Facebook Twitter

საქმე N 330141224010194700

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №531-25 2 აპრილი, 2025 წელი

მ–ე ნ., N531-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ა–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. მ–ის (პირადი ნომერი: ..........) სააღსრულებო საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით (სისხლის სამართლის საქმე N007110624005), ნ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.

ნ. მ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამავე მუხლის მე-41-ე პუნქტის გამოყენებით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით ჩამოერთვა პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებული ნ. მ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან და გამოსაცდელი ვადისაგან.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება ნ. მ–ეს ჩაბარდა 2025 წლის 19 მარტს.

5. ნ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ა–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოდეგნილი დოკუმენტაციის (ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი) საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

3. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის გადახდის დასტური, რომლის თანახმად, 2024 წლის 28 ივნისს, ნ. მ–ის მიერ N007110624005 სისხლის სამართლის საქმეზე გადახდილი იქნა ჯარიმა 3000 ლარი.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ნ. მ–ე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია ძირითადი სასჯელისგან, ხოლო დამატებითი სასჯელი მას უკვე მოხიდილი (გადახდილი) აქვს მას უნდა აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ა–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ა–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. ნ. მ–ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან და გამოსაცდელი ვადისაგან.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ. მ–ეს დამატებითი სასჯელი – ჯარიმა მოხიდილი (გადახდილი) აქვს.

5. ნ. მ–ეს აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა) ჩამორთმეული უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე