Facebook Twitter

საქმე # 190100124009458677

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №293აპ-25 ქ. თბილისი

ს. ა. 293აპ-25 28 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ს–ს, - პირადი ნომრით .........., - ბრალად ედებოდა:

1.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 6 მაისის 18:00 საათიდან 7 მაისის 09:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის №..-ში მდებარე, ...... სახელობის ტაძარში, ფანჯრიდან, უკანონოდ შეაღწია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენით, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა. ს–მა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ტაძარში არსებულ საეკლესიო ნივთებს - ოთხ ცალ თეფშს, სამ ცალ ჭიქას, სამ ცალ ე.წ. „ვარსკვლავს“, სამ ცალ შანდალს, სამ ცალ კოვზს, მეტალის დანის მსგავს საგანს ე.წ. „ლახვარს“, საცეცხლურს, ორ ცალ „ფეშხუმს“ (სადგამიანი თეფში), ორ ცალ ხატს, მოოქროვილ ბარძიმს, ე.წ. „სანაწილეს“, სამირონეს, მასში არსებული ნივთებით, ოქროსფერ მეტალის დეტალს, პლასტმასის ჭურჭელს, მასში არსებული ღვინით და ფულად თანხას, დაახლოებით - 100 ლარის ოდენობით. ა. ს–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, ტაძრის წინამძღვარს - მ. რ–ს მიადგა 4 500 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 3 წელი და 4 თვე განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 1 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

2.3. ა. ს–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 7 მაისიდან;

2.4. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს განემარტა, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა და მოითხოვა ა. ს–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. გ–მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მთვარისა შველიძემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და ა. ს–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ა. ს–ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ა. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ა. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

10.1. კასატორი სასჯელის დამძიმების დასაბუთებისათვის უთითებს ა. ს–ის წინა ნასამართლობასა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე.

10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ს–ისათვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ხასიათი (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და წარსული ნასამართლობა (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებულია ქმედების კვალიფიკაციისას (მაკვალიფიცირებელი გარემოებებია). შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს აღნიშნულის გამო სასჯელის დამძიმების საფუძველი.

11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ა. ს–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

12. მსჯავრდებული ა. ს–ი როგორც გამოძიების ეტაპზე (იხ.: 2024 წლის 7 მაისისა და 9 მაისის ა. ს–ის გამოკითხვის ოქმები ტ.1, ს.ფ. 89-92; 137-140), ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი14:50:43-14:51:16; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმი 14:21:41-14:21:55) აღიარებდა (მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე) მის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას და თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

12.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ა. ს–მა ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ზიანი სრულად ანაზღაურებულია და დაზარალებულს მის მიმართ არ აქვს პრეტენზია.

12.3. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

12.4. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

13. ა. ს–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და მოცემული კანონის მოთხოვნათა დაცვით შეუმცირა ა. ს–ს განსაზღვრული სასჯელი (ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017)

15. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივრი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი