საქმე N 010100124008540853
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №152აპ-25 16 აპრილი, 2025 წელი
ბ–უ ი., №152აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. დადგენილება პიროვნების დაზუსტების შესახებ:
1.1. 2023 წლის 18 დეკემბერს დაზუსტდა ი. ბ–ის მონაცემები და აღნიშნული პირი შემდგომში საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც ი. ბ–უ (Y. B.), დაბადებული 19.. წლის 21 ივნისს, პასპორტის №…...
2. წარდგენილი ბრალდების არსი:
2.1. ი. ბ–ს ბრალად ედებოდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.2. 2023 წლის 27 სექტემბერს, ბ–ში, ლ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი. ბ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და ქალის დაქვემდებარებული როლის, ასევე – სტერეოტიპული შეხედულების გამო, რომ ქალს არ გააჩნდა თანაცხოვრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უფლება, გულმკერდის არეში ხელის დარტყმით და ხელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ო. ტ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შედეგად, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2023 წლის 17 დეკემბერს, ღამის საათებში, ბ–ში, თ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი. ბ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის გამო, ასევე – სტერეოტიპული შეხედულების გამო, რომ ქალს არ გააჩნდა თანაცხოვრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უფლება, ყელში ხელის მოჭერითა და გულმკერდის არეში ხელების დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ო. ტ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შედეგად, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენით, ი. ბ–უ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ორივე ბრალდებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. ბ–ს მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოლღა მერებაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრას.
5. კასატორის არგუმენტები:
5.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები (დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, მოწმე-პოლიციელების უდავო გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია) ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ბ–ს გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – ო. ტ–მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ოჯახის წევრის, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. ბ–ს, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მისი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
6.4. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში პრეიუდიციად მიჩნეული მოწმეების – ზ. ჩ–ს და მ. ბ–ს – გამოკითხვის ოქმებში აღწერილია მხოლოდ დაზარალებულ ო. ტ–ს მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია. აღნიშნული პირები დაზარალებულზე ძალადობას პირადად არ შესწრებიან და არც შემთხვევის ადგილზე მისულან მყისიერად. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
6.5. მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნით დადასტურდა ო. ტ–ის სხეულზე დაზიანებების – სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების – არსებობა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგენილა, რომ დაზარალებულს ფიზიკური დაზიანებები ი. ბ–მ მიაყენა.
6.6. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, სადაც მხოლოდ 2023 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდია ნახსენები, არასაკმარისია ფიზიკური ძალადობის რომელიმე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და შედეგად, ტკივილის განცდის დასადასტურებლად.
6.7. პროკურორი საკასაციო საჩივარში ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის N1342აპ-23 გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს მიემართება და ითხოვს ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობას აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – მუქარის – ჩადენისთვის. სასამართლოსთვის გაუგებარია საჩივრის ამ ნაწილში კასატორის მსჯელობისა და მოთხოვნის არსი, რამდენადაც ი. ბ–ს მუქარის ჩადენა ბრალად არ აქვს წარდგენილი.
6.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
6.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Kadagishvili v. Georgia, განაცხადი №12391/06, §175).
6.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ი. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე