საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№59I-25 თბილისი
ქ-ი ი. 59I-25 10 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ქ-ის (I. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2002 წლის 17 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2002/62-2002/195 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 316-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ფულის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 სექტემბერს;
2. 2011 წლის 2 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის გებზეს 1-ელი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2007/201-2011/182 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149/1-a-c-d-h მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 109/2-3.a-3.b მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 8 თვით, 3 წლითა და 4 თვით და 3 წლითა და 4 თვით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 5 ოქტომბერს;
3. 2012 წლის 12 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ფერიზლის 1-ელი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს №2006/112-2012/198 განაჩენით ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7.000,00 თურქული ლირა (რაც, გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 350 დღით თავისუფლების აღკვეთით), და 2.000,00 თურქული ლირა (რაც, გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 100 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 27 აპრილს;
4. 2012 წლის 8 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ფეთჰიეს 1-ელი ინსტანციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს №2011/382-2012/1075 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1,500,00 თურქული ლირა (რაც, გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 75 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 10 დეკემბერს;
5. 2013 წლის 28 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ფეთჰიეს პირველი ინსტანციის მე-6 სისხლის სამართლის სასამართლოს №2011/65-2013/140 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება ოფიციალური დოკუმენტის გაცემისას) და 292-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მსჯავრდებულის ან დაკავებულის გაქცევა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, შესაბამისად, ჯარიმა – 1,500,00 თურქული ლირა (რაც, გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 75 დღით თავისუფლების აღკვეთით) და ჯარიმა – 1, 500, 00 თურქული ლირა (რაც, გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 75 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 8 თებერვალს;
6. 2013 წლის 5 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის კაისერის მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2013/58-2013/141 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 6.000,00 თურქული ლირა (რაც, გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 300 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 მაისს;
7. 2013 წლის 9 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქელეშის 1-ელი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს №2012/42-2013/44 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 30 ივნისს;
8. 2013 წლის 20 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2013/74-2013/572 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება) და 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით და თავისუფლების აღკვეთა 5 თვით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 31 იანვარს;
9. 2014 წლის 13 მაისს თურქეთის რესპუბლიკის გებზეს 1-ელი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2011/157-2014/214 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 3 მარტს;
10. 2015 წლის 5 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კანგალის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს №2013/76-2015/235 განაჩენით, ი. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 16 სექტემბერს;
11. 2021 წლის 12 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ჩორლუს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს №2017/459-2021/738 განაჩენით, ი. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 22 თებერვალს;
12. 2022 წლის 21 ნოემბერს გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს №2022/4048-2022/4041 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული განაჩენები და ი. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლით, 49 თვითა და 975 დღით; ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. ქ-მა 11 წლისა და 4 დღის შემდეგ, შესაძლოა, მოიპოვოს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების უფლება;
13. 2023 წლის 10 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ფერიზლის რესპუბლიკური პროკურატურის საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, ი. ქ-ს ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის, 53-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლივად, 292-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (მსჯავრდებულის ან დაკავებულის გაქცევა) ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით;
14. 2023 წლის 4 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ფერიზლის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გამოცემულია ი. ქ-ის დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.
15. 2023 წლის 29 დეკემბერს გებზეს მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა ი. ქ-ის დაპატიმრების ბრძანება გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს №2022/4048- 2022/4041 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით.
16. 2024 წლის 12 ნოემბრიდან ი. ქ-ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის საერთაშორისო არხებით.
17. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2002 წლის 17 ივლისის ბურსას მე-3 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2002 წლის 25 იანვარს ი. ქ-მა შ. კ-გან, წინასწარი შეცნობით, 175 000 000 თურქულ ლირად შეიძინა 50 ერთეული ყალბი კუპიურა და გაიტანა ბაზარზე.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2002 წლის 17 ივლისის ბურსას მე-3 უმაღლესი
სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2002 წლის 25 იანვარს ი. ქ-მა შ. კ-გან, წინასწარი შეცნობით, 175 000 000 თურქულ ლირად შეიძინა 50 ერთეული ყალბი კუპიურა და გაიტანა ბაზარზე.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2011 წლის 2 ივნისის გებზეს 1-ელი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თანახმად:
2004 წლის 22 იანვარს ი. ქ-ი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გებზეს რაიონში, თანამზრახველებთან ერთად, იარაღის გამოყენებით, თავს დაესხა “D... A...-ის” ქარხნის ღამის დარაჯებს, ხელები შეუკრა მათ და მოიპარა, დაახლოებით, 18 800 კილოგრამი „ბილეტ ალუმინის“ სახელწოდების ლითონის ზოდები.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2012 წლის 12 ოქტომბრის ფერიზლის 1-ელი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2006 წლის 27 მაისს ოსმან ქარაჯამ და ი. ქ-მა თაღლითურად გაყიდეს ი. გ-ს კუთვნილი, 6000 მ² --- ტერიტორიაზე, საკარიას ხიდის მახლობლად. ი. ქ-მა და ერსინ ქ-მა, რომლებიც თავს მ. თ-ად ასაღებდნენ, -- ო. ქ-ზე გაყიდეს 8500 თურქულ ლირად და წინასწარ მიიღეს 5000 თურქული ლირა.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2012 წლის 8 ნოემბრის ფეთჰიეს პირველი 1-ელი ინსტანციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2011 წლის 10 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. მ-ში, მანქანების შესყიდვაზე წარმოქმნილი დავის საფუძველზე წარმოშობილ ჩხუბში, ი. ქ-მა სცემა და დაჭრა ო. ი-ი.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 28 თებერვლის ფეთჰიეს პირველი ინსტანციის მე-6 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2011 წლის 11 მაისს ი. ქ-მა მ-ს პროვინციაში, ფეთჰიეს ოლქის ჟანდარმერიაში დამალა თავისი ვინაობა და განაცხადა, რომ ის იყო ი. ქ-ი. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ი. ქ-ი იძებნებოდა შვიდი დანაშაულისთვის და ბურსას მე-5 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. ამის შემდეგ ი. ქ-მა სცადა პოლიციის შენობის ფანჯრიდან გაქცევა.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 5 აპრილის კაისერის მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2008 წლის 16 აპრილს კ-ის ორგანიზებულ ინდუსტრიულ ზონაში, მე-- გამზირზე მდებარე „ა. მ-ის“ ავეჯის მაღაზიაში, ი. ქ-მა წარმოადგინა ყალბი მძღოლის მოწმობა, რომელიც რეალურად დ. მ. ა-ის სახელზე იყო რეგისტრირებული და რომელიც მან გააყალბა თავისი ფოტოსა და ჯ. ს-ის პირადობის მონაცემების გამოყენებით. ამგვარად, მან მოტყუებით აიძულა მომჩივანი, მისთვის გადაეცა 22 800 თურქული ლირის ღირებულების ავეჯი, ს-ში ტრანსპორტირების მიზნით, და დატოვა მომჩივნის მაღაზია. ი. ქ-მა აღნიშნული ავეჯი არ მიიტანა დანიშნულების ადგილას.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 9 სექტემბრის ქელეშის 1-ელი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2012 წლის 12 ივლისს ბ-ას პროვინციაში, ქ-ის ოლქში, ი. ქ-მა, საკუთარი იდენტობის დასამალად, პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს წარუდგინა თავისი ძმის – ი. ქ-ის – სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კრიმინალური ლაბორატორიის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ პირადობის მოწმობა იყო ყალბი.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 20 ნოემბრის ბურსას მე-3 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის მიხედვით:
2010 წლის 4 ოქტომბერს ბურსას პროვინციაში, ი. ქ-მა, 669 თურქული ლირის ღირებულების თამასუქზე, რომლის მიხედვითაც, მევალე იყო ს. დ., მოვალე – თ. ქ., ხოლო თავდები – ე. ქ-ი, გააყალბა მისი ბიძაშვილის, ე. ქ-ის, ხელმოწერა.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2014 წლის 13 მაისის გებზეს 1-ელი უმაღლესის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:
2008 წლის 13 აგვისტოს ი. ქ-მა, გადამზიდავად მუშაობისას, ე. ქ-თან ერთად გადაწყვიტა, რომ 14 ტონა ლუდი, ნაცვლად ს-სა, გაეყიდათ კ-ში. ისინი შეთანხმდნენ კ. ო-სა და ზ. ო-თან, რომლებიც კ-ში მართავდნენ ბიზნესს, სახელწოდებით „---", რომ 143 ყუთი ლუდი გაეყიდათ 22,000 თურქული ლირის სანაცვლოდ. მათ ლუდი გადასცეს აღნიშნულ პირებს ი-ის პროვინციის ი-ის რაიონში. შეთანხმების ფარგლებში, ი. ქ-მა, თანამზრახველებთან ერთად, გააკეთა ცრუ შეტყობინება პოლიციაში, რომ გ-ეს მახლობლად მიტოვებული მანქანა მოიპარეს.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2015 წლის 5 მაისის კანგალის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით:
2009 წლის 26 სექტემბერს კ-ის ოლქში, ი. ქ-მა, თანამზრახველებთან ერთად, მიითვისა 1881 ყუთი თხილით დატვირთული მანქანა, რომლის ტრანსპორტირებაც უნდა მოეხდინათ ერთ-ერთი კომპანიისთვის. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, ი. ქ-მა და მისმა თანამზრახველებმა, შეთანხმებული გეგმის მიხედვით, პოლიციაში განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანა ვიღაცამ მოიპარა.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2021 წლის 12 ნოემბრის ჩორლუს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს განაჩენით:
2017 წლის 13 აპრილს ქ. თ-ის ქ-ს რაიონში, დააკავეს ბრალდებულები: ჯ. ჩ-ში და ა. ქ.. მათი განცხადებებით გაირკვა, რომ ი. ქ-მა მათ მისცა: ყალბი სანომრე ნიშნები, მართვის მოწმობა, პროფესიული კომპეტენციის სერტიფიკატი, პირადობის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სერტიფიკატი, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და სადაზღვევო პოლისი.
დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2023 წლის 10 აგვისტოს ფერიზლის რესპუბლიკური პროკურატურის საბრალდებო დასკვნის თანახმად:
2023 წლის 5 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ი. ქ-ი გაიქცა ს-ას ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც იგი იხდიდა სასჯელს.
18. ზემოაღნიშნული ქმედებები ისჯება მოცემული შუამდგომლობის მე-8-მე-18 და მე-20 პარაგრაფებში მითითებული მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სულ მცირე, 1 წლის ვადით. ამასთან, ი. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.
19. 2024 წლის 15 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ქ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
20. 2024 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ქ-ი.
21. 2024 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ი. ქ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
22. 2024 წლის 18 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ქ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
23. 2024 წლის 28 ნოემბერს და 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რაც მიღებულ იქნა, შესაბამისად, 2024 წლის 19 დეკემბერს და 2025 წლის 13 იანვარს.
24. 2025 წლის 14 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ქ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 18 აპრილამდე.
25. ამჟამად ი. ქ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-პენიტენციურ დაწესებულებაში.
26. 2025 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორმა პროკურორმა მეგი გურჩიანმა და ითხოვა ი. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის 2022 წლის 21 ნოემბრის გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს №2022/4048-2022/4041 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, ასევე – თურქეთის რესპუბლიკის ფერიზლის რესპუბლიკური პროკურატურის 2023 წლის 10 აგვისტოს ი. ქ-ის მიმართ გამოტანილ საბრალდებო დასკვნაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.
27. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2022 წლის 21 ნოემბრის გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს №2022/4048-2022/4041 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით; დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ფერიზლის რესპუბლიკური პროკურატურის 2023 წლის 10 აგვისტოს ი. ქ-ის მიმართ გამოტანილ საბრალდებო დასკვნაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.
28. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ქ-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განჩინების, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ი. ქ-ის განმარტებით, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი უფლებები, საფრთხე შეექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან არის ოპოზიციური პარტიის აქტიური მხარდამჭერი; მას ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ, სცემდნენ, მის მიმართ არაერთხელ გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან; მას ემუქრება წამების, დასჯის, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხე. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირებით დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი.
29. სტაჟიორმა პროკურორმა მეგი გურჩიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ი. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ი. ქ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2024 წლის 18 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება გარემოებები, რომ ი. ქ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ი. ქ-ი დაექვემდებარება წამებას, დევნას ან არაადამიანურ მოპყრობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ი. ქ-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება, ექსტრადიციასდაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის არსებობის შესახებ.
6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005, „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
8. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. ქ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ი. ქ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ, ი. ქ-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
10. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ი. ქ-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის; აგრეთვე, ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR). აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თურქეთის რესპუბლიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეა და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია (Koktysh v. Ukraine, no. 43707/07, ECHR, 63). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ი. ქ-ი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიც ცხადყოფს, რომ ი. ქ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვეოდა მისი უფლებები. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ი. ქ-ი ინფორმირებული იყო მის მიმართ მიმდინარე სასამართლო სხდომების თაობაზე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთა ნაწილი გამოტანილ იქნა ი. ქ-ისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით, ამასთან, ი. ქ-ს, ექსტრადიციის ქვემდებარე ყველა განაჩენთან დაკავშირებით, მიცემული აქვს თავდაცვითი ჩვენება. ასევე, დაცვის მხარემ ისარგებლა საქმის ზემდგომ ინსტანციაში განხილვის შესაძლებლობით. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ი. ქ-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
14. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ი. ქ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. ქ-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ქ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, რაც ი. ქ-ს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 31 ივლისს. შესაბამისად, იგი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში. ამრიგად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ი. ქ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები აწარმოებდნენ საქმეს ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ი. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
17. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.
18. ი. ქ-ის მიერ ჩადენილი და მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, შემდეგი მუხლებით:
პროკურორის შუამდგომლობის 33-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
პროკურორის შუამდგომლობის 34-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედებები დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე;
პროკურორის შუამდგომლობის 35-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
პროკურორის შუამდგომლობის 36-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება, სულ მცირე, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე;
პროკურორის შუამდგომლობის 37-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედებები დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 19,379-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევის მცდელობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე;
პროკურორის შუამდგომლობის 38-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია
ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
პროკურორის შუამდგომლობის 39-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
პროკურორის შუამდგომლობის მე-40 პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
პროკურორის შუამდგომლობის 41-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე;
პროკურორის შუამდგომლობის 42-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
პროკურორის შუამდგომლობის 43-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა, ვადით – სამ წლამდე;
პროკურორის შუამდგომლობის 44-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
19. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
20. დანაშაული რომლის ჩადენაშიც ი. ქ-ი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სსკ მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველის ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
21. ი. ქ-ისათვის ბრალად შერაცხილი ქმედება ჩადენილია 2023 წელს, იმავე წელს მის მიმართ გამოიცა საბრალდებო დასკვნა და დაპატიმრების ბრძანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 10- წლიანი ხანდაზმულობის ვადა ი. ქ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის და იგი შეჩერებულია.
22. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ი. ქ-ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სსკ მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში – ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ექსტრადიციას დაქვემდებარებული განაჩენების აღსრულება დაიწყო 2018 წლის 18 აპრილს, 2023 წლის 5 აგვისტოს ი. ქ-ი გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რასთან დაკავშირებითაც 2023 წლის 4 სექტემბერს გამოიცა მისი დაკავების ბრძანება, ამავე წლის 29 დეკემბერს კი გამოიცა ი. ქ-ის დაკავების ბრძანება გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით. შესაბამისად, განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კანონმდებლობით გასული არ არის და შეჩერებულია. ასევე აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადა თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითაც არ გასულა.
23. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.
24. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ი. ქ-ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად. ამასთან, მისი ექსტრადიცია მოითხოვება კანონიერ ძალაში შესული 11 გამამტყუნებელი განაჩენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 22 წლით, 49 თვითა და 975 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც მან, ფაქტობრივად, უნდა მოიხადოს 11 წლამდე საპატიმრო სასჯელი. ასეთ ვითარებაში, ი. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
25. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის 2022 წლის 21 ნოემბრის გებზეს აღმასრულებელი სასამართლოს №2022/4048-2022/4041 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით; თურქეთის რესპუბლიკის ფერიზლის რესპუბლიკური პროკურატურის 2023 წლის 10 აგვისტოს ი. ქ-ის მიმართ გამოტანილ საბრალდებო დასკვნაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ქ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე