საქმე N 010100124009262568
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №151აპ-25 16 აპრილი, 2025 წელი
კ–ი ს., №151აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. კ–ს (დაბადებული 19.. წლის 15 ივლისს, პირადი №..........) ბრალად ედებოდა: ა) გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი); ბ) გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, ბ–ში ......ის ქუჩის №...., ბინა №...-ში მდებარე ს. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ს. კ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მ. ა–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ა–ს, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2024 წლის 22 მარტს, დაახლოებით 10:00 საათზე, ბ–ში ......ის ქუჩის №...., ბინა №...-ში მდებარე ს. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ს. კ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მ. გ–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, დედას – მ. გ–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა ზურგისა და კეფის არეში, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2024 წლის 22 მარტს, დაახლოებით 10:00 საათზე, ბ–ში ......ის ქუჩის №...., ბინა №...-ში მდებარე ს. კ–ის საცხოვრებელ სახლში, ს. კ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მ. გ–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, დედას – მ. გ–ს, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2024 წლის 27 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბ–ში ......ის ქუჩის №...., ბინა №...-ში მდებარე ს. კ–ის საცხოვრებელ სახლში, ს. კ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მ. გ–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, დედას – მ. გ–ს, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2024 წლის 30 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ–ში ......ის ქუჩის №...., ბინა №...-ში მდებარე ს. კ–ის საცხოვრებელ სახლში, ს. კ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მ. გ–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, დედას – მ. გ–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა ზურგისა და კეფის არეში, ასევე, ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.7. 2024 წლის 30 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ–ში ......ის ქუჩის №...., ბინა №...-ში მდებარე ს. კ–ის საცხოვრებელ სახლში, ს. კ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მ. გ–ი და მ. ა–ი იყვნენ ქალები და არ ჰქონდათ მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრებს, დედას – მ. გ–ს და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ა–ს, რის გამოც, ამ უკანასკნელებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით, ს. კ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. კ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა ლოლუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ს. კ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა ლოლუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ს. კ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსს-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. კ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა – მ. გ–მა და მ. ა–მა – ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ოჯახის წევრის – ს. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მათი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
5.4. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში პრეიუდიციად მიჩნეული მოწმეების – მ. ბ–სა და ჯ. ფ–ს – გამოკითხვის ოქმებში აღწერილია მხოლოდ დაზარალებულების – მ. გ–ის და მ. ა–ის – მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია. აღნიშნული პირები დაზარალებულებზე ძალადობას ან მუქარას პირადად არ შესწრებიან და არც შემთხვევის ადგილზე მისულან დანაშაულის ჩადენისთანავე (დაზარალებული მ. გ–ი თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და გამოძიებაც მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო). შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
5.5. მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით დადასტურდა მ. გ–ის სხეულზე დაზიანებების – ნაჭდევებისა და ნაკაწრების – არსებობა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგენილა, რომ დაზარალებულს ფიზიკური დაზიანებები ს. კ–მა მიაყენა.
5.6. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს და შემაკავებელი ორდერის ოქმებს, არასაკმარისია ფიზიკური ძალადობის ან მუქარის რომელიმე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და შედეგად, დაზარალებულებში ერთი მხრივ, ტკივილის განცდის და, მეორე მხრივ, მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის აღძვრის დასადასტურებლად.
5.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ს. კ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე