Facebook Twitter

საქმე N 010100124008937367

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №28აპ-25 8 აპრილი, 2025 წელი

ზ–ე ი., №28აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ზ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. წ–ს და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ზ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 5 თებერვალს, ქ.ბ–ში, ზ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნ. მ–ის სამსახურებრივ ადგილზე მისვლით, ი. ზ–ემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მიუხედავად იმისა, რომ ნ. მ–ს არ სურს ი. ზ–ესთან კომუნიკაცია, რაც ცნობილია მისთვის და რასაც ეს უკანასკნელი ნ. მ–ის ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა, დაარღვია 2024 წლის 1 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის .... განყოფილების ოფიცრის მიერ გამოცემული N....... შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად ვერ დადასტურდა ი. ზ–ის ქმედებაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის არსებობა და დაადგინა:

2024 წლის 5 თებერვალს, ქ.ბ–ში, ზ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნ. მ–ის სამსახურებრივ ადგილზე მისვლით, ი. ზ–ემ მიუხედავად იმისა, რომ ნ. მ–ს არ სურს ი. ზ–ესთან კომუნიკაცია, რაც ცნობილია მისთვის და რასაც ეს უკანასკნელი ნ. მ–ის ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა, დაარღვია 2024 წლის 1 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის .... განყოფილების ოფიცრის მიერ გამოცემული N...... შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით, ი. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ და მოითხოვა ი. ზ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ზ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. წ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 29 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ი. ზ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. წ–მ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2024 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს უზენას სასამართლოს მომართა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ და მოითხოვა ი. ზ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. განაჩენი ემყარება იმ სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებას. საქმის განხილვის დროს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, რომ ი. ზ–მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, ეჭვი უნდა გადაწყდეს ი. ზ–ის სასარგებლოდ და გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში აღწერილი გარემოებები და ი. ზ–ეს ამოურიცხა ქმედების ჩადენა გენდერული დისკრიმანიციის მოტივით. ამასთან, ი. ზ–ეს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. ზ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი. ზ–ის უდანაშაულობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი, მართალია იმყოფებოდა ნ. მ–ის სამსახურებრივ ადგილზე, თუმცა მისი იქ მისვლის მიზეზი არა დაზარალებულთან შეხვედრა, არამედ მისი საადვოკატო საქმიანობა იყო.

5.4. საქმეში წარმოდგენილი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით: 2024 წლის 1 თებერვალს გამოცემული N.......... შემაკავებელი ორდერითა და მასზე დართული ოქმით, დაზარალებულ ნ. მ–ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ნ. მ–ის მიერ წარმდგენილი „სქრინშოტებით“, მოწმეების – ო. მ–ს, ნ. დ–ს, ი. ფ–ს, ლ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, 2024 წლის 5 თებერვლის 8 ამოღების ოქმით, 2024 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულების – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მისაღების ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება ი. ზ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშულის ჩადენა.

5.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2024 წლის 1 თებერვალს გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და ი. ზ–ეს აკრძალული ჰქონდა მსხვერპლთან – ნ. მ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან მიახლოება, ასევე ამ უკანასკნელთან ყველა სახის კომუნიკაცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მისაღების ვიდეოჩანაწერით კი, დასტურდება, რომ აღნიშნულის მიუხედავად, 2024 წლის 5 თებერვალს, ი. ზ–ე მივიდა დაზარალებულ ნ. მ–ის სამსახურში – ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

5.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.7. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

5.8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ი. ზ–ემ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და განმარტავს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის ან/და სქესის წარმომადგენელია და არა – მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაცია გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც უნდა დადასტურდეს მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით კი, აღნიშნული არ დასტურდება.

5.9. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის დამძიმებას საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ი. ზ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მათ შორის მსჯავრდებულის შეზღუდული შერაცხადობა და ის ფაქტი, რომ ი. ზ–ეს ნასამართლობა მოხსნილი აქვს), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებზე დაყრდნობით, ი. ზ–ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციასა და საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას), ასევე სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.13. შესაბამისად, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.

5.16. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ზ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. წ–ს და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე