სკ-ის 559-ე, 581-ე, 561-ე, 564-ე მუხლები.

სკ-ის 581-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, ხოლო ამავე კოდექსის 559-ე მუხლის თანახმად, ქირავობის ხელშეკრულება წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარეებს შორის 1998 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2003წ. 1 ივნისს, რის შემდეგაც ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს, განათლების სამინისტროსა და საკუთრივ ... ტექნიკუმს ... ინსტიტუტისათვის საიჯარო ვადის გაგრძელებაზე თანხმობა არ განუცხადებიათ და აღნიშნული დაადასტურეს მხარეებმა საკასაციო პალატის სხდომაზეც.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ქონების მართვის სამმართველოს თანხმობის არსებობის პირობებში საიჯარო ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიჩნევასთან დაკავშირებით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების მართვის სამინისტრო შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქონების მართვის სამმართველოსთან ერთად აუცილებელი იყო განათლების სამინისტროს თანხმობაც, ამ უკანასკნელმა კი საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება მიიჩნია მიზანშეუწონლად. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ... ინსტიტუტის მოთხოვნა საიჯარო ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში საოლქო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის ნორმები, სახელდობრ, 559-ე მუხლის პირველი ნაწილი და საფუძვლიანად მიუთითა, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ _ 2003წ. 1 ივნისიდან, რის გამოც სკ-ის 564-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელი (... ინსტიტუტი) ვალდებულია, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას, დაუბრუნოს გამქირავებელს (... ტექნიკუმს) ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით ან იმავე მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია, რომ სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა 559-ე მუხლის არა პირველი, არამედ მეორე ნაწილი, ანუ, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, ხელშეკრულება მიჩნეული უნდა ყოფილიყო განუსაზღვრელი ვადით დადებულად.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის ... ტექნიკუმი არ არის ხელშეკრულების მხარე, მეიჯარე იყო არა ტექნიკუმი, არამედ ქონების მართვის სამმართველო. საკასაციო პალატა ამ მიმართებით საჭიროდ თვლის, მიუთითოს კასატორს 1998წ. 20 მარტისა და 1998წ. 15 ოქტომბრის ხელშეკრულებების შინაარსზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ხელშეკრულებები თავდაპირველად დაიდო ტექნიკუმსა და ინსტიტუტს, ხოლო მოგვიანებით ინსტიტუტსა და ქონების მართვის სამმართველოს შორის. 1998წ. 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით, ძალაში რჩებოდა 1998წ. 20 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ამასთანავე, 1998წ. 15 ოქტომბრის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ქონების დაბრუნებას ბოლო მფლობელისათვის, ანუ ქუთაისის ... ტექნიკუმისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში ტექნიკუმი არის მხარე და მას უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოეთხოვა იჯარით გაცემული ფართობის უკან დაბრუნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე სწორია, კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის ... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.