ას-1495-1504-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ თ. კ-ი, თნ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შიდა ქართლისა და მცხეთის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით თ. და თნ. კ-ების სარჩელი მოპასუხე შიდა ქართლისა და მცხეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ გორის რაიონის სოფელ ძ-ში მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთებთან ერთად, მიწის ნაკვეთები ¹022, ¹035, ¹042, ¹043) ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 55-59, 72-73).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 1, ს.ფ. 62-70).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით თ. კ-ისა და თნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტებს _ თ. და თნ. კ-ებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის, 378.48 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა, მათ მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით. გარდა ამისა, მათ დაევალათ, დაეზუსტებინათ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განემარტათ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული;
2011 წლის 9 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს აპელანტებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი საქმე არ განეკუთვნებოდა ქონებრივს და შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო 9462 აშშ დოლარიდან, რადგან პრეტენზია (თუ ასეთს ადგილი ჰქონდა) ვალის გადახდევინების შესახებ მიმართული იყო არა მათი, არამედ ზურაბ კ-ის მიმართ (ტომი 2, ს.ფ. 6).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მიერ 2011 წლის 9 აგვისტოს განცხადებაში მითითებული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 9462 აშშ დოლარით განსაზღვრა იყო არასწორი. სააპელაციო სასამართლომ განუმარტა მხარეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ნათლად იყო გამოკვეთილი მოსარჩელის საბოლოო ინტერესი _ დაყადაღებული უძრავი ქონების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში მიღება. როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, სადავო ქონება წარმოადგენდა 9462 აშშ დოლარის უზრუნველყოფის საგანს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქონება ყადაღისაგან გათავისუფლდებოდა, მოსარჩელეები მიიღებდნენ უფლებრივად უნაკლო ნივთს, თავისუფალს მოთხოვნილი 9462 აშშ დოლარისაგან. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენდა ნივთის გადარჩენა ამ ნივთიდან 9462 აშშ დოლარის ამოღებისაგან. შესაბამისად, დავა იყო ქონებრივ-სამართლებრივი, რადგან მხარე ცდილობდა მოთხოვნილი 9462 აშშ დოლარი დაყადაღებული ნივთიდან არ ამოღებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტებს უნდა დაეზუსტებინათ მოთხოვნა და განემარტათ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. წარდგენილი განცხადებით აპელანტებს არც აღნიშნულ ნაწილში გამოუსწორებიათ ხარვეზი.
ზემომითითებული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თ. და თნ. კ-ებმა ვერ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, წარმოადგენდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს დაუბრუნა მათ სააპელაციო საჩივარზე დალი გოგინაშვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 9-11).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება თ. და თნ. კ-ებმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვეს მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, კერძოდ ის, რომ გორის რაიონის სოფელ ძ-ში მდებარე მათ უძრავ ქონებას აღმასრულებლის შეცდომის გამო დაედო ყადაღა. სააღსრულებო წარმოების აუცილებელი კომპონენტია სააღსრულებო ფურცელი, რაც მათთან მიმართებით არ არსებობს. უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ავტორების მიმართ არც სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილა, თუმცა ასეთს ადგილი ვერც ექნებოდა. სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია ზურაბ კ-ის და არა თნ. და თ. კ-ების მიმართ. არსებულ ვითარებაში გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მოქმედებდა აღმასრულებელი ზურაბ და თნ. კ-ების უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტებმა თავიანთი გაჭირვების პირობებში მაინც მოახერხეს 150 ლარის ოდენობის ბაჟის გადახდა, სააპელაციო სასამართლომ მათ მიერ გადასახდელი ბაჟის თანხა გამოიანგარიშა 9462 აშშ დოლარიდან. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო თანხა, რომლის გადახდაც დაეკისრა ზურაბ კ-ს. აღნიშნული სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს იმ თანხის შესაბამისად, რა თანხის უზრუნველსაყოფადაც იქნა დაყადაღებული ქონება, ვინაიდან აპელანტების ინტერესს წარმოადგენს დაყადაღებული ქონების უფლებრივად თავისუფალ მდგომარეობაში მიღება.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ დასაზუსტებელი იყო მათი მოთხოვნა, მაშინ როდესაც აპელანტებმა ნათლად აღწერეს თავიანთი პრეტენზიები, კერძოდ ის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, და რომ, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო შეუძლებელი იყო მისი შემოწმება.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებს არასწორად მიაჩნიათ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს ზურაბ კ-ისათვის დაკისრებული 9462 აშშ დოლარიდან, რადგან ისინი სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომლის უზრუნვესაყოფადაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი (ტომი 2, ს.ფ. 14-15).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და თნ. კ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტებს _ თ. და თნ. კ-ებს დაევალათ 378.48 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტებს დაევალათ, დაეზუსტებინათ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 2-3);
აპელანტებმა, ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და განმარტეს, რომ განსახილველი დავა არ განეკუთვნებოდა ქონებრივ დავას და შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება სასამართლოს არ უნდა განესაზღვრა 9462 აშშ დოლარიდან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების ზმოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების (მოსარჩელეების) მოთხოვნას წარმოადგენს გორის რაიონის სოფელ ძ-ში მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთებთან ერთად, მიწის ნაკვეთები ¹022, ¹035, ¹042, ¹043) ყადაღისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება მათი საკუთრებაა. მითითებული უძრავი ქონება დაყადაღებულია სააღსრულებო ბიუროს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 9462 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთრებაში დაიბრუნონ გორის რაიონის სოფელ ძ-ში მდებარე უძრავი ქონება, საიდანაც უნდა მოხდეს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება 9462 აშშ დოლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, თ. და თნ. კ-ების სასარჩელო მოთხოვნა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნაა და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, სწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის (შეგებებული სააპელაციო საჩივრის) ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. და თნ. კ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე