Facebook Twitter

საქმე N 190100123007116861

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №51აპ-25 ქ. თბილისი

ბ–ი გ., 51აპ-25 8 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ–ს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 19:45 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის №–ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ–მა, გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობისა და ქალის ქცევის კონტროლით განპირობებული მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მეუღლეს − ნ. გ–ს არასრულწლოვანი შვილის, 13 წლის ქ. ბ–ის თანდასწრებით, ხელი დაარტყა მხრის არეში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივნისის განაჩენით გ. ბ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა გ. ბ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ. ბ–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, მოწმე პოლიციელებისა და მოწმე მ. მ–ს ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ბ–ის ბრალეულობა; სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკა და ხასიათი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გ. ბ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. ბ–ის მიერ მეუღლეზე ძალადობის ფაქტს.

9. წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ, საკასაციო სასამართლოო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა დასკვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, კერძოდ:

10. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. შესაბამისად, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება, როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე – მის შედეგად, დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – მოწმეთა გამოკითხვის ოქმები (გარდა ნ. გ–ს, ქ. ბ–ის, მ. მ–ს, გ. გ–ს და გ. მ–ს), სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, რადგან ისინი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე, იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

13. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ნ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის – გ. ბ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მეუღლის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე ნ. გ–მ სასამართლოში არ დაადასტურა.

14. სასამართლო სხდომაზე, შემთხვევის უშუალო შემსწრე პირმა, არასრულწლოვანმა მოწმემ ქ. ბ–მა, დაზარალებულის მსგავსად, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და თავისი ახლო ნათესავის – მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამდენად, სასამართლო ვერც მითითებული მოწმის გამოკითხვის ოქმს ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად.

15. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო, დაზარალებულისა და შემთხვევის შესაძლო თვითმხილველი მოწმის მიერ, გ. ბ–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, აფასებს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმეების – მ. მ–ს (ნ. გ–ს დისშვილი), გ. გ–ს (შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორი), გ. მ–ს (მოცემული საქმის გამომძიებელი) ჩვენებებით დადგენილია, რომ არცერთი მათგანი შესწრებია მომხდარ შემთხვევას და ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისაგან გადმოცემით. შესაბამისად მათი ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ასევე ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

17. 2023 წლის 23 თებერვალს გ. ბ–ის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, გარდა იმისა, რომ ძალზე მცირე და ზოგად ინფორმაციას შეიცავს ფიზიკურ შეურაცხყოფასთან მიმართებით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც გ. ბ–ის ბრალეულობას უტყუარად დაადასტურებდა, საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და გ. ბ–ის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

20. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი