საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №49I -25 თბილისი
გ-ი ზ., 49I -25 2 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების – დ. ხვედელიძის, გურამ კრავეიშვილის
ადვოკატ – დ. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ დ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით ზ. გ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვლება განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ძებნილ მსჯავრდებულ ზ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, 1/3-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ დ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად, იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ უარი განაცხადა ზ. გ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ დ. ა-ის შუამდგომლობა ძებნილ მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით სასამართლოსათვის შუამდგომლობით უნდა მიემართა პროკურორს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულის ადვოკატმა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონების შესაბამისად, არ წარმოადგენდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილ სუბიექტს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ დ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ დ. ა-ის შუამდგომლობა, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინების გადასინჯვისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონებით გათვალისწინებული ამნისტიების გავრცელების შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. 2025 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დ. ხვედელიძემ, რომელმაც მოითხოვა ძებნილ მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების გავრცელება.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონებით გათვალისწინებული ამნისტიების გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
9. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატმა – დ. ა-მა, რომელიც ითხოვს ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონებით გათვალისწინებული ამნისტიების გავრცელებას იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ თანხმობა განაცხადა მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატმა – დ. ა-მა – მხარი დაუჭირა საჩივარს, ხოლო პროცესში მონაწილე პროკურორები – დ. ხვედელიძე და გურამ კრავეიშვილი – დაეთანხმნენ მსჯავრდებულის ადვოკატს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
3. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლის – მ. კ-ის – ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონებით გათვალისწინებული ამნისტიების გავრცელების შესახებ. აღნიშნული თანხმობა ასევე დასტურდება თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით.
4. აქედან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ ამნისტიების გავრცელების შესახებ, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონები მიღებულია ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ზ. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული (6 წლით თავისუფლების აღკვეთა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული ძირითადი სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
5. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.
6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა შეფარდებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, აღსრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. გ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე იგი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის – 3500 ლარის – გადახდისაგან.
7. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მსჯავრდებული ზ. გ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული, როგორც ძირითადი ასევე დამატებითი, სასჯელების მოხდისაგან, აღარ არსებობს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულებასთან დაკავშირებით მსჯელობის საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ დ. ა-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ დ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:
2.1. მსჯავრდებული ზ. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული (6 წლით თავისუფლების აღკვეთა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული ძირითადი სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
2.2. მსჯავრდებული ზ. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის – 3500 ლარის – გადახდისაგან;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 მარტის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე