საქმე N 180100123006997207
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №50აპ-25 ქ. თბილისი
ზ–ე გ., 50აპ-25 10 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით გ. ზ–ე, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 500 (ხუთასი) ლარი.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ზ–მ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, დ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ფ–ში, ე. წ–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე გ. ზ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე. წ–ს, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა ტანის არეში და მიაჯახა კედელს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარემ.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. ზ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ზ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ–მა. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ზ–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს; დაზარალებულის ჩვენება არ არის სანდო, ვინაიდან სასამართლოში მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება მის მიერვე, გამოძიების დროს რამდენჯერმე მიცემულ ჩვენებას და საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს; ვიდეოჩანაწერშიც არ ჩანს გ. ზ–ის მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რის საპირისპიროდაც, ჩანს ე. წ–ის აგრესიული ქცევა ბრალდებულის მიმართ; ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებები ასევე წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრულია, განსხვავებით დაცვის მოწმის ჩვენებისა, რომელიც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
6. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია კიკალია საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან იგი კანონიერი და სამართლიანია.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, გ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების შეფასებას და აღნიშნავს: იმისათვის, რათა ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი.
12. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, დაზარალებულად ცნობილმა პირმა – ე. წ–მა თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მან განმარტა, რომ 2023 წლის 1 იანვარს, საღამოს, სახლის ეზოში ყოფნისას, დაინახა, რომ გ. ზ–ეს სახლში ენთო შეშის ღუმელი, რომელიც მის ეზოს მთლიანად აკვამლიანებდა. აღნიშნულის გამო, გ. ზ–სთან მოუვიდა შელაპარაკება, ვინაიდან კვამლი აწუხებდა და ამ საკითხზე არაერთხელ ესაუბრა მას. შენიშვნით გაბრაზებულმა გ. ზ–მ, აგინა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულმა თავისთან სტუმრად მყოფ დისშვილს – გ. ბ–ს, სახლიდან გამოატანინა ტელეფონი და დაიწყო გადაღება. ამაზე გ. ზ–ე გახდა უფრო მეტად აგრესიული, მივიდა დაზარალებულთან, ხელი ძლიერად მოუქნია და დაარტყა მარცხენა მხარში. მითითებულის შედეგად, ე. წ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მარცხენა მხრით მიეჯახა მეზობლის სახლის კედელს. ამ დროს მას ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაეცა დაბლა, თუმცა გადარჩა და არ გატყდა. მისი დისშვილი აკავებდა გ. ზ–ეს და აწყნარებდა, თუმცა გიორგიმ მაინც მოახერხა და ისევ ძლიერად ჰკრა ხელი გულისპირზე. დაზარალებული ისევ მიეჯახა მეზობლის სახლის კედელს და კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემდეგ, ე. წ–მა თავისი მობილური ტელეფონით დარეკა 112-ში და განაცხადა ცემის ფაქტის შესახებ.
13. დაზარალებულის ჩვენებას სრულად შეესაბამება და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირი, პირდაპირი მოწმე – გ. ბ–ი. მოწმემ, დაზარალებულის ანალოგიურად, თავის ჩვენებაში დაადასტურა გ. ზ–ის მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რაც გამოიხატა ხელის ორჯერ დარტყმით, რის შედეგადაც, დაზარალებული ორჯერვე მიეჯახა მეზობლის კედელს. რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობები და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებში არ იკვეთება.
14. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულის ჩვენება, ასევე სრულად თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის: დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დადგენილია, რომ ე. წ–ს აღენიშნებოდა მარჯვენა ზედა კიდურის ზედაპირული ტრავმა ნაკაწრის სახით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერსა და მისი დათვალიერების ოქმს, რომლის მიხედვით, ვიდეოჩანაწერში ისმის გ. ზ–ისა და ე. წ–ის ხმამაღალი კამათის ხმა, შემდეგ კადრში ჩნდება უკან მობრუნებული გ. ზ–ის სახე, რომელიც ხელს იქნევს დაზარალებულის მიმართულებით და ტელეფონი დაბლა ვარდება, თუმცა კვლავ იღებს.
15. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან იგი თანმიმდევრულად, დეტალურად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სრულად შეესაბამება საქმის სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც, პალატას არ გააჩნია ე. წ–ის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
18. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გ. ზ–ის მიმართ ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის დანაწესის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ზ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი