საქმე N 330100118002437933
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №145აპ-25 25 აპრილი, 2025 წელი
ბ–ი რ., №145აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძისა და მსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატის – თ. გ–ას – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ბ–ი (დაბადებული 1... წლის 3 სექტემბერს, პირადი №.......) ცნობილ იქნა ბრალდებულად: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) და ბ) საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ა) 2016 წლის მაისიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, რ. ბ–ი ორსულ მეუღლეს – მ. მ–ს – გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, სცემდა და ფიზიკურად ძალადობდა, რაც მ. მ–ის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. 2016 წლის სექტემბერში, თ–ში, მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, ყოფითი საკითხების გამო წარმოქმნილი კონფლიქტისას, რ. ბ–მა ორსულ მეუღლეს – მ. მ–ს – მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ყელის არეში ძლიერად უჭერდა ხელს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. 2016 წლის 5 დეკემბერს, თ–ში, მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, ორსული მ. მ–ი, რ. ბ–თან წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, გახდა შეუძლოდ და მეუღლეს საავადმყოფოში წაყვანა სთხოვა. აღნიშნულის გამო, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და რ. ბ–მა ორსულ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ჰკრა ხელი, დააგდო საწოლზე, მოექცა მის ზემოთ და ყელისა და პირის არეში ხელის ძლიერად წაჭერით გუდავდა, ასევე – ჰქაჩავდა თმაში. აღნიშნული ძალადობა გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთი, რა დროსაც მ. მ–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. რ. ბ–ი ორსულ მეუღლეს მხოლოდ გარეშე პირმა – დ. ქ–მ – გამოარიდა. დ. ქ–ს დახმარებით, მ. მ–მა დატოვა თავისი და რ. ბ–ის საცხოვრებელი ბინა და გადავიდა თავის სახლში, მდებარე: თ–ში, .....ს ქუჩის №..., ბინა №..-ში. ზემოხსენებულის შემდეგ, ორსული მეუღლის მიმართ აგრესიულად განწყობილმა რ. ბ–მა მეორე დღეს, 2016 წლის 6 დეკემბერს, დილის საათებში, მიაკითხა მ. მ–ს ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ–ში, ....ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, რა დროსაც, ფიზიკური ძალის გამოყენებით, შეანგრია ბინის კარი. ბინაში შესვლისთანავე რ. ბ–მა მ. მ–ს სცემა – ხელს ურტყამდა თავის არეში, ჰქაჩავდა თმებში და აგინებდა, რის შედეგადაც, მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რ. ბ–ის ყველა ზემოაღნიშნული ქმედების, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, ორსული მ. მ–ი მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
ბ) 2017 წლის 5 ივლისს, თ–ში, მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, რ. ბ–ის სხვა ქალბატონთან არსებული ურთიერთობის გამო წარმოქმნილი კონფლიქტისას, რ. ბ–მა მეუღლეს, მ. მ–ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სახლსა და სადარბაზოში ათრია თმებით, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ჩვილ ბავშვთან ერთად სახლიდან გაიქცა და მივიდა თ–ში მცხოვრები ბიძაშვილის – ქ. მ–ის – სახლში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვინაიდან, ქ. მ–ის ბინაში იყო ჩვილი ბავშვისათვის შეუსაბამო პირობები, მ. მ–ი ბიძაშვილთან ერთად დაბრუნდა მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე რ. ბ–ის ბინაში, სადაც ამ უკანასკნელმა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კვლავ იძალადა მეუღლის მიმართ. კერძოდ, ხელს ურტყამდა სახის არეში, პირისა და ყელის არეში ძლიერად უჭერდა ხელს, რის შედეგადაც, მ. მ–მა განიცადა ტკივილი. რ. ბ–ი მ. მ–ს ქ. მ–მა გამოარიდა. 2017 წლის აგვისტოში, ლ–ს რაიონის სოფელ ს–ში, მ. მ–ის მშობლების სახლში ყოფნის დროს, რ. ბ–მა მეუღლეს თავის არეში ჩაარტყა ყუთი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 10 ოქტომბერს, თ–ში, მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში რ. ბ–მა კვლავ იძალადა მ. მ–ზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რა დროსაც ძლიერად აჯანჯღარებდა, ჰქაჩავდა თმებში და პირზე აფარებდა ხელს. რ. ბ–ის ქმედებით მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რ. ბ–ის ყოველი ზემოაღნიშნული ქმედების, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, მ. მ–ი მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენით, რ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. რ. ბ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2016 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი). რ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით (პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე) დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 6 თვე) მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ბ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით.
2.3. მსჯავრდებულ რ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 16 ივლისიდან. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რ. ბ–ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა ი–ს რესპუბლიკაში 2018 წლის 29 აგვისტოდან 2019 წლის 8 მაისამდე და ლ–ს რესპუბლიკაში 2023 წლის 26 ოქტომბრის 10:30 საათიდან 2023 წლის 27 ოქტომბრის 21:00 საათამდე ს–ში ექსტრადირების მიზნით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარიამ ნიკოლაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი მუხლებით, ხოლო მსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატმა – თ. გ–მ – რ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი თამარ იაკობიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით, ხოლო მსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატი, თ. გ–ა – რ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. პროკურორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, დანაშაულის ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4.2. ადვოკატის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ეფუძნება დ. ქ–ს არათანმიმდევრულ და წინააღმდეგობრივ ჩვენებას; წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. მ–ის მიერ ტკივილის განცდა; რ. ბ–ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში, დ. მ–ს ჩვენება, რამდენადაც მან არაფერი იცის დანაშაულის შესახებ, არარელევანტურია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში რ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, რ. ბ–ს ბრალად ედება 2016 წლის სექტემბერში, 2016 წლის 5 დეკემბერსა და 2016 წლის 6 დეკემბერს, ორსული მეუღლის – მ. მ–ის – სისტემატური ცემა, შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) და 2017 წლის 5 ივლისს, 2017 წლის აგვისტოსა და 2017 წლის 10 ოქტომბერს, მეუღლის – მ. მ–ის – მიმართ სისტემატური ფიზიკური ძალადობის ჩადენა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული).
5.4. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ 2016 წლის სექტემბრის ძალადობრივ ფაქტთან მიმართებით, მხოლოდ დაზარალებულ მ. მ–ის გამოკითხვის ოქმია წარმოდგენილი, რასაც სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს, რადგან დაზარალებულმა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის – მეუღლის – წინააღმდეგ.
5.5. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება 2016 წლის 6 დეკემბრის ძალადობის ფაქტიც. აღნიშნულ ეპიზოდში, ბრალდების მხარე, რ. ბ–ის ბრალის დასადასტურებლად, უთითებს დ. ქ–ს ჩვენებაზე, თუმცა აღნიშნული მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს და 2016 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, გადმოსცემს მხოლოდ დაზარალებულის ნაამბობს. ამ ეპიზოდთან მიმართებით, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მან მ. მ–ის თხოვნით დარეკა „112-ში“ და გამოიძახა საპატრულო პოლიცია ოჯახური კონფლიქტის გამო, თუმცა იგი მ. მ–ის სახლში პირადად არ მისულა. ძალადობის ფაქტი არც მოწმე მ. კ–ს უდავო გამოკითხვის ოქმით დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირი 2016 წლის 6 დეკემბერს იმყოფებოდა მ. მ–ის სახლში, მას არ დაუნახავს რ. ბ–ის მიერ მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც შეეხება დ. ქ–ს შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პატრულ-ინსპექტორების – ი. ტ–ს და ვ. ჯ–ს – ჩვენებებს, დასახელებული მოწმეები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მ. მ–ი უარყოფდა მეუღლის მიერ მასზე ფიზიკურ ძალადობას. აცხადებდა, რომ მეუღლესთან ჰქონდა მცირე სიტყვიერი კონფლიქტი, რასაც თავად მოაგვარებდა და პოლიციელებს ბინის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, მ. მ–ი სახეზე არსებულ დაზიანებას უკავშირებდა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გართულების შედეგებს. სამართალდარღვევის გამო პოლიციელებმა ადგილზე დააკავეს რ. ბ–ი. დაკავებულისგან განცალკევებით, მ. მ–ს შესთავაზეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაზეც ეს უკანასკნელი კატეგორიულ უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ ოჯახში ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ითხოვდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული მეუღლის გათავისუფლებას. ამგვარ მოცემულობაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 2016 წლის 6 დეკემბრის ძალადობრივი ფაქტის დასადასტურებლად, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.
5.6. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა – მ. მ–მა – სასამართლოში ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის – რ. ბ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც, შეუძლებელია მისი გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა, დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია 2016 წლის 5 დეკემბერს, რ. ბ–ის მიერ ორსულ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად. კერძოდ, ამ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლომ უშუალოდ მოუსმინა ძალადობის თვითმხილველ დ. ქ–ს (მ. მ–ის ძმის მეუღლე), რომელმაც თავის ჩვენებაში მაქსიმალური სიზუსტით აღწერა თ–ში, მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, 2016 წლის 5 დეკემბერს მომხდარი ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. მისი განმარტებით, საღამოს, ორსულმა მ. მ–მა და რ. ბ–მა იკამათეს, რის გამოც, ორსულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადას მ. მ–მა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განუცხადა, რადგან მეუღლემ უარი უთხრა წაყოლაზე. ამ ფაქტით განერვიულებული მ. მ–ი შევიდა საძინებელში. მას შეჰყვა რ. ბ–ი. თავადაც შევიდა ოთახში და დაინახა, როგორ დააგდო რივერამ ლოგინზე ორსული მეუღლე, რომელსაც გუდავდა (ხელით აჭერდა), თუმცა მან მოაშორა რ. ბ–ი მ. მ–ს, რითაც განმუხტა სიტუაცია.
5.7. ერთი მხრივ, დ. ქ–ს პიროვნების სანდოობისა და, მეორე მხრივ, მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ მოცემულობას, რომ წარმოდგენილი მასალებით დ. ქ–ს მიკერძოება, საქმის შედეგით დაინტერესება ან რ. ბ–ის ცრუ მხილების მოტივი არ იკვეთება. ამასთან, მის მიერ მიცემული ჩვენება სრულად თანხვდება მოწმის სახით დაკითხულ დ. მ–ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი გამოკითხვის ოქმის სისწორე, რომლის თანახმად, 2016 წლის 6 დეკემბერს, მეუღლემ – დ. ქ–მ – უთხრა, რომ შუაღამეს მ–ს ქუჩაზე რ. ბ–მა დედა აგინა მ. მ–ს, შეაფურთხა, სცემა და დაამცირა, რა დროსაც თავად ძლივს შეძლო მათი ერთმანეთისგან გარიდება. ჩხუბის შემდეგ კი მ. მ–ი მიიყვანა პ–ს ქუჩაზე. მეუღლესთან საუბრიდან მალევე დაურეკა რ. ბ–მა და უთხრა: „–ბიჭო, ახლა ვარ შენი ბო...ი დის ბინასთან, პ–ზე, იცოდე, დამიბრუნოს პასპორტი და ოქროები, თორემ კარებს შევანგრევ და მაგრად ვცემ შენ დას, იცოდე მოგიკლავ შენ დას, ბიჭო...“
5.8. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად შეიქმნა 2016 წლის 5 დეკემბერს, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ერთიანი სურათი, რომლის საფუძველზეც, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს, თ–ში, მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, რ. ბ–მა, ორსულ მეუღლეს – მ. მ–ს – მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჰკრა ხელი, დააგდო საწოლზე, მოექცა მის ზემოთ და ყელისა და პირის არეში ხელის ძლიერად წაჭერით გუდავდა. რ. ბ–ი ორსულ მეუღლეს მხოლოდ გარეშე პირმა – დ. ქ–მ – გამოარიდა.
5.9. მართალია, ჩვენების მიცემაზე დაზარალებულის უარის გამო, სასამართლოსთვის უცნობია მისი განმარტება ძალადობის შედეგად განცდილ ფიზიკურ ტკივილთან მიმართებით, თუმცა ამგვარ მოცემულობაში, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, რადგან „ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის – ფიზიკური ტკივილის – განცდის დადგენა შესაძლებელია, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე – საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის №443აპ-20 განაჩენი).
5.10. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ძალადობის პროცესში დაზარალებულის ტირილი, დანაშაულის ხასიათისა (რ. ბ–მა ორსული მეუღლე დააგდო საწოლზე, ზემოდან მოექცა და ყელისა და პირის არეში ხელი ძლიერად წაუჭირა) და მსხვერპლის ფიზიოლოგიური მდგომარეობის – ორსულობის – გათვალისწინებით, არის ტკივილით გამოწვეული ბუნებრივი რეაქცია. ამასთან, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ძალადობისას რ. ბ–ს შეცნობილი ჰქონდა მ. მ–ის ორსულობა, ვინაიდან ისინი იყვნენ ქორწინებასა და თანაცხოვრებაში. მათ საერთო შვილი გაუჩნდათ 2017 წლის 17 თებერვალს. შესაბამისად, 2016 წლის 5 დეკემბერს, მსჯავრდებულისთვის, სულ მცირე, ვიზუალურად აღქმადი უნდა ყოფილიყო მსხვერპლის ორსულობა.
5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლის, მხარეთა პოზიციების შეფასებისა და რ. ბ–ის ქმედების (2016 წლის 5 დეკემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო ამ დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებთან შესაბამისი.
5.12. 2017 წლის 5 ივლისს, თ–ში, მ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს მოწმე მ. მ–ის გამოკითხვის ოქმზე, რომელშიც მოწმეს არ უსაუბრია რ. ბ–ის მხრიდან მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს მოწმე ქ. მ–ის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას, რომ რ. ბ–ის და მ. მ–ის შვილის ნათლობიდან, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ, შეესწრო რ. ბ–ის მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკურ ძალადობას. კერძოდ, დაინახა, იატაკზე დავარდნილი მ–ა, რომელსაც რ. ბ–ი ცხვირ-პირზე აფარებდა ხელს და არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ უცნობია მოწმის მიერ ნახსენები „ბავშვობის ნათლობიდან, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ პერიოდი“ არის თუ არა 2017 წლის 5 ივლისი. ამ ნაწილში საგულისხმოა მოწმე მ. მ–ის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, დაბრუნებულმა ქ. მ–მა მას უთხრა, რომ სასტუმრო ოთახში დასველებულ მეტლახზე დაეცნენ რ. ბ–ი, მ. მ–ი და თავად ქ. მ–ი. ბრალდების მხარე ასევე მიუთითებს ოჯახის ექიმის, მოწმე ი. ჩ–ს უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმზე, რომელიც განმარტავდა, რომ 2017 წლის 7 ივლისს, კლინიკა „მ–ში“ მასთან მისულ მ. მ–ს აღენიშნებოდა კანქვეშა სისხლჩაქცევების კვალი, მაგრამ ამავე ჩვენების თანახმად, მ. მ–ი მის სხეულზე არსებულ დაზიანებებს უკავშირებდა დაცემის შედეგად წარმოქმნილს. რ. ბ–ის მიერ მ. მ–ის მიმართ 2017 წლის 5 ივლისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დადასტურების კონტექსტში, გამოყენებული ვერ იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნაც, რომელიც, მართალია, აღწერს მ. მ–ის მკლავის და წვივის მიდამოში სისხლჩაქცევების არსებობას, თუმცა, ხანდაზმულობის ვადის დადგენის გარეშე, მათი 2017 წლის 5 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირება შეუძლებელია. პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ქ. მ–ის ჩვენება ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისი იქნება ამ ეპიზოდში რ. ბ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
5.13. 2017 წლის აგვისტოში, ლ–ს რაიონის სოფელ ს–ში, რ. ბ–ის მხრიდან მ. მ–ის მიმართ თავის არეში ყუთის ჩარტყმით განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან მიმართებით, ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
5.14. 2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, მოწმე ნ. ბ–ის გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ მითითებულ დღეს იმყოფებოდა მ. მ–ის სახლში და მომხდარი ფაქტი დაკავშირებული იყო ბავშვთან – ბ. ბ-თან. მას არ დაუნახავს, რ. ბ–მა სცემა თუ არ მ. მ–ს. ესმოდა მხოლოდ ორმხრივი ჩხუბის ხმა და ლანძღვა-გინება. ასევე, გაბრაზებულმა რ. ბ–მა სამზარეულოში დაამსხვრია ჭურჭელი. 2017 წლის 10 ოქტომბრის ფაქტებთან დაკავშირებით, ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორები – ვ. კ–ე და კ. ბ–ე – არ ყოფილან დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველები. მათი ზეპირი ჩვენებით და გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ბინაში დახვდათ გადმოყრილი ქალის ტანსაცმელი, ადგილზე იმყოფებოდა მ. მ–ი, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, რ. ბ–მა გადმოუყარა ტანსაცმელი და აგდებდა სახლიდან. ბინაში იმყოფებოდა ბავშვი და ძიძა. ინიციატორი ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას. გასაუბრებისას პერიოდულად აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი, უარყოფდა რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას. ინიციატორი კატეგორიულად მოითხოვდა, რ. ბ–ს სახლში დაებრუნებინა მისი პირადი ნივთები. ადგილზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოწმეები არ უთითებენ მ. მ–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე და აღნიშნავენ, რომ მას სხეულზე რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სამედიცინო ბარათის თანახმად, მ. მ–ი უჩიოდა თავის ტკივილს, რასაც ცემის დროს მიღებულ ტრავმას უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მეუღლემ თავი დაარტყმევინა საწოლის რბილ ზედაპირზე, მაგრამ, დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფონზე, მხოლოდ აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახული მწირი ინფორმაცია, უტყუარად ვერ დაადასტურებს, რომ მ. მ–ის მიმართ განხორციელდა ძალადობა. საკასაციო პალატა რ. ბ–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს 2017 წლის 10 ოქტომბერს, რ. ბ–ის მიმართ გამოცემულ N........ შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმს, რადგან, აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას სისტემატურ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და არა – კონკრეტულ ფაქტს ან ინფორმაციას, თუ რა სახის ქმედებებს ჰქონდა ადგილი რ. ბ–ის მხრიდან მ. მ–ის მიმართ.
5.15. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია რ. ბ–ის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი შეიცავს ამომწურავ არგუმენტაციას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში რ. ბ–ის გამართლების კუთხით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
5.16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება, გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).
5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის ზედმიწევნით გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება Kadagishvili v. Georgia, განაცხადი №12391/06, §175).
5.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენი რ. ბ–ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძისა და მსჯავრდებულ რ. ბ–ის ადვოკატის – თ. გ–ას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე