Facebook Twitter

ას-1644-1634-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ფ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ისა და ნ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა, 2007 წლის 14 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, მ. ვ-ისათვის სს «... ბანკის» სასარგებლოდ 7184.40 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით, ნ. ფ-ის კუთვნილი, სესხის უზრუნველსაყოფად ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹141-ში მდებარე ¹50 იპოთეკით დატვირთული ბინის იძულებით რეალიზაცია.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ვ-ეს სს ,,... ბანკის» სასარგებლოდ დაეკისრა 7184,40 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეს ასევე დაეკისრა სს ,,... ბანკის» სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების _ 193, 65 ლარის გადახდა, სს ,,... ბანკს» დაუბრუნდა 2011 წლის 8 თებერვალს სს ,,... ბანკის» ბათუმის ფილიალში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 387, 20 ლარის ნახევარი _ 193, 65 ლარი, დაკისრებული თანხის ამოსაღებად დადგენილ იქნა იპოთეკით დატვირთული ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹141-ში მდებარე ც. დ-ის კუთვნილი 25.26 კვ.მ ¹50 ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სს ,,... ბანკის» წარმომადგენელ გ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და 2011 წლის 28 სექტემბერს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რომლის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. 2011 წლის 28 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სს ,,... ბანკის» წარმომადგენელმა უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სასამართლო გზავნილზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2011 წლის 28 სექტემბერს, 13:00 საათზე, დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, უწყება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე _ ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹143-ში მდებარე ¹47 ბინაში, რომელიც 2011 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა მის მეუღლე შ. ვ-ეს. სასამართლომ აღნიშნული შეტყობინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩათვალა, რომ აპელანტი ნ. ფ-ე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის, ამასთან, მოწინაააღმდეგე მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, პალატამ ჩათვალა, რომ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ფ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

ნ. ფ-ე მხედველობით ინვალიდია და შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. ის დამოუკიდებლად ვერ ახერხებს კანონიერი ინტერესების რეალიზებას. სააპელაციო პალატაში გამართულ სხდომაზე მონაწილეობა მის წარმომადგენელს უნდა მიეღო და აღმოჩნდა, რომ ამავე დროს ჰქონდა სხვა პროცესი. განსახილველი დავის მსგავსად, მეორე მოპასუხეც სხვა სასამართლო სხდომაზე იყო დაბარებული და მონაწილეობას იღებდა მხარის სტატუსით. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო სათანადოდ იყო ინფორმირებული, რაც, თავის მხრივ, გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის წინაპირობას არ წარმოადგენდა. ნ.ფ-ე, მსგავსად საზოგადოების უმეტესი ნაწილისა, ვერც უსახსრობის გამო, გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ნ.ფ-ე, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის შესახებამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 28 სექტემბერს, 13:00 საათზე (იხ. ს.ფ.116-117), საქმეში წარმოდგენილი უწყებისა და გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი შეტყობინების ბარათით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა აპელანტ ნ. ფ-ეს და სასამართლო შეტყობინება ჩაიბარა მისი ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა _ მეუღლე შ. ვ-ემ 2011 წლის 11 სექტემბერს (იხ. ს.ფ.119;122). დადასტურებულია, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ასევე, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის სასამართლოსატვის შეტყობის ფაქტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად მიჩნევისა და საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

ამდენად, დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი საქმეში არსებულ მისამართზე ჩაბარდა კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სუბიექტს, მათ შორისაა ოჯახის ქმედუნარიანი წევრი.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, ნ. ფ-ის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, აპელანტ ნ. ფ-ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებების თაობაზე, კერძოდ, რომ აპელანტი დანიშნულ დროს სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (არის მხედველობითი ინვალიდი), აღნიშნულს დაემთხვა მისი წარმომადგენლის სხვა პროცესის არსებობა სასამართლოში, ასევე მხარედ იყო დაბარებული მეორე მოპასუხე.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილ მტკიცების ტვირთზე, რომლითაც კანონმდებელმა მხარეს დააკისრა მისი მოთხოვნისა თუ შუამდგომლობის მართებულად, სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით ინფორმირების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, მხარე მიუთითებს რა, რომ მას არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება და წარმომადგენელმა კი მისი უფლებამოსილება ვერ განახორციელა, რადგანაც სხვა სასამართლოში ჰქონდა პროცესი, მას აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებით არ დაუდასტურებია (როგორიცაა, მაგალითად, სხვა სხდომის თაობაზე უწყების წარდგენა, ცნობა ამ სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის დასწრების თაობაზე და სხვა), რის გამოც ზემოაღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ნ.ფ-ის მითითებას ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა საფუძვლებთან ერთად, აღნიშნულსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგანაც გარდა ამ გარემოებების არასათანადოდ და არასაკმარისად სარწმუნოდ დადასტურებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ამ კანონის მიზნებისათვის თუ რა ჩაითვლება საპატიო მიზეზად, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში მხარე მიუთითებს რა გარკვეულ გარემოებებს სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ, მის მიერ მითითებული არც ერთი საფუძველი ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არაა მითითებული, ამასთან, არც საქმის მასალებითაა დადასტურებული ის გარემოება, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებების შესახებ (მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე-2 მოპასუხისა და აპელანრტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიობა, ქონებრივი მდგომარეობა) სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი, რაც თავისთავად გამორიცხავს მათი გაზიარების შესაძლებლობას. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» 2011 წლის 15 მაისის ცნობით ნ. ფ-ეს აქვს მინიჭებული შესაძლებლობის ზომიერად შეზღუდვა მხედველობის გამო, თუმცა, ვინაიდან საქმის არც ერთი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული მხარის დამოუკიდებლად გამოცხადებას შეუძლებელს ხდიდა, საკასაციო პალატა ამ მტკიცებულებას განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს. უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის ფართოდ განმარტების შემთხვევაში, დასტურდება კანონმდებლის ნება, რომ სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას, მიიჩნიოს აღნიშნული საპატიოდ, თუ არ იქნება ამ დოკუმენტის გამცემი დაწესებულების ხელმძღვანელის დადასტურება გამოუცხადბლობისა თუ საპროცესო მოქმედების საპატიო მიზეზით განუხორციელებლობის თაობაზე, რადგანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ესა თუ ის მტკიცებულება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას.

ამდენად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს შესაბამის მითითებას დამოუკიდებლად ნ.ფ-ის გადაადგილების შეუძლებლობის თაობაზე, აღნიშნული კერძო საჩივრის საფუძვლიანობას ვერ დაადასტურებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს იმასაც, რომ საქმის მასალებში ნ.ფ-ის მიერ გაცემული მინდობილობა არ მოიძებნება, რომლითაც ის სხვა პირს მიანიჭებდა სასამართლო სხდომაზე მისი უფლებების დაცვის შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარე ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სხდომაზე მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებლად, რაც ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას კერძო საჩივრში მითითებული ამ არგუმენტის უსაფუძვლობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.