Facebook Twitter

საქმე # 330100125011152962

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№341აპ-25 ქ. თბილისი

მ. რ. 341აპ-25 16 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორის – დავით კიკაჩეიშვილის,

ადვოკატ – ს. ჩ–ის,

ბრალდებულ – რ. მ–ის,

თარჯიმან – ჰ. ს–ის

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ – დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის სააპელაციო საჩივარი.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ის, – დაბადებული ... წელს, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2025 წლის 21 იანვარს, მ–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, რ. მ–მა გამოყენების მიზნით შეიძინა ყალბი N... სატრანსპორტო ზედდებული და №...... ინვოისი, რომლის თანახმადაც თითქოსდა დადასტურებული იყო 196 180,92 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ს–დან ყ–ის რესპუბლიკაში გადაზიდვის ფაქტი. 2025 წლის 1 თებერვალს „ს–-საავტომობილო“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მან წარადგინა ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, როდესაც საბაჟო ფორმალობების ფარგლებში განაცხადა, რომ საქონელს გადაზიდავდა ყ–ის დანიშნულებით.

1.1. აღნიშნული ქმედებით რ. მ–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა – დავით კიკაჩეიშვილმა –შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ რ. მ–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის N1/1197-25 განჩინებით პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ რ. მ–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის N10დ/1349-25 განჩინებით პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ რ. მ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო – 50 000 ლარი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის N1/1197-25 განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმება და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

4.1. ადვოკატი ს. ჩ–ი განცხადებით დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის განჩინება, საქმის არსებითი განხილვის გარეშე რ. მ–ის მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე, პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება და ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცდება.

7. საკასაციო სხდომაზე ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ითხოვა მისი დაკმაყოფილება და ბრალდებულთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. ბრალდების მხარემ ითხოვა სატვირთო ავტომანქანის (სახ. ნომრით ..........-) დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი და მძღოლის – რ. მ–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (დედნები 24 ფურცელი), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად; ხოლო სატვირთო ავტომანქანა (სახ. ნომრით ..........), მასში მოთავსებულ საქონელთან ერთად, საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, დაუბუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს (პროკურორის განმარტებით აღნიშნული შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან);

7.1. ბრალდებული რ. მ–ი და ადვოკატი ს. ჩ–ი დაეთანხმნენ ბრალდების მხარეს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და დაადგინა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განჩინება და დაკმაყოფილდეს რ. მ–ის მიმართ არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, 2025 წლის 21 იანვარს, მ–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, რ. მ–მა გამოყენების მიზნით შეიძინა ყალბი: N..... სატრანსპორტო ზედდებული და №...... ინვოისი, რომლის თანახმად, თითქოს დადასტურებული იყო 196 180,92 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ს–დან ყ–ის რესპუბლიკაში გადაზიდვის ფაქტი. 2025 წლის 1 თებერვალს „ს–-საავტომობილო“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მან წარადგინა ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, როდესაც საბაჟო ფორმალობების ფარგლებში განაცხადა, რომ საქონელს გადაზიდავდა ყ–ის დანიშნულებით.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, 2025 წლის 12 მარტს, რ. მ–სა და პროკურორ დავით კიკაჩეიშვილს შორის წერილობით დაიდო ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან – გიორგი გაგნიძესთან.

4.1. ბრალდების მხარის მტკიცებით, საპროცესო შეთანხმება დადებულია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე რ. მ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

5. საკასაციო სხდომაზე პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა შუამდგომლობით ითხოვა მასსა და რ. მ–ს შორის 2025 წლის 12 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობით: რ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 50 000 ლარი. იმავდროულად, პროკურორმა ითხოვა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნივთმტკიება: დოკუმენტები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, ხოლო სატვირთო ავტომანქანა (სახ. ნომრით ..........), მასში მოთავსებულ საქონელთან ერთად, საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, დაუბუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს (პროკურორის მტკიცებით, ნივთმტკიცების შესახებ პოზიცია შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან).

6. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

7. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა XXI თავის (საპროცესო შეთანხმება) სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

8. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას რ. მ–ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და რ. მ–ი ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; რ. მ–ი ადასტურებს, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართალწარმოების (მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოებისას) ფარგლებში დაცვის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია; იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებების სამართლებრივ შედეგებს; მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს ნასამართლობას, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას მიაწვდის სასამართლოს.

9. სასამართლო სხდომაზე ასევე დადგინდა, რომ: რ. მ–ი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; რ. მ–ისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები; რ. მ–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე; იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია პროკურორსა და რ. მ–ს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა; რ. მ–ი აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმებების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

10. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დასაბუთებულობა და დარწმუნდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები) დასტურდება რ. მ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

10.1. რ. მ–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ყალბი სატრანსპორტო ზედდებულითა და ინვოისით, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

10.2. რ. მ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

10.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, რ. მ–ის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს რ. მ–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობის დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მოთხოვნა რ. მ–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

11.1. რ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 50 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

11.2. სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტები (იხ. ტ. N1; ს.ფ. 79-101; 41-54), შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, ხოლო სატვირთო ავტომანქანა (სახ. ნომრით ..........), მასში მოთავსებულ საქონელთან ერთად, საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, დაუბუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ – დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივარი და შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განჩინება გაუქმდეს;

3. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილსა და ბრალდებულ რ. მ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3.1. რ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 50 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. რ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო –გაუქმდეს;

5. ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

5.1. სატვირთო ავტომანქანის (სახ. ნომრით ..........) დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი და მძღოლის – რ. მ–ის – მიერ წარდენილი დოკუმენტები, (დედნების სახით), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად;

5.2. სატვირთო ავტომანქანა (სახ. ნომრით ..........), მასში მოთავსებულ საქონელთან ერთად, საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, დაუბუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე