Facebook Twitter

საქმე N 120100123007956712

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№21აპ-25 ქ. თბილისი

ს–ე ა., 21აპ-25 15 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ს–ეს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის 14 ივნისს, დაახლოებით, 15:15 საათზე, ქ. ბ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა. ს–ე დედას – მ. მ–ს უმიზეზოდ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ა. ს–ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით ა. ს–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და ა. ს–ისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა – რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის ნაცლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და ა. ს–ისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა – მ. მ–მა – სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით – მოწმე ს. ხ–ის ჩვენებით, რომელიც შეესწრო და დაადასტურა მ. მ–ის მიმართ მუქარის ფაქტი; მოწმე ნ. ხ–ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება), რომელმაც დარეკა „112-ში“ და შეატყობინა პოლიციას მ. მ–ის ოჯახში ძალადობის თაობაზე; მოწმეების: ქ. და დ. ხ–ების გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცეულებები), რომლებსაც მ. მ–მა და ს. ხ–ემ უამბეს მომხდარის თაობაზე; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით – უტყუარად დასტურდება ა. ს–ის ბრალეულობა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ა. ს–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა მ. მ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი შვილის – ა. ს–ის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: მოწმეების სახით გამოკითხული – ქ. და დ. ხ–ების –მონათხრობით დგინდება, რომ ისინი ფაქტს არ შესწრებიან, არამედ – მ. მ–მა და ს. ხ–ემ უამბეს მომხდარის თაობაზე, ხოლო მოწმე ნ. ხ–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს, ესმოდა ა. ს–ის ხამამღალი ლანძღვა-გინება, ასევე – ხმამაღლა, აგრესიულად, ბრაზიანად ნათქვამი სიტყვები, რომლებიც, მისი ვარაუდით, მ. მ–ს მიემართებოდა, რის გამოც, გადაწყვიტა, დახმარებისათვის დაერეკა პოლიციაში. შესაბამისად, მოწმეების – ქ. და დ. ხ–ის გამოკითხვის ოქმები, ა. ს–ისათვის წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით ირიბია, ხოლო ნ. ხ–ის ჩვენებით მუქარის ფაქტი ვერ დგინდება, შესაბამისად, ა. ს–ის ბრალეულობის უტყუარად დასადასტურებლად ვერ გამოდგება; მოწმე ს. ხ–ის ჩვენებასთან მიმართებით აღსანიშნავია: მართალია იგი უშუალოდ შეესწრო ა. ს–ის მიერ დედის მიმართ მუქარისშემცველ გამოხატვას, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ ამ მოწმის ჩვენებით შეუძლებელია იმის სარწმუნოდ მტკიცება, მუქარის შედეგად განიცადა თუ არა დაზარალებულმა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომელიც, ბრალადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, ურომლისოდაც იგი არ არის გამოკვეთილი. მეტიც, სწორედ მოწმე ს. ხ–ის თქმით, დაზარალებული იყო ძალიან შეწუხებული და აღელვებული, თუმცა არ ტიროდა [...] იმიტომ შეეშინდა, რომ ბავშვი ეკავა ხელში. ამდენად, ამ მოწმის ჩვენების კვალდაკვალ, ა. ს–ის ქმედების შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდა არა მისი სიცოცხლის მოსპობის, არამედ – ბავშვის გამო შიში, რომელიც მინდობილი ჰყავდა აღსაზრდელად და ოჯახური კონფლიქტისას, ხელში ეკავა; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემულ შემაკავებელ ორდერთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც ეს სამხილი სადავოდ იყო მიჩნეული, სასამართლოში კი არ დაკითხულა დაზარალებული მ. მ–ი, რომელსაც, შესაბამისად, არ დაუდასტურებია მისი შინაარსობრივი მხარე, ვერ შექმნის ა. ს–ის მსჯავრდებისათვის უტყუარ და საკმარის საფუძველს.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი