საქმე N 330802225011160686
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№56I-25 3 აპრილი, 2025 წელი
შ–ი ა., №56I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ანილ (A–l) შიფანის (S–n) ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ანილ (A–l) შიფანის (S–n) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2008 წლის 21 მარტამდე პერიოდში ა. შ–ი არასრულწლოვან დაზარალებულს ემუქრებოდა მოკვლით, ფიზიკურად ძალადობდა მასზე, სასქესო ორგანოთი ეხებოდა სხეულზე. 2008 წლის 21 მარტს ა. შ–მა არასრულწლოვანი დაზარალებული, რომელსაც ახალი ჩატარებული ჰქონდა გლანდებისა და ადენოიდების ოპერაცია, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა ტყეში, სადაც ფიზიკურად იძალადა მასზე, ხოლო შემდეგ სასქესო ორგანოს სხეულში მოთავსებით, ანალური გზით დაამყარა სქესობრივი კავშირი მასთან. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
1.2. 2014 წლის 5 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით (საბოლოო სახე მიიღო 2017 წლის 5 მაისს) ა. შ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 103/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობა მის სხეულში სასქესო ორგანოს მოთავსებით) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
1.3. 2012 წლის 10 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის მუთის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით (საბოლოო სახე მიიღო 2014 წლის 5 მაისს) ა. შ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 109/2, 109/3-b-f, 109/5, 43/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 27 თვისა და 15 დღის ვადით.
1.4. 2023 წლის 26 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. შ–ისთვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის, 27 თვისა და 15 დღის ვადით. საექსტრადიციო მასალის თანახმად, ა. შ–ს პირობით ვადამდე გათავისუფლებით სარგებლობა შეეძლება საპატიმრო დაწესებულებაში 11 წლის და 47 დღის მოხდის შემდეგ.
1.5. 2024 წლის 4 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს მთავარმა პროკურატურამ გასცა ა. შ–ის დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
1.6. 2024 წლის 27 აგვისტოდან ა. შ–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ა. შ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2024 წლის 31 ოქტომბერს, ა. შ–ი ექსტრადიციის მიზნით, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
2.2. 2024 წლის 2 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. შ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2.3. 2024 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა ა. შ–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2.4. 2025 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. შ–ისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე 2025 წლის 31 იანვრიდან 2025 წლის 30 აპრილამდე. ამჟამად ა. შ–ი იმყოფება პატიმრობაში და მოთავსებულია №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.5. 2025 წლის 14 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. შ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის მიზნით.
2.6. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ა. შ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ზ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
2.8. დასაშვებად იქნა ცნობილი ა. შ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა მან მოიხადოს 2014 წლის 5 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 103/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობა მის სხეულში სასქესო ორგანოს მოთავსებით) ჩადენისთვის მისჯილი სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით) მოუხდელი ნაწილი და 2012 წლის 10 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის მუთის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 109/2, 109/3-b-f, 109/5, 43/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში (ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ჩადენისთვის მისჯილი სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 27 თვისა და 15 დღის ვადით) მოუხდელი ნაწილი.
2.9. 2025 წლის 24 მარტს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. შ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, ა. შ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას ერთვის ძალიან მწირი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, თანაც იმდენად, რომ შეუძლებელია ზუსტი სამართლებრივი დასკვნების გაკეთება. წარმოდგენილი მასალები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა შუამდგომლობა და არ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროდან და პროკურატურისგან. ა. შ–ი თავადაა დანაშაულის მსხვერპლი და წარმოშობის ქვეყანაში საფრთხე ემუქრებოდა. იგი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირად ითვლება. ასევე საგულისხმოა, რომ ა. შ–ი დაოჯახებულია და წლებია ცხოვრობს საქართველოში. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ა. შ–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული თურქეთის რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ა. შ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ა. შ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ა. შ–ი 2024 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა. შ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. შ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულ პირთა შემთხვევაში კი, ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
8. საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არასრულწლოვნის მიმართ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 12 წლამდე ვადით.
9. ამდენად, ა. შ–ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებით მას სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
10. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
11. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით.
12. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. შ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
13. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
14. ა. შ–ის მიმართ გამოტანილმა განაჩენებმა საბოლოო სახე მიიღო 2017 წლის 5 მაისს და 2014 წლის 5 მაისს, ხოლო მის მიმართ ძებნა გამოცხადდა 2024 წლის 4 ივნისს. შესაბამისად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამოწურული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ა. შ–ის სასჯელის მოხდის ხანდაზმულობის ვადა იწურება 2030 წელს. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
16. ასევე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ა. შ–ი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარეს აღნიშნულზე მითითება არ გაუკეთებია, ამასთან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო და ეროვნული პრევენციის მექანიზმები, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
17. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ა. შ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მისი უფლებები.
18. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის საკმარისად ნათელი დოკუმენტები ა. შ–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტების დასადგენად, ვინაიდან მხოლოდ ნათარგმნი დოკუმენტაციაა წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თურქეთის მხარის მიერ არასაკმარისი საპროცესო დოკუმენტების გადმოგზავნის თაობაზე და მიუთითებს, რომ საექსტრადაციო მასალებში წარმოდგენილია ყველა ის საპროცესო დოკუმენტი, რაც საკმარისია ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხის გადასაწყვეტად.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
21. ა. შ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
22. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ა. შ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
24. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. შ–ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ ა. შ–ის ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახონ თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულონ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ა. შ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
26. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ა. შ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
27. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. შ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
28. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. შ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატის მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ანილ (A–l) შიფანის (S–n) ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე