საქმე N 330100123008164276
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №52აპ-25 ქ. თბილისი
მ-ი გ., 52აპ-25 8 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 11 სექტემბერს, შსს ქ.თ–ს პოლიციის დეპარტამენტის ........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელმა, გ. მ–ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზე, მას აეკრძალა მეუღლის − თ. თ–ის საცხოვრებელ მისამართთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის გამოყენებით და მესამე პირების მეშვეობით. 2023 წლის 1 ოქტომბერს ღამის საათებში, გ. მ–ი მივიდა თ. თ–ის სახლთან, მდებარე ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის №.., ბინა №..-თან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ü 2023 წლის 24 აგვისტოს, ქ. თ–ში, .......ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. მ–ი მეუღლეს − თ. თ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით გ. მ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა გ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ დ. მ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების − 5000 ლარის პროპორციულ წილს.
გამართლებულ გ. მ–ს განემარტა, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. მ–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცა გ. მ–ის წინააღმდეგ, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება მისი ბრალეულობა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ, საკმარის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
9. განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა თ. თ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის – გ. მ–ის წინააღმდეგ. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც, სხვა პირებთან ერთად, მითითებულია მეუღლეც.
10. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული თ. თ–ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო მას ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს: მოწმეთა – ნ. თ–ს, ბ. ბ–სა და თ. შ–ს ჩვენებებს (რომლებიც არ არიან არცერთი შემთხვევის თვითმხილველი პირები), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს (რომელიც მხოლოდ დაზარალებულ თ. თ–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასახავს) და გ. მ–ის მიმართ გამოცემულ შემაკავებელი ორდერს, მათში მითითებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობისა და უტყუარობის სტანდარტს და არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული შპს „........დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით კი, არ დასტურდება დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან გ. მ–ის მისვლის ფაქტი, კერძოდ, ვიდეოჩანაწერში არ ჩანს მისი სახე, რის გამოც, შეუძლებელია იდენტიფიცირება.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი