საქმე # 330100124009456184
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №317აპ-25 ქ. თბილისი
გ–ი ზ., 317აპ-25 28 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ლ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ზ. გ–ს, – პირადი ნომრით ........, – ბრალად ედებოდა:
1.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 22:07 საათიდან - 22:15 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩის N..-ის, ბინა N..-ში ვ. ტ–ის საცხოვრებელ მისამართზე უკანონოდ შეაღწია ზ. გ–მა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ვ. ტ–ის კუთვნილ ნივთებს, კერძოდ, ,,კასიო“-ს ფირმის საათს, თ-ს ს-ს შიდა უწყებრივ მედალს, ჩ-ს ქალაქ დ-ს საიუბილეო მონეტას, როუტერს სიხშირის დამჭერი ანტენებით, ბავშვის სათამაშოს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენით:
2.1. ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ზ. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 13 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ზ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ღ–მ მოითხოვა ცვლილება განაჩენში მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, მსჯავრდებულ ზ. გ–ისათვის სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ზ. გ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. ზ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 13 მარტიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ლ–ემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით, ზ. გ–ისათვის მინიმალური ვადით (4 წლით) თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, ხოლო შემდეგ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. გ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულ ზ. გ–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულ ზ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ. გ–ისათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:
10. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47), “სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით” ( იქვე, II-50).
12. შესაბამისად, სასამართლო ზ. გ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა) ერთად ასევე ითვალისწინებს ქმედების განხორციელების ხერხს, ადგილს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს. ასევე - ზ. გ–ის პიროვნების, მისი წარსულის, დანაშაულის ჩადენის მოტივის და მიზეზის გათვალისწინებით უფრო მსუბუქი სახის სასჯელით კერძო/სპეციალური პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნების მიღწევადობას. გასაჩივრებული განაჩენით ზ. გ–ისათვის დანიშნული სასჯელის ზომა (მინიმალურთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთა) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
12.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ არსებობის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, ზ. გ–ი როგორც გამოძიების ეტაპზე (იხ.: 2024 წლის 13 მარტის ზ. გ–ის გამოკითხვის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 82-84) და 2024 წლის 15 მარტის ზ. გ–ის გამოკითხვის ოქმი (ტ.2, ს.ფ. 89-92)), ასევე წინასასამართლო სხდომაზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი 12:59:17-12:59:24) იყენებდა დუმილის უფლებას და მხოლოდ არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარა მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და უდავოდ სცნო მტკიცებულებები.
12.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
13. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ზ. გ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე. შესაბამისად, არც ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ლ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი