საქმე # 120100124009436315
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №220აპ-25 ქ. თბილისი
ფ. ვ.220აპ-25 24 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ვ. ფ–ეს - პ/ნ ............, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 3 მაისს, ა–ს რაიონის სოფელ გ–ში, ვ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. ფ–ემ, მამას - ვ. ფ–ეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სამჯერ სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2024 წლის 1 მაისს, ა–ს რაიონის სოფელ გ–ში, ვ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. ფ–ემ, მამას - ვ. ფ–ეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 3 მაისს, ა–ს რაიონის სოფელ გ–ში, ვ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. ფ–ე, მამას - ვ. ფ–ეს და ბებიას - ნ. ფ–ეს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, დასახიჩრებით და დაჩეხვით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2024 წლის 30 აპრილს, ა–ს რაიონის სოფელ გ–ში, ვ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. ფ–ე, მამას - ვ. ფ–ეს და ბებიას - ნ. ფ–ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, დასახიჩრებით და დაჩეხვით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2024 წლის 01 მაისს, ა–ს რაიონის სოფელ გ–ში, ვ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. ფ–ე, მამას - ვ. ფ–ეს და ბებიას - ნ. ფ–ეს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, დასახიჩრებით და დაჩეხვით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ვ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 3 მაისის ეპიზოდი);
2.2. ვ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 3 მაისის ეპიზოდი);
2.3. ვ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 30 აპრილის ეპიზოდი);
2.4. ვ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 1 მაისის ეპიზოდი);
2.5. ვ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 1 მაისის ეპიზოდი);
2.6. ვ. ფ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან;
2.7. ვ. ფ–ეს განემარტა, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. ფ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამუნა მურჯიკნელი ითხოვს ვ. ფ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ვ. ფ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
8. ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა ვ. ფ–ემ და ნ. ფ–ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – ვ. ფ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ვ. ფ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ.: მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის 86აპ-24 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23 განჩინება).
11.1. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შეტყობინების ავტორი შეტყობინებაში არ უთითებს სიცოცხლის მოსპობის მუქარასა თუ ფიზიკურ ძალადობაზე. შეტყობინებაში კონფლიქტის სახედ ვ. ფ–ის მიერ მითითებულია ვ. ფ–ის სიტყვიერი კონფლიქტი ბაბუასთან და მამასთან (იხ.: ტ.1, ს.ფ. 2).
12. 2024 წლის 4 მაისს, დაზარალებულებთან – ვ. ფ–ესთან და ნ. ფ–ესთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20 განჩინება; 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20 განჩინება; 2021 წლის 14 სექტემბრის №442აპ-21 განჩინება).
12.1 მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში დაზარალებულები ზოგადად უთითებენ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე და ოქმებში არაფერია ნათქვამი დაზარალებულთა მიერ შიშისა და ტკივილის განცდაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 36-41; 57-63).
13. მოწმეთა: გ. ლ–სა და ი. ტ–ს გამოკითხვის ოქმები სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებთან მიმართებით ირიბია, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 7 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით დგინდება, რომ ვ. ფ–ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (ტ.1, ს.ფ. 142-145).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 4 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ვ. ფ–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედებების სამტკიცებლად არაინფორმატიულია, ვინაიდან მასში აღწერილია მხოლოდ შემთხვევის ადგილის მდებარეობა და არ შეიცავს მითითებას დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ეპიზოდების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 23-33).
16. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ვ. ფ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
17. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი