Facebook Twitter

ას-1656-1644-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.თერჯოლის მუნიციპალიტეტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თერჯოლის მუნიციპალიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის _ 23 800 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სარჩელი დ. გ-ის მიმართ მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. გ-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზარალის _ 23 800 (ოცდასამი ათას რვაასი) ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაევალა მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 23 800 (ოცდასამი ათას რვაასი) ლარის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება 2011 წლის 15 აგვისტოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა აპელანტ დ. გ-ის დედას, მიუხედავად აღნიშნულისა, მან ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხსენებული ხარვეზის შევსება.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა შემდეგი: ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2011 წლის 15 აგვისტოს, მისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 16 აგვისტოს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2011 წლის 25 აგვისტოს. აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2011 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და ჩათვალა, რომ აპელანტ დ. გ-ის მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად განუხილველად დატოვების წინაპირობა იყო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

დ.გ-ის მითითებით, ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზეა გათავისუფლებული, კერძოდ, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგანაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერი, სადაც დ.გ-ის ოჯახის მოქმედ სარეიტინგო ქულად მითითებულია 55290.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დ.გ-ი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის _ 23 800 ლარის 4%-ის _ 952 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი შპს «ს-ს» მიერ სასამართლოსათვის დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2011 წლის 15 აგვისტოს ჩაბარდა აპელანტის დედას _ მერი გ-ს. აღნიშნული გარემოება არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ.

დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ დ.გ-ს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და მისი ჩაბარებულად მიჩნევის ზოგადი წესი. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეტყობინება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ჩაბარდა ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.

სამოქალაქო საპროვცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო არაა სასამართლო შეტყობინების მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარების ფაქტი და ისიც, რომ აღნიშნული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 16 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 25 აგვისტოს (სამუშაო დღეს), მხარეს ამ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.

რაც შეეხება მოცემული კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ დ. გ-ი სოციალურად დაუცველია და, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საკასაციო პალატა ამ არგუმენტთან მიმართებით განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ მხარე, რომელიც მისი სადავო უფლების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს, ვალდებულია, სარწმუნოდ დაადასტუროს და თავადვე წარადგინოს მისი მოთხოვნის მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ამომწურავადაა რეგლამენტირებული მხარის საპროცესო უფლებები და აღნიშნულია მის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის აუცილებლობის თაობაზე. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

კანონმდებლის მითითებული მითითებანი ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე კანონის საფუძველზეა გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ეს სწორედ მოდავე სუბიექტის მტკიცების ტვირთია, რომელიც ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებით დაადასტუროს სასამართლოს წინაშე ზემოაღნიშნული. სააპელაციო სასამართლო, მსგავსად პირველი ინსტანციისა თუ საკასაციო სასამართლოსი, საჩივრის წარმოებაში მიღებისას, თუ მას არ ერთვის შესაბამისი მტკიცებულება, ვალდებულია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმოს, ხომ არ არის სახეზე მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული ისეთი წინაპირობა, რაც შესაბამისი მტკიცებულების წარდგენას არ მოითხოვს და დავის არსიდან გამომდინარეობს (მაგალითად დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანი, ალიმენტი და სხვა), ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლო არაა უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები და ამ გზით დაადგინოს ესა თუ ის გარემოება.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სააპელაციო პალატისათვის განსახილველად გადაცემული დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არათუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას, არამედ წერილობით შუამდგომლობასაც არ შეიცავს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადავო არაა ის ფაქტიც, რომ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მიუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შედეგებზე, ასევე 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმებით კანონმდებელმა იმ მხარის მიმართ, ვინც დადგენილ ვადაში არ ასრულებს საპროცესო მოქმედებას, დაადგინა ერთგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების შესაძლებლობა, რადგანაც ასეთ დროს სასამართლოს ექმნება ვარაუდი იმისა, რომ მხარემ დავის მიმართ დაკარგა ინტერესი, შესაბამისად, მან მისი უფლების გამოუყენებლობით თავადვე შექმნა იმის რწმენა, რომ დავის გადაწყვეტას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ასეთ პირობებში კი მხარის საჩივრის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვება არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებს: შეჯიბრებითობასა და დისპოზიციურობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს დ.გ-ის კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ, მართალია, მხარე კანონით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა სააპელაციო საჩივარის დასაშვებობის ეტაპზე ამ საკითხზე მიუთითებლობა, ასევე სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში მიუმართაობა სწორედ მისი სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.