Facebook Twitter

საქმე # 330100124010081865

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №260აპ-25 ქ. თბილისი

ა. გ. 260აპ-25 16 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - პირადი ნომრით ..........., - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 19:50 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ს ქუჩა №..- ში, გ. ა–მა დედას - ლ. ა–ს და დას - თ. ა–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ. ა–ს გაშლილი ხელი დაარტყა სახის - ტუჩისა და ცხვირის არეში, შემდეგ კი ხელების არეში დაარტყა, თითოეულმა ქმედებამ ლ. ა–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთანავე, დას - თ. ა–ს მუშტი დაარტყა თავის არეში და მკლავზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

2.1. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 6 თვე;

2.2. გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 2 სექტემბრიდან;

2.3. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ა–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ამასთან, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა და მოითხოვა გ. ა–ისათვის უფრო მკაცრი, მაქსიმალურ ვადასთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა და მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, გ. ა–ის მიმართ მკაცრი სასჯელის, მაქსიმალურთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. ა–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. ა–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. ა–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ნასამართლობის არმქონეა (გაქარწყლებული), დასაქმებულია, ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისათვის სავალდებულოა კუმულაციურად შემდეგი პირობების არსებობა: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21).

11.1. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული გ. ა–ი როგორც გამოძიების ეტაპზე (იხ.: 2024 წლის 3 სექტემბრის გ. ა–ის გამოკითხვის ოქმი ტ.1, ს.ფ. 119-122), ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი 12:36:28-12:36:34; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმი 13:18:46-13:19:06) აღიარებდა მის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას (ფიზიკური ძალადობის ფაქტს დედისა და დის მიმართ; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო წინასასამართლო სხდომის ეტაპზე) და თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

11.2. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ. ა–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე და მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება კანონშეუსაბამოა. სასამართლო ითვალისწინებს მოვლენათა განვითარებას, დაზარალებულებისა (ფიზიკური ძალადობის ფაქტის შემდეგ განაცხადეს 112-ში მომხდარი ფაქტის შესახებ) და მსჯავრდებულის (კონფლიქტის დასრულების შემდეგ გავიდა ქუჩაში, ამის შემდეგ მივიდა პოლიცია და ქუჩაში მყოფი დააკავა) განმარტებებს, ფიზიკური ძალადობის ფაქტიდან გ. ა–ის დაკავებამდე გასულ დროს, დაკავების ადგილს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

11.3. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

12. იმავდროულად, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, მსჯავრდებულ გ. ა–ის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, მაქსიმალურთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრის შესახებ და ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულს დაენიშნა ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსისა და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. ბრალდების მხარეს კი სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ გ. ა–ისათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ.

14. გ. ა–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 2 სექტემბერს, შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა) სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გ. ა–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017)

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე